მულტიმედია
ახალგაზრდა თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან (ფოტო/აუდიო)
გიორგი ქირია თვითნასწავლი ოსტატია, ის ოჯახთან ერთად სოფელ ურთაში ცხოვრობს. რკინაზე მუშაობა ხუთი წლის წინ დაიწყო და ხელობა დამოუკიდებლად შეისწავლა.

,,თავდაპირველად ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე. გამოვცადე საკუთარი თავი, რამდენად გამომივიდოდა ეს საქმე, თავიდან ცოტა რთული იყო, მასალებს ვერ ვანსხვავებდი ერთმანეთისგან და ზომებშიც ვერ ვერკვეოდი, თან იმაზეც ვფიქრობდი, როგორ გამეცნო ჩემი საქმიანობა ადამიანებისთვის’’, - გვიყვება ახალგაზრდა ოსტატი.

თანდათან გაერკვა საქმეში და რკინის ხარისხიანად დამუშავებაც ისწავლა. დღეს უკვე რკინაზე მუშაობის საკუთარი მეთოდი აქვს. დროის დიდ ნაწილს სახლში მოწყობილ სახელოსნოში ატარებს და საკუთარი ხელით აწყობილ ჩარხზე რკინის ნივთებს, ძირითადად საყვავილეებს, სკამებს, ქოთნების სადგამებს, მინი - ბარებს და მაგიდებს ამზადებს.

,,საქმე რომ გამიადვილდეს, დანადგარები მჭირდება, ყველა ტიპის ნაკეთობაზე რომ ვიმუშაო. ჩემით ავაწყე რაღაცეები, რომ შედარებით გამიადვილდეს გარკვეული სამუშაოების გაკეთება, ძირითადი რაც არის. ერთი საშუალო სკამის მომზადებას, თუ ძალიან გადატვირთული არ არის ფორმებით, ერთი დღე, რთულ ნაკეთობას უფრო მეტი დრო და შრომა სჭირდება’’ , - ამბობს გიორგი.

ოსტატი საქორწილო დარბაზის და ბაღის დეკორაციებსაც ამზადებს. ყვება, რომ, საქმე, რომელიც ძალიან მოსწონს, შრომატევადია, თუმცა ამავე დროს, შემოსავლიანიც. როცა ძალიან ბევრი შეკვეთა აქვს, უმცროსი ძმა ბექა ეხმარება.

,,დამღლელია, მაგრამ, როცა შრომის შედეგს ვხედავ, დაღლა მავიწყდება, მე არ მინდა, რომ ეკონომიურად გამოვიდე, ჩემთვის მთავარია, რასაც ვაკეთებ, ხარისხიანი იყოს და დამკვეთს მოეწონოს. ვამზადებ ხარისხიან და სუფთა ნაკეთობებს, ეს ჩემი საქმიანობის წარმატებაა და მომიყვანა აქამდე’’, - გვითხრა მან.

მის მიერ დამზადებული ნაკეთობების ფასი 35 ლარიდან იწყება, ხოლო მაქსიმალური ზღვარი სამუშაოს სირთულესა და დამკვეთის მოთხოვნაზეა დამოკიდებული.

გიორგის თქმით, უამრავი შეკვეთა აქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, თუმცა, განსაკუთრებულ ინტერესს მისი ნამუშევრების მიმართ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები იჩენენ.

‘’ქართველები, რომლებიც ცხოვრებენ საზღვარგარეთ, ძალიან ბევრს მოუცია შეკვეთა კონკრეტული ნაკეთობების, მიკვეთავენ ისინი, მე აქ ვამზადებ და ვაგზავნი კონკრეტულ მისამართზე , ძირითადად დიდი მოთხოვნაა მაგიდებზე და სკამებზე’’, - ყვება ის.

ხელოვანი საჭირო ხელსაწყოების შეძენას და ძველის განახლებას ფიქრობს, რადგან ნაკლებ დროში, უფრო მეტი შეკვეთის დამზადება მოასწროს. სამომავლოდ სახელოსნოს გაფართოებას და რამდენიმე ადამიანის დასაქმებასაც გეგმავს.


Print