მულტიმედია
"ვილა კოლხიდა"- საოჯახო სასტუმრო მამა-პაპისეულ ეზოში (ვიდეო/ფოტო)
ზუგდიდელმა ლაშა ყორშიამ ქალაქიდან 6 კილომეტრში, სოფელ კოლხიდაში მამა-პაპისეულ სახლ-კარში საოჯახო სასტუმრო მოაწყო. სახელზე ბევრი არ უფიქრია და მას „ვილა კოლხიდა“ დაარქვა.
ძველი სახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა. ამბობს, რომ პირველი სტუმრები მარტის თვეში ჩეხეთიდან, რუსეთიდან და ლიეტუვადან მიიღო. წელს, პანდემიის პირობებში უცხოელ სტუმრებს ნაკლებად ელის და აქცენტს შიდა ტურიზმზე აკეთებს.

რაც დამსვენებლებს „ვილა კოლხიდაში“ უხვად დახვდებათ სიმწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. აქ შესაძლებელია გამოსაშვები საღამოებისა და დაბადების დღეების გადახდა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება ან უბრალოდ განმარტოება.

„წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ მშენებლობა. ცოტა დაგვრჩა, ერთ კვირაში ჩვენ უკვე მზად ვიქნებით სტუმრების მისაღებად. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ვიწყებთ სტუმრების მიღებას. გვექნება სადეზინფექციო ხსნარები და ყველა საჭირო აღჭურვილობა“, - ამბობს საოჯახო სასტუმროს მფლობელი.
ლაშას მშენებლობა ჯერ არ დაუსრულებია. უამრავი იდეა აქვს, თუმცა მათ განხორციელებას ამ ეტაპზე უსახსრობის გამო ვერ ახერხებს.


საჭირო თანხის მოძიების შემდეგ პირველი, რასაც გააკეთებს „კოლხიდის პირამიდების“ მშენებლობას დაასრულებს. ეს იქნება ტურისტული ბანაკი, რომელიც უცხოელ სტუმრებზე იქნება გათვლილი. აქვე საკემპინგე ზონის მოწყობასაც გეგმავს.
"სტუმრებს შეუძლიათ შეგვიკვეთონ მზა საკვები ან მოიტანონ პროდუქტები და აქვე, თავად დაამზადონ ნებისმიერი კერძი“, - გვიყვება ის და დასძენს, რომ აქ ამისთვის ყველა პირობა არსებობს.
ლაშა ამბობს, რომ ამჟამად ერთდროულად 20 კაცამდე მიღების საშუალება აქვს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ფიქრობს, რომ „ვილა კოლხიდა“ 60-ზე მეტი ტურისტის გამასპინძლების შეძლებს.
Print