მულტიმედია
როგორ ისვენებენ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ყოველდღიური სტუმრები (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ზუგდიდელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სივრცეა, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები იკრიბებიან, ვარჯიშობენ, სეირნობენ, კითხულობენ, ისვენებენ და ერთმანეთს ლექსებსაც კი უკითხავენ.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რამდენად ხშირად და რისთვის მოდიან ისინი ბოტანიკურ ბაღში. პენსიონერი გიორგი შენგელია ბოტანიკურ ბაღში ყოველ დღე, დილით ადრე ან საღამოს საათებში მოდის, მისთვის ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.


"აქ ჩემი საყვარელი ხეებია, განსაკუთრებით, ცაცხვები, რცხილები, მუხები და ამ ხეებთან ვმშვიდდები, გაჭირვებისაგან და პრობლემებისგან ვთავისუფლდები და გამდიდრებული მივდივარ სახლში’’,- ამბობს ის და ლექსის ერთ სტროფსაც გვიკითხავს.
ზუგდიდელი ვოვა გულუა ბოტანიკურ ბაღს აფარებს თავს, ქალაქის ხმაურს და სიცხეს რომ გაერიდოს.

"საპენსიო ასაკში ვართ და გვიხარია, აქ რომ ვართ, ხშირად მოვდივართ საღამოობით. ჩემთვის სასიამოვნო ადგილია", - გვითხრა მან.

ბოტანიკური ბაღის ყოველდღიურ სტუმრებს შორის არიან ყურსასმენიანი, მორბენალი გოგო - ბიჭები.
"არც მბეზრდება აქ მოსვლა, ძალიან კარგი გარემოა, სავარჯიშოდაც გამოვდივართ ხოლმე მეგობრები. როცა შეკრება გვინდა, აქ მოვდივართ, ბოტანიკურში", - აღნიშნა გიორგი წურწუმიამ.

"საღამოს საათებში შემოვდივართ უფრო ბოტანიკურ ბაღში, იმიტომ რომ ერთგვარი განტვირთვაა, სუფთა ჰაერია, ვისვენებთ, ზუგდიდში განებივრებული არ ვართ სხვა რაღაცეებით, ასე ვთქვათ", - გვიყვება ანი გეთია.
უკვე 6 წელია თეა ლოგუა ბოტანიკურ ბაღში ვარჯიშობს და როგორც ამბობს, ასე ინარჩუნებს ჯანმრთელობას.

"ყოველდღე სავარჯიშოდ შემოვდივარ ბოტანიკურ ბაღში, შვიდიდან ცხრა საათამდე აქ ვარ, 6 კილომეტრს დავდივარ, ჩემთან ერთადაც ვარჯიშობენ გოგოები და ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს", - ამბობს შუა ხნის ქალი.

ბაღში მეგობრებთან შეხვედრა და გასეირნება, სახლთან სიახლოვის გამო, მოსახერხებელია ირაკლი თაკალანძესთვის.

"ძალიან დიდ დროს ვატარებ ბოტანიკურ ბაღში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქალაქში ბევრი გასართობი ადგილი არ არის, შესაბამისად, გვიწევს დავჯერდეთ იმას, რაც გაგვაჩნია, თითქმის ყოველ საღამოს აქ ვარ, რადგანაც ჩემს სახლთან ახლოს არის და მეგობრებთან ერთად ვცდილობ კარგი დრო გავატარო", - გვიყვება ირაკლი.
ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღს ყოველ დღე 2000 - მდე ადამიანი სტუმრობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ვიზიტორებს ბოტანიკურ ბაღში შესვლა, 2020 წლის ბოლომდე, ყოველ დღე, დილის 6 საათიდან 11 საათამდე, უფასოდ შეუძლიათ.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად 2019 წლის იანვარში გაიხსნა. ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ჯავა" ახორციელებდა, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.









Print