მულტიმედია
ნიკოლოზ შამათავა - დიდოსტატობაზე მეოცნებე 12 წლის ზუგდიდელი მოჭადრაკე (ფოტო/ვიდეო)
ჭაბუკთა შორის საქართველოს სამგზის ჩემპიონმა ნიკოლოზ შამათავამ ჭადრაკის თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო. მას შემდეგ იცის რომ, ამ სპორტის სახეობას ფიქრი, მოთმინება, ბრძოლისუნარიანობა და ნიჭი სჭირდება.
12 წლამდე ჭაბუკთა შორის 9 შესაძლებლობიდან 6 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

არ აშინებს სირთულეები და ცდილობს პარტიები მასზე ბევრად უფროს პარტნიორებთან ითამაშოს. ჭადრაკის დიდოსტატებს შორის თავისი ფავორიტები ჰყავს, რომელთა თამაშის სტილიც აღაფრთოვანებს.

"ეს ადამიანები არიან - მაგნუს კარლსენი, გარი კასპაროვი, ანატოლი კარპოვი, მათ პარტიებსაც ვარჩევდით დებიუტების მიხედვით. ძალიან მომწონს მათი თამაშის სტილი, ხასიათი. კასპაროვი არის ძალიან შემტევი მოჭადრაკე, ძალიან ძლიერი. მომწონს მათი მრისხანება თამაშის პროცესში, ჩემთვის მისაბაძი მოჭადრაკე მაგნუს კარლსინია, რადგანაც ძალიან შრომის მოყვარეა და დროის დიდ ნაწილს ჭადრაკს უთმობს", - გვიყვება ზუგდიდელი მოჭადრაკე.
ნიკოლოზ შამათავა ზუგდიდის საჭადრაკო სკოლა "ნონას" მოსწავლეა, ჭადრაკი საბოლოოდ, სწორედ მისმა მწვრთნელმა, მადონა ბოკუჩავამ შეაყვარა."ყველაზე დიდ დროს მითმობს მადონა ბოკუჩავა, ჩემი თითოეული თასი, დიპლომი, სერთიფიკატი მისი დამსახურებაა. რაც ვიცი ყველაფერი მან მასწავლა, მაგალითად ყოველთვის უნდა იფიქრო მეტოქის სვლაზე და არ უნდა მოდუნდე არასდროს, რაც არ უნდა მოგებული პოზიცია გქონდეს, უნდა იყო ორიენტირებული შენს დაფაზე და არა სხვაზე. მაგალითად თუ შენ მოწინააღმდეგეზე ხარ დამოკიდებული, ჯერ უნდა მიხედო შენს პარტიას და მერე სხვას, რომელსაც ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი არ აკეთებს, ვარჩევ ბევრ პარტიას, რადგან მაინტერესებს რაღაც ახალი. რაც უფრო ახალია პარტია, მით უფრო ახალი იდეებია. დიდოსტატების პარტია ისეთი მაღალი დონის არის, ერთ პარტიაში შეიძლება ექვსი სხვადასხვა იდეა იყოს მინიმუმ", - ამბობს ნიკოლოზი.
გვითხრა, რომ ჭადრაკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. დღის უდიდეს ნაწილს ის საჭადრაკო დაფასთან ატარებს, ხსნი ამოცანებს, არჩევს დებიუტებს, მასწავლებელთან 6 საათს მეცადინეობს, დამოუკიდებლად მუშაობას კი 3- 4 საათს ანდომებს.
ნიკოლოზ შამათავა მრავალი პრიზის მფლობელია, ის საქართველოს სამგზის ჩემპიონია 9,11 და 13 წლამდე ჭაბუკთა შორის (2017-2018-2020 წწ), მისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ღია ტურნირზე პოლონეთში მოპოვებული ჯილდოა.
"ჩემთვის ყველაზე საყვარელი თასი არის პოლონეთში მოგებული, ღია ტურნირი იყო, ნებისმიერი ასაკის ადამიანი თამაშობდა, ჩემი ტოლი არავინ არ მონაწილეობდა ტურნირზე, მხოლოდ 18 წლის იყო ერთი მოჭადრაკე, დანარჩენი კი ასაკით უფროსები იყვნენ, 20-25 და 60 წლის მონაწილეები. მაგალითად იყო ერთი, რომელთანაც ბოლო ტურში ყაიმი გავაკეთე და მოვიგე თასი", - სიამაყით გვიყვება მოზარდი მოჭადრაკე.

2018 წლის საქართველოს ჩემპიონმა 11 წლამდე ჭაბუკთა შორის დასკვნითი მეცხრე ტური ფრედ დაასრულა პოლონელ ფიდეს ოსტატთან კოზიჩ მაცეისთან 6,5 ქულით და მესამე ადგილი დაიკავა.

2020 წელს კი საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა 13 წლამდე ჭაბუკთა შორის, მან ჩემპიონის ტიტულთან ერთად ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც ახლო მომავალში საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე გაიმართება.

გეგმავს, რომ თავისი ცხოვრება ჭადრაკს დაუკავშიროს და მომავალში დიდოსტატი და ცნობილი მოჭადრაკე გახდეს.
ნიკოლოზ შამათავა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში

მისი თქმით, დასანანია, რომ წელს ზუგდიდში ჭადრაკის საერთაშორისო დღეს პანდემიის გამო არ აღინიშნება.

ჭადრაკის საერთაშორისო დღე 20 ივლისი პირველად 1924 წელს პარიზში აღნიშნეს, როდესაც მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაცია (FIDE) ოფიციალურად დაარსდა.



Print