მულტიმედია
ბრაკონიერებთან მებრძოლი ქალი რეინჯერი სამეგრელოდან (ფოტო/ვიდეო)
32 წლის ეკა ბაჩილავა 5 წელია მარტვილის დაცული ტერიტორიის რეინჯერია. ამ გადაწყვეტილებამდე ბუნების სიყვარულმა მიიყვანა. მანამდე, ის მარტვილის კანონში მენავედ მუშაობდა. უყვარს თავისი საქმე, სირთულეები არ აშინებს და ამაყობს რომ რეინჯერია.

,,სირთულეები ჩემთვის არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს და კმაყოფილი ვარ აქაურობით. მიყვარს ბუნება, ცხოველები, ადამიანებთან ურთიერთობა, სადაც სამსახურს იწყებ, შენი უნდა იყოს და ყველაფერს დაძლევ’’, - გვითხრა ეკამ.

ეკა ბაჩილავა მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურში ცხოვრობს. სკოლა მარტვილში დაამთავრა, უნივერსიტეტი კი ქუთაისში. პროფესიით დაწყებითების პედაგოგია, თუმცა მისი თქმით ამ მიმართულებით არასოდეს უმუშავია. უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ, რეინჯერობამდე, ეკა სამი წელი მარტვილის კანიონში მენავედ მუშაობდა.

,,გამიჩნდა სურვილი უნივერსიტეტი რომ დავამთავრე გავმხდარიყავი მენავე. ჩემი კერძო ნავი მყავდა აქ და ვემსახურებოდი მოსახელობას, ტურისტებს რომლებიც მოდიოდნენ. ნავები იმდენად დაცული არ იყო ადრე და იყო შემთხვევა, რომ გადმოგვბრუნებია ნავი რამდენჯერმე, მაგრამ დახრჩობის მომენტი არ გვქონია’’, - იხსენებს რეინჯერი.
ეკა პატრულირებას 10 საათზე იწყებს, ყოველდღიურად ფეხით დაახლოებით სამ- ოთხ კილომეტრს გადის. ის თავის კოლეგებთან ერთად უფრთხილდება და იცავს მარტვილის დაცულ ტერიტორიას.

,,თითოეული რეინჯერი ვიცავთ ჩვენს ადგილს და ტურისტების უსაფრთხოებას. ამ კორონადან გამომდინარე ტურისტები მოგვაკლდა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა ძალიან ბევრი ტურისტი გვყავდა და ტურისტებს ვამხნევებთ, სურათებს ვუღებთ’’, - გვიყვება ეკა.

გარდა მარტვილის დაცული ტერიტორიისა ახალგაზრდა რეინჯერი, თანამშრომლებთან ერთად, ბალდის კანიონს, კაღუს ჩანჩქერს და ონიორეს ჩანჩქერს იცავს.

ქალი რეინჯერი, ბრაკონიერებთან მებრძოლი ეკა ბაჩილავა - ასე ახასიათებენ მას კოლეგები.

,,მარტვილის კანიონში, რომ ბევრი თევზია დღესდღეობით ეს ჩვენი - რეინჯერების დამსახურებაა და ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარია ეკა. როდესაც ვხედავთ, ბრაკონიერი თევზაობს, ოპერატიულად გავდივართ, ხშირად ვაკავებთ მათ და ვადგენთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს“, - ამბობს ვახტანგ ხელაია და დასძენს, რომ ამ სფეროში მეტი ქალი უნდა იყოს.
ეკა ამბობს, რომ მის არჩევანს გარშემომყოფები თავდაპირველად სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა დღეს უკვე ბევრ გოგოს სურს რეინჯერობა.

,,ყველას ვეუბნები, რომ რეინჯერობა ძალიან მაგარია და ბუნება, ცხოველები, ფრინველები უნდა უყვარდეთ. ახალგაზრდები ექსკურსიაზე, რომ მოდიან რეინჯერის საქმიანობაზე ვუყვები. სადაც კი მივდივარ ან გავივლი მკითხავენ ჩემი ფორმის შესახებ, ყველას ვეუბნები, რომ ძალიან მაგარ სამსახურში ვმუშაობთქო. ზოგმა იცის რეინჯერი რას ნიშნავს, ზოგმა არა... უკვე ბევრი გოგო ინტერესდება ამ საქმით და ხშირად მეკითხებიან ვაკანსიები არის თუ არა ჩვენთან“, -გვითხრა ეკამ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში სულ 400 რეინჯერი მუშაობს, მათგან ქალი მხოლოდ ხუთია: ბელა ნამგალაძე - სათაფლიას ნაკრძალი, სალომე იდოიძე - თუშეთის ეროვნულ პარკი, თეკლა ხიბლაშვილი – ფშავ-ხევსურეთი, ლუსინე დოსტიბეგიანი - ალგეთის ეროვნულ პარკი და ჩვენი რესპოდენტი.

ეკას იმედი აქვს, რომ მომავალში ბუნებას უფრო მეტი ქალი დაიცავს და გაუფრთხილდება.




Print