მულტიმედია
ზუგდიდელი მედეა ნაჭყებიას მაწვნის მომზადების ტრადიცია (ფოტო/ვიდეო)
მედეა ნაჭყებიამ მაწვნის შედედება 15 წლის წინ დაიწყო. იცის რომ სახლში დამზადებულ პროდუქტს ბევრი უპირატესობა აქვს და მას ყოველთვის ნატურალური რძით, ყოველგვარი მინარევების გარეშე ამზადებს.

მაწონს დილას ან საღამოს თიხის, მინის და პლასტმასის ქილებში ადედებს, თუმცა აღნიშნავს რომ ქოთანში ჩადედებულ მაწონს გამორჩეული გემო აქვს.

ქალაქში ცხოვრობს, ამბობს რომ საკუთარ სახშლი პატარა სოფელი აქვს მოწყობილი. მოშინაურებული ყავს ქათმები, ძროხები და კურდღელი. ეს მისთვის შემოსავლის წყაროცაა და საყვარელი საქმეც.

,,ცხოველები ძალიან მიყვარს, ამათი როგორც პატარა ბავშვს ისე ვეფერები. მყავს ხუთი მეწველი ძროხა, თვისი ნამატით. ხუთი ძროხა მაძლევს 40 ლიტრ რძეს. ქალაქში ვცხოვრობთ და ძროხების გადევნას ადრე დილით ვიწყებთ, სოფელ ონარიაშია საძოვრები. როცა საჭიროება მოითხოვს ნამატს ვყიდი და ესეც შემოსავლის წყაროა. სახლში ფაქტობრივად პატარა სოფელი მაქვს მოწყობილი, - ამბობს ჩვენი მასპინძელი და ეღიმება.

საოჯახო საქმეებში ოჯახის წევრებიც ეხმარებიან, გარდა მაწვნისა, ამზადებს ყველს და ნადუღსაც. მისი შედედებული მაწონი კი სამეზობლოში ძალიან ცნობილია.

,,მყავს მეზობლები, ისეთები, რომ ყოველდღიურად ვაძლევ მაწონს საჩუქრად - დიაბეტიანებს, სისტემატიურად რომ სჭირდებათ. ახლობლებიც მყავს ისეთები, რომ საჩუქრად მიმიტანია, მიმიცია მაწონიც, რძეც, ყველიც, ნადუღიც’’, - გვითხა მან.

გვეუბნება, რომ მაწვნის მისაღებად მხოლოდ რძე და ,,მაწვნის დედაა’’ საჭირო და მისეული მომზადების მეთოდი გაგვიზიარა.

ინგრედიენტები

მაწონი - 1 ს.კ
რძე - 500 მლ

მომზადება


აადუღეთ რძე, შეაგრილეთ იმდენად, რომ თითს არ სწვავდეს, ჩაასხით ქილაში.

გახსენით 1 ს.კ რძეში, 1 ჩ.კ მაწონში და ჩაასხით ქილაში, კოვზით მოურიეთ,

დაახურეთ თავზე და თბილად შეახვიეთ. დადგით თბილ ადგილზე, რამდენიმე საათს.

როცა მაწონი შედედდება, გახსენით და გრილ ადგილზე ან მაცივარში გადიტანეთ.

ინფორმაციისთვის, „ქართული მაწვნის მომზადების და მოხმარების ტრადიციას“, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


Print