მულტიმედია
გიგი სიჭინავას მზადება პერსონალური გამოფენისთვის (ვიდეო/ფოტო)
,,ეს ნატურმორტი ორი თვის წინ დავხატე, ეს პეიზაჟია და დღეს დავასრულე, გვირილები დავხატე აგვისტოში’’, - გვათვალიერებინებს აუტისტური სპექტრის მქონე მხატვარი ბოლო ნამუშევრებს. ხატავს ფანქრით, პასტელით, გუაშით. მისი ახალი ნამუშევრების უმეტესობა ნატურმორტია, პეიზაჟებში ყვავილები ჭარბობს. ფანქრით აქვს შესრულებული ფრინველების და ცხოველების 150 -მდე ნამუშევარი.

„ეს თოვლის თეთრი კატაა, ეს ნათელი ყავისფერი კატა, ეს შავი კატა, ნაცრის ფერი კატა, ეს ბიზონი, ეს კამეჩი...“, - გვიჩვენებს გიგი და აგრძელებს ცხოველების ჩამოთვლას, რომელიც ინგლისური ენის შესასწავლად დახატა.

მოზარდი ახალი გამოფენისთვის ემზადება და საკუთარ სახელოსნოში მთელი დატვირთვით  მუშაობს. აქ, ნახატების გარდა, ნახავთ მის მიერ შექმნილ ე.წ. აპლიკაციებს, სხვადასხვა ტიპის ნაძერწ სატრანსპორტო საშუალებებს და ასევე მისი ფერწერული ნახატებისგან შექმნილ ფაზლებს.

„დილით ვიღვიძებ 6 საათზე, 7 საათზე, 8 საათზე და 9 საათზე. მოვდივარ სახელოსნოში და მუშაობას ვიწყებ“, - ამბობს ახალგაზრდა მხატვარი.


რამდენიმე დღის წინ ქართული ფილმი ,,დათა თუთაშხია’’ ნახა, როგორც თვითონ გვითხრა ფილმის გმირი მოეწონა და მისი პორტრეტის შექმნა გადაწყვიტა.

მხატვარის დედა ნათია სახოკია კი გვიყვება რომ, გიგი ძალიან მიზანდასახული და შრომისმოყვარეა.

,,მან იცის რა უნდა აკეთოს დღის მანძილზე, დილით ადრე დგება და სახელოსნოში მუშაობს, ბოლო დროს, მის ნახატებში წითელი ყვავილები ჭარბობს, გიგის უყვარს სიფერადე, ფერები, და ამ ფერებს რეალურად ძალიან კარგად იყენებს ნატურებში“, - ამბობს ნათია სახოკია.

გიგი სიჭინავა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება და თავისი შემოქმედებით ეხმიანება. ბოლოს, ახალი კორონავირუსის თემაზე ცნობილი ქართველი ეპიდემიოლოგები დახატა. გაურკვეველ ვთარებაში გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის პორტრეტი კი ცოტა ხნის წინ შექმნა.

სამომავლოდ, მხატვარი ქართული წარმოების ილუსტრირებული ლექსიკონის გამოცემას გეგმავს, რაც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, როგორც დამხმარე საშუალება ინგლისური ენის შესასწავლად.

მანამდე, გიგი მორიგი გამოფენისთვის ემზადება, მხატვრის დედა კი საზოგადოებასთან შესახვედრად, რათა სტუმრებს აუტისტური სპექტრის მოქნე ადამიანებზე კიდევ ერთხელ მოუყვეს. 

„ამ საღამოზე მინდა აუტიზმის თემა ინფორმაციული კუთხით წამოვწიო წინ. გიგიმ იცის ეს ყველაფერი და მე თამამად ვსაუბრობ ამ თემაზე რა თქმა უნდა მისი თანხმობით’’, - აღნიშნა ნათიამ.

გიგი სიჭინავა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდია. გიგის 300-მდე პორტრეტი, 100-ზე მეტი ფერწერული ნახატი და უამრავი ნაძერწი ნივთი აქვს შექმნილი. ახალგაზრდა მხატვარს უკვე ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა.

Print