ახალი ამბები
ზუგდიდში მიუსაფარ ძაღლსა და მის ლეკვებს სახლი დაუდგეს (ფოტო)
ზუგდიდელ ბათას, რომელმაც გასულ კვირაში ლეკვები გააჩინა, ცხოველთა მოყვარულმა ზაქარია დოლიძემ სახლი თბილისიდან გამოუგზავნა. "კეთილი მანქანის" იდეის ავტორმა უპატრონო ძაღლსა და მის შვილებზე "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" წევრისგან, მარიამ შეყილაძისგან შეიტყო. თავის მხრივ, მარიამმა "ათინათის" მიერ გამოქვეყნებული მასალა სოციალურ ქსელში ნახა. როგორც ის ამბობს, ბათას მანამდეც იცნობდა, როდესაც პანდემიის დროს მასთან საკვები მოხალისეობრივად დაჰქონდა.

"კარანტინის პერიოდში ვიმყოფებოდი ზუგდიდში. "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" დახმარებით და მათი მოწოდებული საკვებით, მედიკამენტებით, ასობით ცხოველი გადავარჩინეთ შიმშილს და ტანჯვას. როგორც ადამიანებისთვის, ისე მიუსაფარი ცხოველებისთვისაც არანაკლებ მძიმე პერიოდი იყო, ყველა შესაძლო საკვები ობიექტის დახურვის ფონზე, მათ ნულოვანი შანსი გააჩნდათ საჭმლის მოპოვების და მხოლოდ გულისხმიერი ადამიანების იმედად იყვნენ დარჩენილები. სწორედ ამ პერიოდში დავუახლოვდი ბათას და მისი ლეკვების წინა თაობას. ახლა მის შესახებ ინფორმაციას თქვენს ვებგვერდზე გადავაწყდი, რომ სახლის ასაშენებლად აგროვებდნენ თანხას. ძალიან გამახარა ამ ფაქტმა და გამიჩნდა სურვილი სახლი სხვა გზით მომეძიებინა და ეს თანხა მის სხვა საჭიროებებს, მაგალითად სტერილიზაციას მოხმარებოდა. ეს მის ტანჯვას და ქუჩაში ამდენი ლეკვის გაჩენას შეამსუბუქებდა. დავუკავშირდი ზაქარია დოლიძეს, რომელმაც მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად წამოიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც სახლებით უზრუნველყოფს მათ. ვკითხე თუ შეეძლო ერთი სახლი გამოეყო, რომლის ზუგდიდში გაგზავნას მე უზრუნველვყოფდი. მალევე მივიღე მისგან პასუხი, რომ ბათას და ლეკვებს სახლი აუცილებლად ექნებოდათ", - გვითხრა მან.

მარიამი ამბობს, რომ ზუგდიდი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც უპატრონო ცხოველებს განსაკუთრებით მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. აქტივისტი თვლის, რომ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვაც, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვნად შეცვლიდა ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

"ზუგდიდის ქუჩებში სიარულიც კი მიჭირს, ყოველ ნაბიჯზე უმწეო ცხოველის ნახვა ემოციურად ძალიან რთულია. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სასიამოვნო ცვლილებებიც შეინიშნება და იზრდება ცხოველთა მოყვარული ადამიანების რაოდენობაც. მახარებს ის ფაქტი, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს ურჩევნია იზრუნოს და არ დაჩაგროს. ბათას და ლეკვებს უსაფრთხოდ ცხოვრებას ვუსურვებ ახალ სახლში და მზრუნველ პატრონებთან დაბინავებას. ვიმედოვნებ რამდენიმე წელიწადში სხვა სურათი გვექნება ქვეყანაში და ამ უდიდეს კომპლექსურ პრობლემას, რომელსაც მხოლოდ ერთი მოგვარების გზა არ გააჩნია და დიდი ძალისხმევით გადაჭრას საჭიროებს, აუცილებლად მივიყვანეთ საჭირო კონდიციამდე", - ამბობს ცხოველთა მოყვარული.

რადიო "ათინათმა" ზუგდიდელი ძაღლისა და მისი ახალშობილი ლეკვების შესახებ მასალა 18 სექტემბერს გამოაქვეყნა, რომელშიც დახმარების მსურველთათვის ანგარიშის ნომერია მითითებული. ასოციაცია "ათინათის" თანამშრომლის სალომე ჟვანიას ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ანგარიშზე 200 ლარამდე თანხაა შეგროვებული.

"ეს პატარა ონლაინ კამპანია "სახლი ბათასთვის" სულ რამდენიმე დღეა რაც დავიწყეთ, გავავრცელეთ მიუსაფარ ცხოველთა მხარდაჭერის სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფებსა თუ გვერდებზე, სადაც ერთ-ერთი წევრმა მარიამ შეყილაძემ გაიზიარა ჩვენი ინფორმაცია და ზაქარია დოლიძის მიერ აშენებული სახლი გამოუგზავნა ბათას თბილისიდან. სახლის ყიდვა აღარ მოგვიწევს, მაგრამ ამ თანხას ძაღლის სტერილიზაციას, ან ლეკვებისთვის საკვების ყიდვას მოვახმართ", - გვითხრა სალომე ჟვანიამ.

მისივე ინფორმაციით, სხვა ზუგდიდელ ცხოველთა მოყვარულებთან ერთად მსგავსი აქციების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავენ.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდელ "ბათას" და მის 9 ლეკვს სახლი სჭირდება (ფოტო)
Print