მულტიმედია
კორონაპანდემია და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მუსიკოსი სამეგრელოდან (ფოტო/ვიდეო)
ბენდ LADYBIRD-ის ვოკალისტი ზოე ცქვიტაია ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, რომელიც კორონაპანდემიის გამო საკუთარ საქმიანობას ჩამოშორდა და შემოსავლის წყაროც დაკარგა. ზოე სამეგრელოდანაა და სწავლის პარალელურად თბილისის კაფე-ბარებში, რესტორნებსა და კლუბებში ბენდთან ერთად მღეროდა. პანდემიამ კი გეგმები ჩაუშალა და იძულებული გახდა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულიყო. თუმცა ახალგაზრდა მომღერალი ოპტიმიზს არ კარგავს და ამბობს, რომ ახალი ვირუსის გავრცელების გამო შექმნილ ახალ რეალობაში დადებითი მხარეების დანახვა შესაძლებელია.

,,ამ ვირუსმა დაშალა ყველაფერი, რაც ამდენი წელი ვაშენეთ, ხუთი წლის განმავლობაში ერთად ვიყავით მე და ჩემი ბენდი „ლეიდიბერდი’’და ვქმნიდით იმას, რასაც საბოლოო ჯამში ბენდი ეწოდა. ეგ იყო ჩვენი შემოსავლის წყარო, მაგაზე ვიყავით დამოკიდებულები და საკმაოდ კარგი შემოსავალი გვქონდა. სამსახური დავკარგე, ჩავიკეტე სახლში, მაქსიმალურად ინტროვერტი გავხდი, უბრალოდ ერთი კარგი დადებითი ის ქონია ამ ვირუსს, რომ ოჯახთან ერთად ვატარებ დიდი ხანია დროს’’, - გვიყვება ბენდ LADYBIRD - ის ერთ - ერთი ვოკალისტი ზოე ცქვიტაია.

,,ლეიდიბირდი’’, რომელიც ექვსი წევრისგან შედგება (დიმიტრი ბერძენიშვილი - კლავიში, დავით ჩხიკვიშვილი-გიტარა, ირაკლი ზიბზიბაძე-ბას გიტარა, ვაჟა ბექაური-დრამი, თინანო მეგრელიძე-ვოკალი, ზოე ცქვიტაია -ვოკალი) ხუთი წელია უამრავი ადამიანის საყვარელი ბენდია. მათი რეპერტუარი მოიცავს მუსიკალური ლეგენდების საინტერესო ქავერებს.

პანდემიამდე ბენდი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობდა და მართავდა ლაივ კონცერტებს, ხშირად კი თავიანთ საყვარელ მსენელეს დედაქალაქის ერთ - ერთ ელიტურ „ჰარდ როკ კაფეში“ ხვდებოდა. პირველად, გაზაფხულზე გამოცხადებული შეზღუდვების დროს უმუშევარი დარჩა და შეიცვალა მისი ცხოვრების რიტმიც.

,,თბილისში როდესაც ხარ ბინის ქიარას, გადასახადებს იხდი, იქ ცხოვრობ, დაკავებული ხარ, ბევრი რამის კეთება გიწევს, ეს ყველაფერი რომ წამერთვა, რაზე დავრჩენილიყავი, სახლში ხომ არ ვიჯდებოდი, წამოვედი აქით მშობლებთან, ოჯახი რომ არ მყოლოდა და ესენი არ ყოფილიყვნენ არ ვიცი მართლა რა იქნებოდა’’, - უყვება რადიო ,,ათინათს’’ მომღერალი.

როგორც ამბობს ბოლოს, დიდ სცენაზე სექტემბერში იმღერა, მას შემდეგ, როგორც ყველა მომღერალი, დღემდე სახლშია.

,,სიმღერას გადავეჩვიე, სახლში სიმღერა თითქოს არაფერი არ არის... გართობის მხრივ რაღაცას თუ ჩავწერ და ინტერნეტში გამოვაქვეყნებ, თუმცა ხშირად არა, მაქსიმუმ კვირაში ერთხელ შეიძლება ვიმღერო'', - გვითხრა ზოემ.

მუსიკოსი გვიყვება, რომ მთავრობის მიერ უმუშევრობისთვის გამოყოფილ დახმარებას ვერ მიიღებს, რადგანაც ჰონორარი საბანკო ანგარიშზე არ ერიცხებოდა.

,,ძირითადად ხელზე ვიღებდი ჰონორარს და ზოგჯერ პირადი გადარიცხვით მირიცხავდნენ, ხელშეკრულებები უნდა წარმედგინა, რაც არ მქონდა, პანდემიამდე რომ ვმუშაობდი მაგის გაგება ნამდვილად მარტივია, თუმცა .... რას იზამ’’,
- თქვა მან.

ზოე ამბობს, რომ ბენდის სხვადასხვა პროფესიის მქონე წევრებიდან, ნაწილმა დასაქმება მოახერხა, მეორე ნაწილმა კი სამსახური დღემდე ვერ იშოვა.

,,ჯოჯოხეთური შრომა დასჭირდება ისევ საზოგადოებაში გასვლას, მინდა რომ საავტორო მუსიკა გავაკეთო ჯგუფთან ერთად, რამდენად დამთანხმდებიან არ ვიცი, ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია, მათთვისაც ისევე მნიშვნელოვანია მუსიკა, როგორც ჩემთვის’’,
- გვითხრა მან.

მომღერალი პროფესიის შეცვალზე არ ფიქრობს, თუმცა იზოლაციის დროს მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას კორონავირუსის შემდგომი პერიოდისთვის გამოიყენებს.

Print