მულტიმედია
ზუგდიდელი მოზარდების ჩიჩილაკი - რისთვის აგროვებენ ძმები თანხას (ფოტო/ვიდეო)
16 წლის ზუგდიდელი თორნიკე ნაჭყებია, უმცროს ძმასთან ერთად, უკვე მეორე წელია ჩიჩილაკს გასაყიდად ამზადებს. მოზარდი ამბობს, რომ გამომუშავებული ფულით სურს მშობლებს ახლად აშენებული სახლის მოწყობაში დაეხმაროს. მათ სახლი შარშან, ზუსტად ამ დროს, ზამთრის პერიოდში დაეწვათ. 

სოციალურ ქსელში საინიციატივო ჯგუფის "სიკეთის ქალაქი" და ხალხის დახმარებით ახალი მალევე ააშენეს. ახლა კი ერთი ოთახის მოწყობაზე უნდა იზრუნონ, რათა ამ ზამთარსაც სიცივეში არ მოუწიოთ ყოფნა. მოზარდები მშობლებთან ერთად სოფელ ჭკადუაშში ცხოვრობენ.

"ერთი ოთახი უნდა გავარემონტოთ. სახლი გადახურულია და ღია ცისქვეშ არ ვართ, თუმცა არც იატაკი აქვს და კედლებიც მიუწესრიგებელია. მე და ჩემმა ძმამ, გიგამ შარშანაც გავაკეთეთ ჩიჩილაკები, მაგრამ თითქმის ყველა დაგვეწვა სახლთან ერთად. ახლა დღეში 5-7 ცალს ვამზადებთ. მათი ფასი ზომების მიხედვით, 1 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ადის", - ამბობს თორნიკე.

მოზარდების საქმიანობის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში ორგანიზაცია "საუნჯეს" ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ გამოაქვეყნა. "ჩვენი თანადგომა და გამხნევება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება", - წერს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ფეისბუქზე.

ის ბავშვების დედის, მარინა ნაჭყებიას ანგარიშის ნომერსაც აქვეყნებს, რომელსაც ოჯახის თანხმობით რადიო "ათინათიც" გთავაზობთ: GE37TB7712645064300022. საკონტაქტო ტელეფონი: 574 89 61 05.

ბავშვები ამბობენ, რომ შეკვეთის შემთხვევაში ჩიჩილაკს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნებისმიერ ადგილზე მიიტანენ.





Print