მულტიმედია
აფხაზეთიდან დევნილი ქალის ხელნაკეთი ნამუშევრები და "პანდემიის ეფექტი'' (ფოტო/ვიდეო)
აფხაზეთიდან დევნილმა 37 წლის დიანა ფასანძემ ყოველდღიური რუტინისგან გათავისუფლება და ცხოვრების გახალისება ცოტა ხნის წინ საყვარელი საქმის კეთებით გადაწყვიტა. ბავშვობაში ნასწავლი ხელსაქმე გაიხსენა და თავდაპირველად ქუდების ქსოვა დაიწყო, შემდეგ კი დეკორატიული ნივთების და აქსესუარებს დამზადებას მიჰყო ხელი. ამბობს, რომ უნარები ინტერნეტის საშუალებით გაიუმჯობესა და ლარნაკებს, ჩარჩოებს და სხვა დეკორატიული ნივთებს უკვე მხოლოდ საკუთარი ფანტაზიით ქმნის. თვითნასწავლი ოსტატი პროდუქციის გასაკეთებლად, ძირითადად, ჯვალოს, კანაფის ძაფს და თექას იყენებს.

"კერვაც მეხერხება, მინდა დავამზადო პატარა სასაჩუქრე ქისები ბავშვებისთვის, მაგრამ ვერ ვაკეთებ რადგან არც საკერავი მანქანა მაქვს და არც სხვა საჭირო მასალა. მიყვარს ხელნაკეთი ნივთები და ჩემს შექმნილს რომ ვუყურებ ძალიან მომწონს. ნამუშევრების მომზადებისას ერთადერთი იარაღი არის ცხელი წებო და ჩემი ხელები", - ამბობს ის.

დიანა პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია, მაგრამ ახლა ხელსაქმე მისი ძირითადი საქმიანობაა. გარდა განტვირთვისა და სიახლის ძიებისა მისთვის ეს საქმე შემოსავლის წყაროდაც იქცა. ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა ჯერ ადგილობრივ მაღაზიებში დაიწყო. პანდემიის დაწყების შემდეგ კი ნივთების რეალიზაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა.

"პანდემიამდე 2-3 მაღაზიაში დამქონდა ჩემი ნივთები, სადაც მეხმარებოდნენ რეალიზაციაში. დღეს ეს მაღაზიები დაკეტილია და ვერ ვსარგებლობ, თუმცა ახლა სოციალური ქსელის მეშვეობით ვახდენ რეალიზაციას",
- გვითხრა დიანა ფასანძემ.

ხელსაქმის ოსტატი ამბობს, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ მისი ნამუშევრები ინტერნეტში უფრო ცნობადი გახდა. აქვს ფეისბუქ გვერდი, სადაც მისი ხელნაკეთი ნივთების ფოტოებია განთავსებული. პროდუქციის ფასი 5-დან 50 ლარამდე მერყეობს.

"პანდემიის შემდეგ ინტერნეტის მეშვეობით უფრო ცნობადი გავხდი. ვსარგებლობ სხვადასხვა ინტერნეტ გაყიდვების გვერდით. მაგალითად, არის ასეთი ჯგუფები "ხელსაქმის მოყვარულთა ჯგუფი", "ქსოვის მოყვარულთა ჯგუფი", "გარდერობი ზუგდიდი", სადაც შემიძლია დავდო ყველა ჩემი ნივთი, ასევე მწერენ პირადში და ვსარგებლობ ამ გვერდებით",
- თქვა მან.

დიანა ამბობს, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადია ნაძვის ხეები და ნაქსოვი ქუდები, თუმცა შეკვეთების შესრულებას საკმარისი ხელსაწყოების არქონისა და დახურული მაღაზიების გამო დროულად ვერ ახერხებს.

"ბევრი შეკვეთა მაქვს, მაგრამ საკანცელარიო მაღაზიებიც დაკეტილია, მჭირდება ძაფები და ვერ ვყიდულობ", - აღნიშნა მან.

მომავალში საქმიანობის გაფართოებას და პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავს. სურს ფარდები, ჩანთები და მაგიდის გადასაფარებლები შეკეროს. ამისთვის კი ინდმეწარმედ დარეგისტრირებას და დაფინანსების მოპოვებას შეეცდება.


Print