მულტიმედია
როგორ გააცნო მოყვარულმა ფოტოგრაფმა ზუგდიდი რაჭველ შეყვარებულს (ფოტო)
ზუგდიდელმა ჭიჭიკო ჯიქიამ და ონელმა თამარ შერაზადიშვილმა ერთმანეთი ქუთაისში სტუდენტობის დროს გაიცნეს. მათი შვილიშვილი მაკო ჯიქია გვიყვება, რომ მისმა ბაბუამ, რომელიც პროფესიით აგრონომი იყო, რაჭველი ქალის მოხიბვლა ფოტოგრაფიით შეძლო. 

„ბაბუაჩემზე რომ ვთქვა უნიჭიერესი ადამიანი იყო-მეთქი, გაზვიადება ნამდვილად არ გამომივა. სწავლობდა აგრონომიულ ფაკულტეტზე, თუმცა ყველანაირ ტექნოლოგიაში იყო გარკვეული. ბებიასგან მახსოვს მისი მონაყოლი: სტუდენტობისას, საერთო საცხოვრებელში მრიცხველი გაგვიფუჭდა, ელექტროინჟინერიც გვყავდა მდგმურად, იმას თხოვა დახმარება დიასახლისმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, პირიქით - ყველაფერი გადაწვაო. შემდეგ ჭიჭიკო დაბრუნებულა ლექციებიდან სახლში და მაშინვე გაუკეთებია. დიასახლისი შემდეგ ხუმრობდა თურმე, ელექტროინჟინერმა ელექტრობა დაწვა და აგრონომმა შეაკეთაო. ბაბუას შეეძლო ავტომობილის შეკეთებაც, ხშირად იცვლიდა მანქანას და ცდილობდა, სულ ახალ-ახალი მოდელები ჰყოლოდა. თავის მომავალ სამსახურში - ზუგდიდის „რაი აბრეშუმში“ გამოიგონა აპარატი და თავისი ხელით ააწყო აბრეშუმის ჭიის პარკის გამოსაშრობი აპარატი“, - გვითხრა მაკომ.
მაკო გვიყვება, რომ თურმე მისი ბაბუა ახალგაზრდობაში მომავალ მეუღლეს ქუჩაში, პარკში, მაღაზიებში ხშირად უღებდა ფოტოებს და ბარათთან ერთად უგზავნიდა. „ბებია ამბობდა, რომ ხშირად მიღებდა პაპარაცულ ფოტოებს, მიბეჭდავდა, კონვერტით მიგზავნიდაო. მე კი ვაბრაზებდი, დავაქუცმაცებდი ამ სურათებს, ჩავყრიდი იმავე კონვერტში და უკან ვუგზავნიდიო", - იხსენებს ბებიას მოგონებებს ჩვენი რესპონდენტი.

სწავლის დამთავრების შემდეგ თამარი მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულა, თუმცა მას შეყვარებულმა მალევე ჩააკითხა.

„რაჭაში ჩასულ ბაბუას უფიქრია, სანამ თამარს შევხვდები, ონს დავათვალიერებო. იქაურ სასტუმროში გაჩერებულა და არც თამარს შეხმიანებია. გრძელი ლაბადა ეცვა, თავზე ცილინდრი ეხურა, დადიოდა და ონის ღირსშესანიშნაობებს სურათებს უღებდა. შემდეგ პატარა წერილი გააგზავნა ადგილობრივ გაზეთში და გამოქვეყნება თხოვა. სანამ წერილი გაზეთში გამოქვეყნდებოდა, იქაური მოსახლეობა დაეჭვებულა, ვინ არის ეს ლაბადიანი და ფოტოაპარატიანი უცხო კაცი, ჯაშუში იქნებაო... მილიციას დაუკავებია ჭიჭიკო. ამასობაში  დღის გაზეთიც გამოიცა და თამარს წაუკითხავს ჭიჭიკოს შთაბეჭდილებები ონზე, რომელშიც თამარსაც ახსენებდა, მის სანახავად ჩამოვედიო. რადგანაც ონი პატარა ქალაქია, ბებიამაც გაიგო ფოტოაპარატიანი კაცის დაკავების ამბავი, მიხვდა, ვინც იყო დაკავებული და მილიციაში მიაკითხა“, - იხსენებს მაკო ბებიას მონაყოლს.

წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულ ჭიჭიკო ჯიქიას შეყვარებულისთვის საკუთარი ხელით აწყობილი წიგნაკი უჩუქნია, რომელშიც ზუგდიდის ხედები იყო აღბეჭდილი თავისი აღწერილობით.

„სურათებს თვითონ ამჟღავნებდა და თავისი ხელით ბეჭდავდა სახლში. განსაკუთრებულად ლამაზად წერდა. ბებიას სკოლის ლიტერატურის კაბინეტი სულ ბაბუას გაუფორმებია თავისი ლამაზი ხელწერით“, - ამბობს შვილიშვილი.

ამ ისტორიის შემდეგ თამარი და ჭიჭიკო მალევე დაქორწინებულან.

„2 შვილი ეყოლათ და ერთად გაატარეს ცხოვრება სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაში. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რთული დღე გადაიტანეს, ერთადერთი ვაჟი სამოქალაქო ომის დროს უდანაშაულოდ მოუკლეს. ამ ტრაგედიამ ორივე გატეხა, მაგრამ ნათესავები, მეზობლები ახლაც იხსენებენ, რომ  არასდროს აგრძნობინებდნენ სხვას თავიანთ გასაჭირს, ყველასთან ყურადღებიანები იყვნენ, ბავშვებს მოფერების და დალოცვის გარეშე გვერდს არ ჩაუვლიდნენ“, - ყვება მაკო.

ჯიქიების სახლში ბებიისა და ბაბუას ნაქონ უამრავი წიგნს, ფოტოაპარატს, ხელსაწყოსა და სუვენირსს დღემდე ინახავენ. შვილიშვილები მათ განსაკუთრებით უფრთხილდებიან და ამბობენ, რომ უმნიშვნელო წვრილმანსაც ვერ იმეტებენ ნაგავსაყრელისთვის. ამ ნივთებში კი საპატიო ადგილს სწორედ ეს წიგნაკი იკავებს, რომელშიც 50-იანი წლების ზუგდიდია აღბეჭდილი.

Print