მულტიმედია
"ფუსფუსი" - პანდემიით შთაგონებული სამზარეულოს აქსესუარები (ფოტო/აუდიო)
მონიკა ჭანკვეტაძე აღმოსავლეთმცოდნეა, სპეციალობით - ირანისტი. კარანტინის დროს სხვების მსგავსად მანაც სცადა, ახალი ჰობი გაეჩინა, თუმცა ბევრისგან განსხვავებით, მონიკამ ეს ჰობი მალე მცირე ბიზნესად აქცია. სამზარეულოში საქმიანობა ხშირად უწევდა, მისთვის სასურველი აქსესუარები კი პანდემიის გამო ვეღარსად იყიდა, ამიტომ გადაწყვიტა, ისინი თავად შეექმნა.

"თავიდან ჩემთვის მინდოდა ეს ყველაფერი, მერე აღმოვაჩინე რომ ირგვლივ ბევრი ეძებდა განსხვავებულ და ლამაზი სამზარეულოს აქსესუარებს. ძალიან მომწონს, როდესაც ქალებიც და კაცებიც ესთეტიკურად გამოიყურებიან სამზარეულოში და მინდოდა მათ გალამაზებაში ჩემი წვლილი შემეტანა", - გვიყვება მონიკა.
1059fm · თავიდან ჩემთვის მინდოდა ეს ყველაფერი, მერე აღმოვაჩინე რომ ირგვლივ ბევრი ეძებდა - მონიკა ჭაკვეტაძე
პირველივე წინსაფარმა მისი მეგობრების დიდი მოწონება დაიმსახურა. მალე მიხვდა, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის დაწყებული საქმის შედეგი მეგობრების გარდა, სხვებისთვისაც უნდა გაეზიარებინა. რაც კი სამზარეულოს, დიზაინს, კერვას ეხებოდა ყველაფერი წაიკითხა, შეისწავლა, დაგეგმა, მარკეტინგზეც იფიქრა და ცოტა ხნის წინ ფეისბუკსა და ინსტაგრამზე მისი ახალი გვერდი გამოჩნდა, სახელწოდებით "ფუსფუსი".

"სახელწოდება მინდოდა ყოფილიყო, პოზიტიური, მარტივი, ადვილად დასამახსოვრებელი და რაც ყველაზე მთავარია, ქართული"
, - ამბობს ის. მონიკა გვიყვება, რომ მისი ნამუშევრები მათთვისაა, ვისაც სამზარეულოში კომფორტულად ფუსფუსი და აღმოჩენები უყვარს.
1059fm · სახელწოდება მინდოდა ყოფილიყო, პოზიტიური,და რაც ყველაზე მთავარია, ქართული -მონიკა ჭაკვეტაძე
"ფუსფუსი" მოკლე დროში პოპულარული გახდა და სამზარეულოს აქსესუარები სამეგრელოს გარდა თბილისში, ბათუმში და რუსთავშიც გაიყიდა.

"გამოჩენისთანავე ძალიან დადებითი კომენტარები წამოვიდა, რა მაგარია, ძალიან სასიამოვნოა რომ არის ქართული, კარგი ხარისხია, გვწერდნენ პროდუქტის შეძენის შემდეგ. ყველაზე ხშირად მოთხოვნადია გრავირებული წინსაფრებია, მომხმარებელს სურს გაიტანოს თავისი სახელი, საყვარელი ფრაზა, სასურველი შრიფტი", - ამბობს მონიკა.

გვიხსნის, რომ ეს საქმე დაღლასაც ავიწყებს და ყოველდღიურ რუტინასაც პროდუქციის დიზაინის შესაქმნელად დაახლოებით ორი დღე სჭირდება, სანამ სამზარეულოს აქსესუარები შეიკერება, ჯერ ფურცელზე ხატავს. ექსპერიმენტების არ ეშინია, დახატული მოდელი კი შეიძლება კერვის პროცესში შეიცვალოს. მისი თქმით, მისი მიერ შექმნილი წინსაფრები ხარისხიანი, ორიგინალური და ინდივიდუალურია, მასალისთვის კი 100 %-ან ბამბას, ტილოს, სინტიფონს და ვაფლის ნაჭრებს იყენებს. პროდუქციის ფასი კი 55 ლარიდან 85 ლარამდე მერყეობს.

"ჯერ ვხატავ, ფერები ერთმანეთის გადათამაშებით იქმნება, შესაკრავი რა ფერი უნდა იყოს, ჯიბე როგორი, რა ზომა უნდა იყოს, ზედა ან ქვედა მხარე რა ფერის უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ყველა წინსაფარი განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ეს პროდუქტი იქმნება ინდივიდუალურად. შეუძლიათ, გააკეთონ თავიანთი სასურველი პრინტი, ქალებისთვის, მამაკაცებისთვის, გურმანებისთვის, ვისაც უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და სიამოვნებს მორთული სამზარეულო, საჭირო აქსესუარებით. განსაკუთრებით მოსწონთ, რომ ქართულია, მათ სურვილზეა მორგებული. მათ აქვთ თავისუფალი არჩევანი იდეების და სურვილების როგორი შიძლება იყოს მათთის სასურველი წინსაფარი", - გვეუბნება მონიკა.

თავიდან ვერც იფიქრებდა, მის მიერ შექმნილი სამზარეულოს აქსესუარები ასე მოთხოვნადი გახდებოდა. საქმეში ოჯახის წევრებიც ეხმარებიან, დეიდა და ბიძაშვილი მოდელები არიან, მისი და კი ფოტოგრაფია.

"რაღაცნაირად ოჯახურად ვიღებთ ამ სურათებს ჩვენივე სამზარეულოში და ვფიქრობ, რომ კარგი კონტენტი შეიქმნა. ლამაზი და ესთეტიკური გამოვიდა ეს ყველაფერი".

1059fm · ოჯახურად ვიღებთ ამ სურათებს ჩვენივე სამზარეულოში და ვფიქრობ, რომ კარგი კონტენტი შეიქმნა
პანდემიის მეორე ტალღის დროს ახალი საქმის პარალელურად ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ისწავლა და USAID YES Georgias საინვესტიციო კომიტეტის მიერ დაფინანსებაც მოიპოვა.

მონიკა წამოწყებულ საქმეს ოპტიმიზმით უყურებს. მალე საკერავი მანქანის შეძენას და კერვის პროფესიონალურ დონზე შესწავლას აპირებს. მის გეგმებში ასევე შედის ბიზნესის გაფართოება და ისეთი სივრცის მოწყობა, სადაც სამზარეულოსთვის საჭირო ყველა აქსესუარს ერთად მოუყრის თავს.

"როდესაც ყველაფერი მშვიდობით დასრულდება, მინდა გავაკეთო ისეთი სივრცე, სადაც ყველაფერი ზღაპრულად ლამაზი იქნება და სადაც იქნება სამზარეულოსთვის საჭირო ყველა აქსესუარი. ასევე, მინდა დავამატო ხის პროდუქცია"



Print