მულტიმედია
რატომ ვიცრები - რას ჰყვებიან ზუგდიდელები, რომლებმაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს (ფოტო/ვიდეო)
,,ესეც კოვიდპასპორტი, ორჯერადი ვაქცინაცია 21 დღის შუალედით. არავითარი გართულება და გვერდითი ეფექტი. 95% იანი დაცვა კორონასგან. ავიცრათ და გაუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის სიცოცხლეს. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას’’, - დაწერა ფეისბუკზე ზუგდიდელმა პედიატრმა ნანი შულაიამ, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინით, მეგობრებთან ერთად ქუთაისში აიცრა. რადიო „ათინათი“ იმ ადამიანებს ესაუბრა, ვინც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაიკეთა. ისინი გვიყვებიან, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ჰქონდათ თუ არა რაიმე გართულება აცრის შემდეგ.


ნანი შულაია, 66 წლის


,,27 მარტს რეგისტრაცია გავიარეთ ოთხმა თანამშრომელმა, მივიღეთ ვაქცინაციის გაკეთების თარიღი თავისი ჯავშნით. „ფაიზერის“ ვაქცინა სამ ქალაქში კეთდება: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ჩვენ დავრეგისტრირდით ქუთაისში. ვაქცინაციის დღეს წავედით და გავიკეთეთ პირველი ვაქცინა. 28 აპრილს მეორეჯერაც გავიკეთეთ ვაქცინა და უფრო ნაკლები იყო ღელვა, ემოცია. კარგი განცდაა, რომ ვაქცინირებული ვარ. შეიძლება ვიღაცამ ეს ვირუსი ადვილად გადაიტანოს, მაგრამ სხვას, ვისაც გადაედება, მან შეიძლება ვერც კი გადაიტანოს და შეიძლება ლეტალურადაც დამთავრდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია საყოველთაო იყოს და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიკეთოს. მე კმაყოფილი ვარ, რომ გადავწყვიტე და გავიკეთე ეს აცრა’’, - გვეუბნება ნანი შულაია.
პირველი დოზით 6 აპრილს აიცრა. ვაქცინაციამდე სხვების მსგავსად ექიმს გაესაუბრა და კითხვარი შეავსო, აცრის შემდეგ კი ექიმებმა მოსაცდელ სივრცეში 45 წუთი დარჩენა სთხოვეს. გვითხრა, რომ სისუსტე, სიცხე, თავის ტკივილი, წნევა, არც აცრის დღეს და არც მომდევნო დღეებში არ ჰქონია.

ნანის აზრით ვაქცინაციის პოპულარიზაცია აუცილებელია. ფიქრობს, რომ თუ კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილი ადამიანები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ, ეს წამახალისებელი იქნება.

,,აცრილი ადამიანებისთვის ნამდვილად იქნება წამახალისებელი, ასე მგონია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. საღამოს საათებში შეზღუდვა და კარანტინის დროს სახლში დარჩენა ცოტა ძნელია, მითუმეტეს ზაფხული მოდის, თან ნიღბის ტარება ზაფხულში კიდევ უფრო რთულია. თუმცა როგორც უნდა იყოს, მთავარი მაინც შეგრძნებაა, რომ დაცული ხარ კოვიდისა და მისი გართულებებისგან, და ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა“, - გვითხრა მან.

ციცინო ქობალია, 62 წლის

გერმანული ენის მასწავლებელმა ციცინო ქობალიამ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია. ამბობს, რომ გაორმაგებული აქვს ვალდებულება, რადგან მასწავლებელია და უამრავ მოსწავლესთან უწევს ურთიერთობა. ვაქცინის არ შეშინებია, უფრო მეტიც, მისი ეფექტურობის სჯერა. 2 აპრილს, ოჯახის წევრებთან, მაზლთან და მულთან ერთად აიცრა, სახლში კი გახარებული დაბრუნდა.

,,გადაწყვეტილება მიმაღებინა იმან, რომ მთელი მსოფლიო ერთმა და იმავე მიზეზმა დააჩოქა, ამ დაავადებამ მოიცვა, ამიტომ ბუნებრივია, ნებისმიერი ადამიანი პირად და მის ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს. მე კიდევ უფრო გაორმაგებული მაქვს ეს ვალდებულება, რადგან ვარ მასწავლებელი. უამრავ მოსწავლესთან მიწევს ურთიერთობა და ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, გარდა პირადი ჯანმრთელობისა და ოჯახის წევრებისა, იმ მოსწავლეებზეც ვიფიქრო, ვისთანაც მე ვმუშაობ. ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, ავცრილიყავი, რომ ჩემგან არანაირი საშიშროებას არ ელოდონ ჩემი მოსწავლეები და კოლეგები. დავრწმუნდი, რომ ამ დაავადებით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე აცრის შემდგომი გართულების შედეგად. ნებისმიერი აცრას შეიძლება ჰქონდეს გართულება.

არც მინერვიულია, უბრალოდ მივიღეთ გადაწყვეტილება მე და ჩემმა ოჯახის წევრებმა, ჩემმა მაზლმა და მულმა, სამივემ გადავწყვიტეთ, რომ ავცრილიყავით. იმდენად თბილი და კარგი გარემო, არაჩვეულებრივი მომსახურება დამხვდა, რომც არ გინდოდეს მაინც გაიკეთებდი აცრას. აცრის გაკეთებამდე, მკითხეს ხომ არაფერი მაწუხებდა, კითხვარი შეავსეს, აცრილები 45 წუთი საიზოლაციო ოთახს დავარქმევ პირობითად, იქ გადაგვიყვანეს, ფეხზე ტრიალებდა ექიმი, მეთვალყურეობდა ყველაფერს. აცრა არც კი მიგრძნია, არანაირი უარყოფითი გამოვლენა არ მქონია, არც სიცხე. 45 წუთის შემდეგ მშვიდად და ბედნიერი წამოვედი სახლში. ზუსტად იმიტომ დავრეგისტრირდი და გავიკეთე აცრა, რომ ვიყო დაცული და ჩემს ირგვლივ მყოფებს არანაირი საფრთხე არ შევუქმნა’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ ციცინო ქობალიამ.
1059fm · ციცინო ქობალია - გერმანული ენის მასწავლებელი


ნუგზარ მალაშხია, 70 წლის


„ზუგდიდდასუფთავების“ ხელმძღვანელს, ნუგზარ მალაშხიას, კოროვირუსული ინფექცია 6 თვის წინ დაუდასტურდა. სჯერა, რომ ერთადერთი გზა, პანდემიის დასასრულებლად სწორედ ვაქცინაციაა, რამდენიმე დღის წინ, როგორც კი სავალდებულო ვადა გავიდა, „ასტრაზენეკას“ პირველი დოზა გაიკეთა. ვაქცინაციას ელოდება მისი ცოლ-შვილიც.

,,29 აპრილის დილით გავიკეთე აცრა. რამდენიმე კაცი იყო ჩემ წინ, ჩემ შემდეგაც, რიგის მიხედვით შევედით და გავიკეთეთ, 45 წუთი დაგვაყოვნეს და წამოვედით მშვიდობიანად სახლში. ვიფიქრე დავისვენებ-თქო, ორი საათი დავისვენე, მერე აბსოლუტურად არაფერი მაწუხებდა და სამ საათზე სამსახურში წავედი. ჩემი ქალიშვილიც ემზადება, რომ აიცრას, მეუღლეც აკონტროლებს თავის თავს, ვირუსი გადაიტანა ჯერ ანტისხეულები მაღალი აქვს, ექიმებმა ურჩიეს რომ ჯერ არ არის რეკომენდირებული, სამი თვის შემდეგ გადაამოწმებს ანტისხეულებს და აიცრება’’, - გვეუბნება ნუგზარ მალაშხია.


მანანა თოფურიძე, 63 წლის


ვიდრე აიცრებოდა, ინფორმაციას გაეცნო და მკურნალი ექიმის რეკომენდაციები მოისმინა. ამის შემდეგ, გადაწყვეტილება მარტივად მიიღო და ვებგვერდზე, www.booking.moh.gov.ge, დარეგისტრირება ქალიშვილს სთხოვა.

‘’როცა გავავრცელე სოციალურ ქსელში ფოტო ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა, რატომ იკეთებს, ჯერ ხომ არ იცის შედეგი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ შედეგი ამას ექნება”, - გვიყვება ინგლისური ენის პედაგოგი მანანა თოფურიძე, რომელიც 15 აპრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში “ასტრაზენეკათი” აიცრა.

,,როგორც კი დაიწყო ეპიდემია, რა თქმა უნდა, ძალიან შემეშინდა, რადგან წლინახევრის წინ გულის შუნტირება გავიკეთე. მკურნალმა ექიმებმა მირჩიეს, რომ ავცრილიყავი. ექვსი თვის წინ გრიპზეც ავიცერი. მითუმეტეს როდესაც ვუსმენდი ცნობილ მეცნიერებს, ჩვენს მეცნიერებს, საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს იყო აუცილებელი, თანაც ზაფხული ახლოვდება, მერე ისედაც ჩაკეტილები ვართ, გინდა სხვებთან კონტაქტი, შვილთან წასვლა, მეგობრებთან და ესეც უნდა გამეთვალისწინებინა. პირველი ის, რომ ჩემი ჯანმრთელობა, მეორე ის, რომ ხომ არ ვიცით ვართ თუ არა ამ ვირუსის მატარებლები, შეიძლება უსიმპტომოდ გქონდეს ეს ვირუსი, ამიტომ, რა თქმა უნდა, სხვებსაც ვუფრთხილდები. დედა მყავს 85 წლის, ისიც და სხვებიც ხომ უნდა დავიცვა? მართალია პირბადეს სულ ვხმარობდი და ყველანაირ დისტანციას ვიცავდი, მაგრამ მე მგონია, რომ ვაქცინის გაკეთება აუცილებელი იყო და გადაწყვეტილების მიღება არც გამჭირვებია. რაც უფრო მეტი ვაქცინირებული მოქალაქე გვეყოლება, მით უფრო დაზღვეული იქნება საზოგადოება. როცა ვარ სადმე მიწვეული და თუ მეცოდინება, რომ იქ უმეტესობა აცრილია, უფრო თამამად წავალ და უფრო დამშვიდებულად ვიქნები’’, - გვიხსნის მანანა.


მზია ხუბულავა, 65 წლის

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა ინგლისური ენის სპეციალისტმა მზია ხუბულავამაც. მზიას, მის ირგვლივ, სამეგობროში არ ეგულება ადამიანი, ვინც ვაქცინაზე უარს იტყვის ან მისი წინააღმდეგია.

,,როცა აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობ, შენს მეგობრებს ხვდები, ახლობლებთან მიდიხარ, ნათესავებთან, ძმასთან, ძმისშვილებთან, ყველასთან გინდა მიხვიდე, ისინი მოვიდნენ შენთან, მეზობელთან გინდა გადახვიდე, თუმცა გეშინია ყველაფრის. თავიდან მაღაზიაში პირბადით რომ შევდიოდი, მაინც მეშინოდა. ახლა უფრო ვხდები, რომ თუ პირბადე გიკეთია და ჰიგიენის წესებს იცავ, ასე თუ ისე დაცული ხარ. თავიდან იყო ძალიან რთული, დეპრესიაში იყო ხალხი, მე მგონი ახლაც არის, არ არის ჯერ განელებული. მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვინც ამბობს, არ გავიკეთებ, რად მინდა მე ვაქცინაო. მე ხომ მარტო მე არ ვარ, ჩემ ირგვლივ ხომ ხალხია, მე რომ დამემართება, სხვასაც ხომ გადავდებ. მთელ მსოფლიოში რა ამბავია, ხომ ვხედავთ, აიცრა ხალხი, კიდევ აიცრება და ამით შევძლებთ დავამარცხოთ ეს ვირუსი. მართალია ახალი შექმნილი ვაქცინაა, მაგრამ დაიხვეწება თანდათანობით’’, - გვეუბნება მზია ხუბულავა.
ზუგდიდში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. აცრები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში და რუხის კლინიკაში მიმდინარეობს. რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ნიკა ჭეჟიას თქმით, სამეგრელოში კვირაში საშუალოდ 40 ადამიანი იცრება. მისი განმარტებით, საავადმყოფო რთული გვერდით მოვლენების სამართავადაც მზად არის, თუმცა აცრის დაწყებიდან დღემდე გართულებული შემთხვევები არ ყოფილა.

,,ახალციხის სამწუხარო მოვლენამ, ალბათ, ძირითადი როლი ითამაშა იმაში, რომ ძალიან დაეცა აქტივობა. სამედიცინო საზოგადოების აქტიურობის კლებამ განაპირობა სხვა ადამიანების უარყოფითი დამოკიდებულებაც ვაქცინისადმი. მე როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ამბობდა, რომ „ფაიზერით“ აიცრებოდა. „ასტრაზენეკას“ მიმართ შიში გამოწვეული იყო მისი შესაძლო გართულებებიდან გამომდინარე, ამას ისიც დაემატა, რომ ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე ხანში 55 წლის ქვევით შეწყდა „ასტრაზენეკას“ გამოყენება’’, - ამბობს ნიკა ჭეჟია.
1059fm · ნიკა ჭეჟია
ბოლო მონაცემებით სამეგრელოში „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრირებულია 107 ადამიანი. მათ შორის 18 წლიდან ახალგაზრდებიც. სინოფარმით ვაქცინაცია იწარმოებს ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ხოლო ხუთშაბათსა და შაბათს ვაქცინაცია ასტრაზენეკას ვაქცინით გაგრძელდება.


ზუგდიდში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 308 ადამიანმა გაიკეთა. 180 პირი კი მაისის თვეშია რეგისტრირებული. სულ სამეგრელოში 350 - მდე ადამიანი აიცრა.


Print