მულტიმედია
საკუთარი გვარის ისტორიის ძიებაში სამეგრელოში ჩამოსული უკრაინელი (ფოტო/ვიდეო)
იმ ასაკიდან, როდესაც გააცნობიერა, რომ უცნაური და საკუთარი ქვეყნისთვის არატიპური გვარის მატარებელია, 29 წლის უკრაინელმა, პატარა ქალაქ კოპეჩინცის მერმა ბოგდან კელიჩავიმ, საკუთარი გვარის წარმომავლობის კვლევა დაიწყო. მისი ამჟამინდელი გვარიც გადაკეთებულია და როგორც ყვება, მას დღემდე ან არასწორად წარმოთქვამენ ან დამახინჯებულად წერენ. ოჯახში კი ყველამ იცის, რომ ისინი კალიჩავები იყვნენ. ამბავი კი ასე მოხდა:


"როდესაც ჩემი ბაბუა ჯარში მსახურობდა, მისი გვარი იყო კალიჩავა და მისი წინაპრების გვარიც ასეთი იყო. როდესაც ის საბჭოთა ფლოტში მსახურობდა, მას სულ ეკითხებოდნენ, რატომ ჰქონდა მის გვარს "ქალური" (მდედრ. სქესის) დაბოლოება და მაშინ გადააკეთეს გვარი, ასე გახდა კელიჩავი", - ყვება ბოგდანი.

გადმოცემით მხოლოდ ის იცის, რომ მისი წინაპრები მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთიდან უკრაინაში იძულებით გადაასახლეს, დაატოვებინეს სახლი და ყველაფერი, რაც გააჩნდათ. სრულიად უცხო გარემოში თავიდან მოუხდათ ცხოვრების აწყობა, ერთადერთი, რაც შემორჩათ - გვარი იყო, რომლის ისტორიის შესასწავლად, იმ პირობებში, არავის ცხელოდა.

გვარის ისტორიის და წარმომავლობის გარკვევის სურვილით, ბოგდანმა დნმ-ტესტიც კი ჩაიტარა, რომელიც მეუღლემ, მარიამ აჩუქა. ტესტმა უჩვენა, რომ მისი წარმომავლობის 50% შესაძლოა აღმოსავლეთი ევროპას, დანარჩენი კი ბალტიის ქვეყნებს და ბალკანეთს უკავშირდებოდეს. ასე რომ, მისი კითხვები ისევ პასუხგაუცემელი იყო და ხელჩასაჭიდი მხოლოდ გვარი რჩებოდა.  

ერთხელაც, ევროპაში ყოფნისას, ქართველები გაიცნო, რომლებმაც უთხრეს, რომ შესაძლოა ეს ქართული გვარი იყოს, რადგან ყალიჩავა საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში, საკმაოდ გავრცელებული გვარია. ესტონეთში სწავლისას, კი ისე მოხდა, რომ უკვე უშუალოდ სამეგრელოში მცხოვრებ ყალიჩავასთან დააკავშირეს.

"არჩილ ჩოჩია გავიცანი, უნივერსიტეტში მუშაობს, მან მითხრა, აი შეხედე, შენი გვარი, დიდი ალბათობით, სწორედ აქედანაა და ამ გვარის ერთ ადამიანსაც ვიცნობ - რუსუდან ყალიჩავას. გარკვეული დროის შემდეგ მე დავუკავშირდი რუსუდანს და ჩვენს შორის მიმოწერა დაიწყო. აი, ამ დროიდან, სულ უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებდი იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს გვარი და უკვე ვიცოდი, რომ ამ რეგიონში ამ გვარის მატარებელი ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რაც მანამდე არსად შემხვედრია", - გვიყვება ბოგდანი.

ამის შემდეგ მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდა. მალევე დაგეგმეს მოგზაურობა საქართველოში. მაისის უქმეებზე ცოლ-ქმარი სამეგრელოში, ზუგდიდში ჩამოვიდა და მათ სწორედ მიმოწერით გაცნობილმა რუსუდან ყალიჩავას ოჯახმა უმასპინძლა. მეუღლისგან გასხვავებით, ბოგდანი საქართველოში 7 წლის წინათაც იყო ნამყოფი, ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თუმცა, მხოლოდ ქობულეთსა და თბილისში.

"იმას, რომ ეს ჩვენი მოგზაურობის ეპიცენტრი გახდებოდა, ნამდვილად არ ვიფიქრებდით. მაგრამ, ასე მოხდა, რადგან ყველაზე დიდი შთაბეჭდილებები სწორედ აქ მივიღეთ... ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩვენი მოგზაურობის მთავარი ამბავი, ამას ნამდვილად არ ვგეგმავდით, არც ველოდით, რომ ასე თბილად მიგვიღებდნენ...ასე რომ ეს ყველაფერი, ძალიან დიდი გარღვევაა ჩემს ცოდნაში. იმიტომ რომ მანამდე, არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ. ახლა კი ვიცით, რომ ჩხოროწყუში არის გორაკი და იქ დგას ტაძარი და ყალიჩავების საგვარეულო სასაფლაო... უკვე ვიცით, რომ ზუგდიდში ამდენი აქტიური ყალიჩავა ცხოვრობს, ადამიანები, რომლებიც თანამედროვე ისტორიას ქმნიან და ეს ორმაგად სასიამოვნოა, უკვე რაღაც ფაზლი აეწყო ჩემთვის", - ამბობს უკრაინელი კელიჩავი.  

გარდა მოგვარეების გაცნობისა და სამეგრელოს ღირშესანიშნაობების დათვალიერებისა, კოპეჩინცის მერი ზუგდიდის მერსაც შეხვდა. მერობამდე ის USAID-ის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციაში, მუნიციპალიტეტების დეცენტრალიზაციის რეფორმაზე მუშაობდა და ამდენად, ზუგდიდის გამოცდილებითაც დაინტერესდა. გარდა ამისა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას გაეცნო და ენგურის ხიდთანაც მივიდა.

"კოპეჩინცი, ეს არის გაერთიანებული მუნიციპალიტეტი, ქალაქი და 12 სოფელია, 13 500 მოსახლით, გაცილებით ნაკლები ზუგდიდზე. საშუალო სტატისტიკური მუნიციპალიტეტია უკრაინაში... ჩემთვის საინტერესო იყო, თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმა აქ, როგორ ივსება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რა სტრატეგიას ირჩევს მერი... ძალიან მომწონს თქვენი რეგიონის სტრატეგიული მისია, ალბათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს იმას, რომ აქ ყველაფერი იყოს კარგად, განვითარდეს. ალბათ უკრაინაშიც რომ იცოდნენ ასე დეტალურად ამის შესახებ, აუცილებლად უგულშემატკივრებენ ამ რეგიონს, რომ იყოს შერიგების პროცესი, მეტი ურთიერთობები, თანხმობა. ჩვენთან არის ახლა მსგავსი სიტუაცია, ჩვენც გვჭირდება წინ გადადგმული ნაბიჯები", - აღნიშნა მან.

სამეგრელოში სტუმრობის შემდეგ ბოგდან კელიჩავი ფიქრობს, რომ მომავალში უკეთ შეძლებს რეგიონის გაცნობას და ეს კონტაქტები აუცილებლად გაგრძელდება, მათ შორის, ახლად გაცნობილ მოგვარეებთან.

ასევე, ის დარწმუნებულია, რომ ქალაქების დამეგობრების და ურთიერთდახმარების შესაძლებლობებიც გაჩნდება, რადგან უკვე ერთგვარი განცდაც გაუჩნდა, რომ ეს მისი სამშობლოც არის.







Print