მულტიმედია
ვინ არის ხობელი მოჭადრაკე, რომელმაც ფიდეს ოსტატის წოდება 16 წლის ასაკში მოიპოვა (ფოტო/აუდიო)
16 წლის დიანა ლომაია, რომელმაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ტიტული - „Woman FIDE Master“ მოიპოვა, მე-10 კლასის მოსწავლეა და ხობში ცხოვრობს. თამაში ძმამ 4 წლის ასაკში ასწავლა და მას შემდეგ ჭადრაკი მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ის ახლა ქალთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისთვის ემზადება.

„ჩემი ძმა დიმიტრი დადიოდა ჭადრაკის წრეზე, რომლის გულშემატკივარი ვიყავი პატარა ასაკში. სამეცადინო ოთახში ვიჭყიტებოდი ხოლმე, რადგან მეც მაინტერესებდა და მინდოდა რაიმე მესწავლა. თავიდან ჭადრაკი უბრალოდ გასართობი თამაში მეგონა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა“, - ამბობს დიანა.


ოსტატმა პირველი ლიგის შესარჩევი ტურნირი წარმატებით დაასრულა და საქართველოს ქალთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპვა. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი, რომელშიც 10 საუკეთესო ქალი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას, სავარაუდოდ, 12-22 ივნისს გაიმართება.

„ძლიერი შემადგენლობა იქნება და დარწმუნებული ვარ გარკვეულ გამოცდილებასაც შევიძენ. ჯერჯერობით პანდემიის გამო არ არის დაზუსტებული თუ როდის ჩატარდება ტურნირები, თუმცა დაგეგმილია კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ტურნირები, სადაც აუცილებლად ვიასპარეზებ“.

კორონაპანდემიას მოჭადრაკის გეგმები დიდად არ შეუცვლია და ამბობს, რომ ყველაფერს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მას პანდემიამ დროის სწორად მართვა და სწრაფი აზროვნება ასწავლა.

„ონლაინ სივრცეში ხშირად მიწევდა ტურნირების თამაში და ამან განავითარა და გააუმჯობესა ჩემი სწრაფი ხედვა, რაც დამეხმარა დროის სწორად გადანაწილებაში. უარყოფით მხარედ ვთვლი იმას, რომ დაფაზე თამაში და მეცადინეობა ბევრად განსხვავდება ონლაინ სივრცისგან და უფრო პროდუქტიულია ჩვენი ცოდნის განვითარებისთვის. იმედი მაქვს რომ  მალე დავუბრუნდებით ჩვეულებრივ ცხოვრებას", -  გვითხრა დიანამ.
1059fm · New Recording



სპორტსმენს დიდი გეგმები აქვს, სირთულეები არ აშინებს და  მხოლოდ ძლიერებთან ასპარეზობა ხიბლავს. საბოლოო მიზანი დიდოსტატის ტიტულის მოპოვებაა.
Print