მულტიმედია
ზუგდიდელი მოზარდები ახალ რეალობაში - როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება და რა ენატრებათ პანდემიისას (ფოტო/ვიდეო)
კორონავირუსის პანდემიამ, წელიწადზე მეტია, მოზარდების უმრავლესობისთვის სწავლის პროცესი და ცხოვრების რიტმი რადიკალურად შეცვალა. 16 წლის ელენეს გული ყველაზე მეტად იმაზე სწყდება, რომ შეზღუდვების გამო ექსკურსია ვერ მოაწყვეს. ამბობს, რომ თანატოლებთან გართობა ისაა, რაც ახლა განსაკუთრებით ენატრება.

,,ექსკურსიებზე წასვლა მომენატრა ძალიან, იმის მიუხედავად, რომ ახლა კონტაქტურად ვართ, შეუძლებელია ექსკურსიებზე წასვლა და ძალიან გული მწყდება, კარგად ვერთობოდით ხოლმე და მენატრება ეგ პერიოდი’’, - ამბობს ელენე.

სწავლების ონლაინ რეჟიმს მალევე შეეჩვია, მეტიც, სხვადასხვა ახალი უნარიც გამოიმუშავა. მიიჩნევს, რომ მონდომების შემთხვევაში, ონლაინ სწავლების პირობებშიც შესაძლებელია კარგი განათლების მიღება.

„ისეთივე პროდუქტული გამოდგა ჩემთვის ონლაინ სწავლება, როგორიც კონტაქტური იყო. მასწავლა, რომ ყურადღებით უნდა მოუსმინო მასწავლებლებს, რომ არაფერი გამოგეპაროს“, - გვითხრა ელენე ადამიამ.

კლასებში დაბრუნების შემდეგ პირბადით ოთახში ყოფნა მისთვის სტრესული აღმოჩნდა, თუმცა, აცნობიერებს, რომ საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის რეგულაციების დაცვა აუცილებელია.

„ზოგადად კლასში ხშირად გვაქვს ესეთი შემთხვევა, რომ სუნთქვა უჭირთ ბავშვებს და ფანჯარას ვაღებთ ამის გამო. კომფორტული არ არის, რა თქმა უნდა, პირიქით, სტრესულია, მაგრამ აუცილებელია. ეს არა მარტო ის ფაქტორია, რომ საკუთარ თვს ვუფრთხილდებით და ჩვენს ჯანმრთელობას, არამედ ჩვენს გარშემომყოფებს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება’’.
პირველკლასელი ნიკოლოზ ძაძამია პირველ გაკვეთილს ონლაინ დაესწრო და მოეწონა კიდეც. თან ისიც იცოდა, თუ რატომ იყო საჭირო დისტანციური გაკვეთილი, იმისთვის, რომ როგორც თვითონ ამბობს, კორონავირუსი „მის ორგანიზმში არ შემოსულიყო“.

,,მენატრებოდა ჩემს მეგობრებთან თამაში. გასვლა არ შეიძლებოდა გარეთ იმიტომ, რომ კორონავირუსი ჩვენს ორგანიზმში არ შემოსულიყო. ონლაინ გაკვეთილები საინტერესო იყო, ვისწავლე ასოები, რიცხვები, ლექსები, ენის გასატეხები, თუმცა ხარვეზებიც იყო. ზოგჯერ მასწავლებელი არ იყო და უმასწავლებლოდ ვიყავით. მასწავლებელის ხმა არ ისმოდა, ხმა წყვეტილად მოდიოდა და ამის გამო ითიშებოდა კამერები’’, - გვიყვება ნიკოლოზი.
პანდემიის დროს ბებია-ბაბუასთან სოფელში ყოფნა და მეგობრებთან ეზოში თამაში მოენატრა. ამბობს, რომ თვითიზოლაციის დროს ბევრი ლექსი ისწავლა და იგავ-არაკები წაიკითხა.

ნიკოს დედა, ლორა ქობალია რადიო ,,ათინათთან’’ ჰყვება, რომ ონლაინ სწავლა გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა მათთვის, ამიტომ ცდილობდა, გაკვეთილების დროს შვილის გვერდით ყოფილიყო.

,,მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი როლი დისტანციური სწავლების დროს მაინც მშობლებზე მოდიოდა იმიტომ, რომ იქ ინტერნეტის ხარვეზია, უზრუნველყოფილი და დაცული არასდროს არ ხარ. ზოგჯერ ხმა წყდებოდა, იყო ხმაური, რაც შეიძლება მასწავლებელმა ცოცხალ პროცესში უფრო დაარეგულიროს, მერე კლასი უფრო აიყოლიოს, თვალით კონტაქტი სხვა გავლენას ახდენს მოზარდებზე, მითუმეტეს პირველკლასელებზე. მერე გადმოდიოდა ჩვენზე პასუხისმგებლობა, როგორ კი ჩაივლიდა ეს დისტანციური გაკვეთილი, ბავშვები დამატებით ახსნას საჭიროებდნენ’’, - აღნიშნავს ლორა, თუმცა ამის მიუხედავად, ამბობს, რომ დისტანციური სწავლება მისი შვილისთვის საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების, ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავების კარგი შესაძლებლობა მისცა.

როცა პანდემია დაიწყო, უჩვეულო ვითარებაში აღმოჩნდა 16 წლის მარიამ ვეკუა. გაუჭირდა შეგუება იმასთან, რომ რეალურმა ურთიერთობებმა ონლაინ ჩატებსა და ვიდეო ზარებში გადაინაცვლა.

,,ასე ვთქვათ, ცოტათი ხელიც ჩავიქნიე ონლაინ გაკვეთილებზე ალბათ, თუმცა როდესაც პირველ გაკვეთილს დავესწარი, შემდეგ მეორეს, მივხვდი, რომ ჩვენი სკოლის მასწავლებლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩვენთვის ისეთი გარემო შეექმნათ და ისეთი სიტუაცია, რომ თავი გვეგრძნო ისე, როგორც საკლასო ოთხებში და ჩემთვის სულაც არ იყო პრობლემა ,,თიმსში’’ ჯდომა , რადგან ვიღებდი ისეთ განათლებას, როგორსაც სკოლაში და შეიძლება უფრო მეტსაც კი’’, - ამბობს მარიამი.

ამბობს, რომ თავისუფალი დრო ახალი უნარების ასათვისებლად გამოიყენა და სხვადასხვა სოციალურ თუ საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთო.

,,ახლა 2020 წელს რომ ვიხსენებ, ცოტა ტკბილად მახსენდება, მიუხედავად ამდენი სირთულისა. ჩემს თავს არ მივეცი იმის უფლება რომ თავისუფალი დრო უქმად გამეტარებინა. ძალიან ბევრ სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტში ჩავერთე. დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობდი ყოველთვის. დავესწარი უამრავ ტრენინგს და ეს 2020 წელი და ეს თვითიზოლაცია დამეხმარა საკუთრი თავის რეალიზაციაში და განვითარებაში. საკუთარ თავში აღმოვაჩინე ისეთ უნარები, რაც აქამდე არ მეგონა, რომ მქონდა. არც ვიცოდი ამდენი რამის გაკეთება თუ შემეძლო. ახლა უკვე შემიძლია 2020 წელს მიღებული გამოცდილება მომდევნო წლებში განვავითარო და განვავრცო. ეს ძალიან მახარებს, მაგრამ გარემოსთნ კონტაქტი და ადამიანებთან შეხვედრა მომენატრა ყველაზე მეტად ’’, - გვეუბნება მარიამი.
ნინო ქობალია ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში, მე-10 კლასში სწავლობს. ამბობს, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე ონლაინ სწავლებით უკმაყოფილო იყო, გარკვეული დროის შემდეგ კი სკოლაში სიარული და სწავლა უფრო დააფასა. იძულებით სახლში ჩაკეტილმა ყოველდღიურობა წიგნებით გაიმრავალფეროვნა. ნინოს ყველაზე მეტად ქუჩაში თავისუფლად სიარული და მეგობრებთან გართობა მოენატრა.

,,როდესაც მიჩვეული ხარ აქტიურ ცხოვრებას და უეცრად გიწევს სახლში ჯდომა , ეს ძალიან რთულია შესაგუებლად და თავდაპირველად გამიჭირდა კიდეც. გენატრება თითქმის ყველაფერი, გარეთ გასვლა, ადმიანებთან კომუნიკაცია, კონტაქტი მეგობრებთან, მათთან შეხვედრა და ლაპარაკი. შესაგუებელი იყო ეს ყველაფერი, რაც უეცრად დაგვატყდა თავს. ონლაინ გაკვეთილები სიმართლე გითხრათ, არც თუ ისე მომწონდა, რადგან მერჩივნა საკლასო ოთხებში გაგრძელებულიყო სწავლა, მაგრამ ონლაინ გაკვეთილებმა მასწავლა ტექნოლოგიებთან ბევრად უკეთესად მუშაობა, ვიდრე ვიცოდი’’, - გვითხრა ნინომ.

ბავშვებმა და მოზარდებმა უკვე მეორე სასწავლო წელი დასრულეს პანდემიის პირობებში. ყველა, ვისაც რადიო „ათინათი“ ესაუბრა, აღნიშნავს, რომ კოვიდმა მათი რეალობა რადიკალურად შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ჩაკეტილობასა და დისტანციურ სწავლებამ თავისი დადებითი მხარეებიც აღმოაჩნდა, ჩვენი რესპონდენტები თანხმდებიან იმაზეც, რომ მთავარი, რაც ამ პერიოდმა მათ წაართვა, ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობაა.




Print