მულტიმედია
სმარტფონების თაობა პანდემიისას - რას ფიქრობენ ზუგდიდელი ახალგაზრდები სოციალურ ქსელებზე (ფოტო/ვიდეო)
კოვიდრეგულაციებით გამოწვეულმა იზოლაციამ ახალგაზრდები სმარტფონებს კიდევ უფრო მიაჯაჭვა. პანდემიისას ჩატარებული საერთაშორისო კვლევების უმრავლესობაში აღნიშნულია, რომ იმ მოზარდებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში დიდ დროს ატარებენ, ხშირად აწუხებთ შფოთვა და უძილობა. ახალგაზრდების ნაწილი კი, ამბობს, რომ სტრესისა და დეპრესიული განწყობების დაძლევაში სოციალური ქსელი, პირიქით, ეხმარება.

ზუგდიდელი მოზარდები, რომლებსაც რადიო "ათინათი" ესაუბრა, ამბობენ, რომ ტელეფონები მათ მეგობრებთან საკონტაქტოდ, მუსიკის მოსასმენად ან ინფორმაციის მისაღებად სჭირდებათ. უმეტესობა აღიარებს, რომ პანდემიის პირობებში სმარტფონებზე დამოკიდებულება გაიზარდა, თუმცა მიაჩნიათ, რომ სოციალური მედია მათზე უფრო დადებით გავლენას ახდენს, ვიდრე უარყოფითს.




ნანა, მოსწავლე


"ფეისბუკი? არ შემიძლია მაგის გარეშე! სულ ვარ, როცა დრო მაქვს, სკოლაშიც ეს გვაქვს ბავშვებს, სულ ამით ვერთობით და ტიკ-ტოკითაც. ძალიან ცუდია, მაგრამ მივეჩვიეთ და მე, მაგალითად, არ შემიძლია ტელეფონის გარეშე. ყველანაირი ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ, ბევრი მეგობარი გავიცანი - რაღაცებში მეხმარება, თან ცუდია დამოკიდებული რომ ხარ. პანდემიის გამო, ალბათ, უფრო ჩავერთე. გარეთ გასვლის უფლება დიდად არ გვქონდა და მეგობრებს ვურეკავდით, ვიდეო ზარებით ვნახულობდით ერთმანეთს. ჩემთვის ძალიან ცუდი იყო ონლაინ გაკვეთილები, ძაან არ მომწონდა. ხან შევდიოდი, ხან კი არა, ბევრი ბავშვი ასეა. ზოგს ტელეფონი არ აქვს, ზოგს ინტერნეტი და ვერ ახერხებენ სწავლას".


ლაზარე, სტუდენტი:

"ხშირი მომხმარებელი ვარ, სმარტფონი ჩემთვის ცხოვრების ის მეგზურია, რომელსაც დიდ დროს ვუთმობ და ბევრი სიახლის მიღება შემიძლია სოციალური ქსელებიდან. ვგულისხმობ კონკრეტულად ფეისბუკს და ინსტაგრამს. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც "ვსქროლავ". ჩემი აზრით, უფრო დამამშვიდებელი პროცესია, ვიდრე ცუდის გამომწვევი. ზოგადად, პანდემიამ ბევრი ცუდი გამოიწვია და ერთ-ერთი იყო ონლაინ სწავლება, რომლის მომხრე მე პირადად არ ვარ, რადგან ჩემთვის უშუალო კონტაქტი უფრო მეტს ნიშნავს. ბევრ პრობლემას წავაწყდი ამ საკითხთან დაკავშირებით, სწავლაში ხელს მიშლიდა ეს ყოველივე, იმიტომ რომ ცუდია, როცა ასე ონლაინ გიწევს უსმინო ლექტორს თუ მასწავლებელს, რომელიც შენთან კონტაქტს და ცოდნის გადმოცემას ცდილობს. სამეგობრო წრეში იშვიათად რომ ონლაინ ურთიერთობა ვამჯობინოთ გასვლას, სეირნობას, "თრიფს". გვირჩევნია, ერთმანეთთან კონტაქტში ვიყოთ, სადმე გავისეირნოთ, არ მოვიკითხოთ ერთმანეთი უბრალოდ "ჩათით". გეთანხმებით იმაში, რომ ახლანდელი საზოგადოება იმ რისკის წინაშეა, რომელსაც სმარტფონებთან მიჯაჭვულობა ჰქვია და ჩემი გადასახედიდან ცუდია, თუმცა თუ მოინდომებ, ადამიანური ურთიერთობები ვერ ჩანაცვლდება ტელეფონით.


ელენე, აბიტურიენტი:

"ამ ბოლო დროს, დრო აღარ მაქვს, რომ დიდი დრო დავუთმო სოციალურ ქსელს, იმიტომ რომ თან ვსწავლობ, თან ვემზადები... სოციალური ქსელი გადადებული მაქვს, ვიყენებ მხოლოდ იმისთვის, რომ ინფორმაცია მოვიძიო და შევამოწმო, სიახლე დაიდო თუ არა. მანამდე უფრო მეტად ვიყავი დამოკიდებული სმარტფონზე. ვამოწმებ ხოლმე მეგობრების ფოტოებს, ცოდნასაც ვიღებ, იმიტომ რომ ბევრი ისეთი ვიდეოა, რომელიც  ძალიან მეხმარება შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში და რაღაც საკითხების გაცნობიერებაში. ზოგადად, ადამიანს როცა მოეჭიდება, ისე რომ სხვა გზას არ მისცემს, გადაადებინებს ყველაფერს განზე - სწავლას, წიგნებს და ავიწყდებათ უკვე, რომ ბევრი რაღაც აქვთ გასაკეთებელი, ცუდია. ეჩვევიან და იმდენად შედიან აზარტში, რომ უკვე ქვეცნობიერში აქვთ მხოლოდ ის რომ აი, ეს უნდა შევამოწმო, ყოველ წუთს სქროლავენ. ახალგაზრდისთვის სოციალურ ქსელზე გადაჭარბებული დამოკიდებულება ზიანის მომტანია".



ნია, აბიტურიენტი

"თითქმის ყოველდღე ვიყენებ, იმიტომ რომ საქმისთვის მჭირდება. ფოტოგრაფიას ვსწავლობ და ფოტოებს ვდებ, ვაახლებ. ინფორმაციას ვიღებ, მეგობრებს ვეკონტაქტები. ვაკონტროლებ თან, რამდენ ხანს ვიქნები, ვცდილობ, რომ ნაკლები დრო დავახარჯო მას, რადგან დიდი დროის დათმობა არ არის კარგი.გარდა გართობისა, პანდემიის პირობებში გვჭირდება სოციალური ქსელი, თუნდაც სკოლაში".


ლუკა, მოსწავლე:

"ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვიყენებ სოციალურ ქსელს, განა მხოლოდ იმიტომ რომ გავერთო, იმისთვისაც, რომ ჩემთვის არის შემეცნებითი და ვცდილობ, რომ მივიღო კარგი ინფორმაცია, გავამახვილო ყურადღება რამე საინტერესოზე. მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან ცუდი რაღაცებიც, რომელთა ასაკობრივი ზღვარიც დაცული არაა. ზოგჯერ ისეთი რამეები გვხვდება, რაც ჩემი ასაკის ბავშვმა, შესაძლოა, ძალიან ცუდად მიიღოს და იმოქმედოს მის ფსიქიკაზე, მაგრამ გვხვდება ისეთი ინფორმაციაც, რომელიც 100%-ით ვიცი, რომ გამომადგება, გამოვიყენებ ცხოვრებაში და გავუზიარებ ჩემს მეგობრებსაც. ონლაინ სწავლებისას თავიდანვე იყო რაღაც დაბრკოლებები, წინააღმდეგობები მაგრამ შევეჩვიეთ ამ პირობებს და ჩავთვალეთ, რომ ეს ჩვენთვის საჭირო იყო განათლების მისაღებად. პანდემიის პირობებში, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, მაინც ჩავდექით ფორმაში, გავართვით თავი".




Print