მულტიმედია
ხელოვნება, როგორც თერაპია - როგორ გადაატანინა ხატვამ ბაღის მასწავლებელს იზოლაციის პერიოდი (ფოტო/აუდიო)
,,როცა პირველად ჩავიკეტეთ, მარტის თვეში, ძალიან დათრგუნული ვიყავი, უეცრად ხატვა დავიწყე და ვფიქრობ, უარყოფითი ენერგია განვდევნე ახალი საქმის დაწყებით. ძალიან ვერთობოდი, მერე მომეწონა ეს პროცესი. დღეში ორი-სამი ნახატი შემეძლო დამეხატა. თუ არ ვხატავდი, ვაცხობდი. პირველი ნახატები ბავშვისას ჰგავს, მეცინება ხოლმე,’’ - გვიყვება დაწყებითი ბაღის პედაგოგი ლალი კობალავა.
მისი ცხოვრება პანდემიისას შეიცვალა, მას შემდეგ, რაც მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, როგორც თითქმის ყველა, ისიც სახლში გამოიკეტა. ლალიმ ყოველდღიური რუტინული ცხოვრებისგან თავის დასაღწევად, ნეგატიური ინფორმაციის ნაკადის ფონზე შრომატევადი, მაგრამ საინტერესო საქმე იპოვა.

ხატვა მისთვის არავის უსწავლებია. პირველი ნახატი ,,ქოთანი და გვირილები’’ იყო, თუმცა ახლა უკვე, როცა ხელი გაივარჯიშა და ხატვის ტექნიკა დახვეწა, ფიქრობს, რომ მის პირველ ნახატში შეცდომებია და ეღიმება.

,,პირველი ნახატი იყო ქოთანი და გვირილები, სოციალურ ქსელში რომ დავდე ძალიან მოეწონათ, არადა იმდენი შეცდომაა ამ ნახატში, ახლა რომ ვუყურებ მეცინება, შემდეგ უფრო დავხვეწე, არც ვიცოდი რანაირად მეხატა აკრილით. მე პირდაპირ აკრილით დავიწყე ხატვა, წყალსაც კი არ ვურევდი, არ ვიცოდი ტექნიკურად ბევრი რამ, ’’- იხსენებს ლალი.
1059fm · პირველი ნახატი ,,ქოთანი და გვირილები’’ იყო - ლალი კობალავა
გვიყვება რომ, ორი თვე ხატვის კურსებზეც იარა, პარალელურად, იუთუბზე სხვადასხვა ონლაინგაკვეთილს უყურებდა და გამოცდილებასა და ცოდნას ასე აგროვებდა.

,,ძალიან შრომატევადი საქმეა, შეიძლება, სამი, ოთხი, ხუთი და უფრო მეტი დღე დამჭირდეს ხატვისთვის, რომ დავხატავ, მერე რამდენიმე დღე ვუყურებ ჩემს ნახატს, გავივლი, გამოვივლი, ვაკვირდები და მერე უკვე ვიცი, სად რა უნდა ჩავამატო’’, - გვეუბნება ლალი.

როცა ფეისბუქზე ნამუშევრები გამოაქვეყნა, ბევრი მოწონება დაიმსახურა. მალე ერთ-ერთი ნახატი სოციალური ქსელისა და ონლაინაუქციონის მეშვეობით გაყიდა, რამდენიმე კი გააჩუქა. ლალი ძირითადად აკრილით ყვავილებს და პეიზაჯებს ხატავს. ამ დრომდე 50 - მდე ნახატი აქვს შექმნილი, მათგან კი 15 ნამუშევარი გაყიდულია.

მისი შემოქმედების პირველი შემფასებელი და მხარდამჭერი მეუღლეა, რომელსაც ძალიან ენანება ამ ნამუშევრების გაყიდვა. ლალიც ფიქრობს, რომ რამდენიმე ნახატს თვითონაც ვერ გაიმეტებს გასასხვისებლად.

,,შემოსავლის წყაროდ არც კი მიფიქრია, უბრალოდ, თავისთავად გამოვიდა ასე. როგორც კი სოციალურ ქსელში ავტვირთე ნახატი, დამეკონტაქტა ერთი გოგო და შემომთავაზა, ხომ არ გაყიდდიო. ვიფიქრე, რატომაც არა, თუ მოსწონს ჩემი ნახატი. თანხა ძალიან მიზერული ვუთხარი, მაგრამ მაშინ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარია მას მოეწონა“- იხსენებს თვითნასწავლი მხატვარი.
1059fm · შემოსავლის წყაროდ არც კი მიფიქრია, უბრალოდ, თავისთავად გამოვიდა ასე
ლალის ხატვა შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც არ მიუტოვებია. ყოველთვის ცდილობს, სამსახურისა და საოჯახო საქმეების შემდეგ, დრო შემოქმედებისთვისაც გამონახოს.

არ გამორიცხავს, რომ მომავლში პერსონალური გამოფენაზეც იფიქროს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს საქმე ჯერ კარგად უნდა ისწავლოს.

,, ვცდილობ დავიმახსოვრო ის ხალხი, ვინც ჩემი ნახატები შეიძინა. მინდა დავაგროვო ნამუშევრები. ჯერ არ ვიცი ხატვა ისე კარგად, რომ გამოფენა მოვაწყო, თუმცა ოდესმე შეიძლება“.




Print