მულტიმედია
როგორ ვისწავლოთ კითხვა სამ ენაზე - 5 წლის სოფიას გასართობი პანდემიისას (ფოტო/ვიდეო)
სოფია ხასაია 5 წლის იყო, როდესაც პანდემია დაიწყო. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, როგორც ყველას, მასაც თანატოლებთან და ნათესავებთან ურთიერთობა შეეზღუდა. მერე, პანდემია იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ იზოლაციის პერიოდში ჯერ მშობლიური ანბანი ისწავლა, შემდეგ კი ინგლისურ და რუსულ ენებზე წერა-კითხვა.
,,როგორც ყველა, ჩვენც ვისხედით სახლში. ბავშვები ძირითადად ეზოში თამაშობდნენ, სკოლა, ბაღი დაიკეტა. ვეღარსად გამყავდა გასართობად, დიდ დროს სახლში ვატარებდით ერთად, ამიტომ დავიწყეთ ენების შესწავლა, უფროსმა დამ ქრისტიმ კარგად იცის, ინგლისური და რუსული, სკოლაშიც კარგად სწავლობს და წერა - კითხვა ასწავლა დაიკოს ’’, - გვითხრა სოფიას მამამ, კობა ხასაიამ.

უფროსმა დამ, 13 წლის ქრისტინამ, რომელიც დიდხანს ონლაინგაკვეთილებს ესწრებოდა, ძალიან მოინდომა და პატარა სოფიას, ლოქდაუნის დროს, თავისი ცოდნა მარტივად გაუზიარა.

,,არც ისე რთული იყო ეს პროცესი, სოფია ყველაფერს მიჯერებდა, მარტივად, გართულებების გარეშე შევძელით გვესწავლა და გამოგვივიდა ’’, - მორიდებით გვითხრა ქრისტინამ.

მოგვიყვა, რომ დღის განრიგი გადააწყო და ყოველდღე დაახლოებით ორი საათი ამეცადინებდა დას. რამდენიმე დღეში სოფიას უცხო სიტყვების მიმართ ინტერესი გაუჩნდა. დროთა განმავლობაში სიტყვების მარაგი დაუგროვდა, დღეს კი 500 - მდე ინგლისური და რუსული სიტყვა იცის.

სწავლა-განათლების პროცესში მამაც ჩაერთო და შვილს ენის ადვილად ასათვისებლად საგანმანათლებლო შინაარსის მულტფილმებს აყურებინებდა.

ახლა, როცა, გარეთ გასვლა და თანატოლებთან თამაში უფრო შეუძლია, თავისუფალ დროს ეზოში მეგობრებთან ერთობა, ამბობს, რომ უყვარს ხატვა, ყვავილები და ცხოველები.

გვიყვება რომ კითხვა სიამოვნებს და გერმანული სწავლაზეც ფიქრობს.

სოფია ამბობს, რომ როცა გაიზრდება ექიმი გამოვა და ვინც ცუდად გახდება, ყველას დაეხმარება.

,,ვკითხულობ, ბევრს ვმეცადინეობ, მინდა რომ ექიმი გამოვიდე და გაჭირვებულებს დავეხმარო’’.

45 წლის კობა ხასაია ორ ქალიშვილს 5 წელია მარტო ზრდის, დედა საზღვარგარეთ ემიგრაციაშია და ოჯახს ეკონომიურად ეხმარება. ბავშვებს კი რამდენიმე წელია ვიდეოზარით ეკონტაქტება.

,,ხუთი წელი გავიდა, რაც მარტო ვზრდი ბავშვებს, მეუღლე ემიგრაციაშია საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული. დედა ყოველდღე ინტერნეტით რეკავს, სოფია, ქრისტი, თავის წარმატებებს უყვებიან, ეკონომიკურად გვეხმარება, ცოტა ძნელი კი არის, მაგრამ რას ვიზამთ? მამაკაცისთვის ძალიან ძნელია მარტო ბავშვების აღზრდა. საოჯახო საქმეებს ძირითადად მე ვაკეთებ, ბავშვები ერთობიან, კითხულობენ, მეცადინეობენ’’, - გვიყვება კობა ხასაია.
ის ამბობს, რომ მისი მეუღლე ძირითადად მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზრუნავს, თვითონ კი ცდილობს გოგონების შემოქმედებით, ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იზრუნოს.

,,დედას ხშირად ველაპარაკები ვოთსაფით, როცა სცალია და ვუყვები ჩემს წარმატებებზე, ბევრი ფერადი სასკოლო ნივთები გამომიგზავნა, მინდა რომ მალე ჩამოვიდეს’’, - გვითხრა სოფიამ.

სოფია ამბობს, რომ ერთი სული აქვს როდის წავა საჯარო სკოლაში, სადაც ბევრი მოსწავლე და მასწავლებელია, ფიქრობს რომ ახალი გარემო ცოდნას, ხალისს და ბევრ მეგობარს შესძენს.









Print