მულტიმედია
როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ქალმა საოჯახო ბიზნესი პანდემიისას (ფოტო/ვიდეო)
,,დღე-ღამეში ალბათ მხოლოდ 3-4 საათი მძინავს, ყველაფრის კონტროლი მე მიწევს, ზოგჯერ აქ საცხობში კონდიტერიც ვარ და მცხობელიც, ჩვენთან საწარმოში მომხმარებელს შეუძლია დილიდან საღამომდე ახალგამომცხვარი პურ-ფუნთუშეული შეიძინოს. ყველაფერი, რასაც ამ საწარმოში ხედავთ, თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების შედეგად შევქმენით. თავდაპირველად, წლების წინ, საცხობი ჩემმა მაზლმა აამუშავა, მერე ყველაფერი მე გადმომაბარა’’,- უყვება რადიო ,,ათინათს’’ ელზა კორკელია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქ ყველაფერი მხოლოდ ნატურალური პროდუქტით მზადდება.
,,ხაჭაპურისთვის ყველს, ღვეზელებისთვის ხორცს, ადგილობრივი მეწარმეებისგან სოფელში ვყიდულობთ, გვყავს პროფესიონალი მცხობელი და კონდიტერი, ამიტომ ყველაფერი ძალიან გემრიელი გამოგვდის’’.

საწარმოში, რომელიც ანაკლია - განმუხურის გზაზეა,10-მდე ადამიანია დასაქმებული. ელზა მათთან ერთად თვითონაც მუშაობს.

ამბობს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა კორონაპანდემიამ მოიცვა, პრობლემები მასაც შეექმნა, თუმცა საცხობს მუშაობა არ გაუჩერებია, მეტიც, ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა. სწორედ პანდემიისას, USAID/Zrda პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით, ელზამ საჭირო ინვენტარი და ტექნიკა შეიძინა და ტრადიციული მეთოდით და ნატურალური ინგრედიენტებით, ფუნთუშეულის, ხაჭაპურისა და ლობიანის წარმოება დაიწყო.

საცხობში ცხვება ფენოვანი, იმერული და მეგრული ხაჭაპური, ხორციანი ღვეზელი, პიცა, კექსი, კრუასანი და სხვადასხვა სახის ფუნთუშა, რომელიც დახლებზე არასოდეს რჩება.

,,პანდემიის პერიოდში დავამატეთ ტორტის და ნაცხვრების დანამატი, შევიძინე მიქსერი, ყავის აპარატი და მზადდება რამდენიმე ყავა, ადგილი კარგია, გზის პირია, ირგვლივ ბევრი სოფელია, რამდენიმე კილომეტრში ზღვა, ზაფხულში კრემიანებისგან თავი შევიკავეთ, რადგანაც არც ისე მოთხოვნადია, ზამთარში დავამატებ ტკბილეულის რამდენიმე სახეობას, გვაქვს შეკვეთით ტორტები, ნამცხვრები, რომელსაც პირადად მე ვაცხობ, ახლა ზაფხულში ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს, რეალიზაციას უმეტესწილად ადგილზე ვახერხებთ, - ამბობს ელზა.

თუ საჭიროა, დისტრიბუციას საკუთარი მსუბუქი ავტომობილით ახერხებს.

მისი თქმით, როცა ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა და შეზღუდვები დაწესდა, გარკვეული დროის განმვალობაში საცხობის მუშაობაც შეფერხდა.

ელზას ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პურ - ფუნუშეულის ფასი არ გაუზრდია. ამბობს, რომ, შარშან მისი ბიზნესი ადგილობრივი მომხმარებლის ხარჯზე გადარჩა.

,,შეზღუდვების დროს ისეთი მუშაობა და გაყიდვები არ გვქონდა, როგორც ახლა გვაქვს, თუმცა პური ისეთი რამეა, ყველას ნებისმიერ დროს გვინდა, ჩვენი ადგილობრივი მომხმარებელი გვყავს. რამდენიმე ოჯახს, ვისაც არ ქონდა შესაძლებლობები უფასოდ დავურიგეთ, იმ პერიოდში საცხობი თავის გატანას ადგილობრივი მომხმარებლის ხარჯზე ახერხებდა’’, - ამბობს ის.

შეზღუდვების მოხსნა და ტურიზმის გახსნა მის ბიზნესეც აისახა. ამ სეზონზე ადგილობრივებთან ერთადა ანაკლია - განმუხურისკენ მიმავალი ტურისტებიც ხშირად შეივლიან ხოლმე და ყიდულობენ მის პურ- ფუნთუშეულს.

,,გზის პირზე ვართ და ბოლო პერიოდში რამდენიმე ტურისტი გვეწვია , ნახეს როგორ ცხვება ხაჭაპური, ლობიანი, თონის პური, ცხობის პროცესს სურათებიც გადაურეს, თუმცა სამწუხაროდ არ გვაქვს იმხელა ფართი, რომ ეს სერვისი უფრო დახვეწილად შევთავაზოთ ტურისტებს,

საღამოს შვიდი საათის შემდეგ საცხობში მე ვრჩები და ვამზადებ, იმ შეკვეთებს რაც დღის განმავლობაში მივიღე, ტორტებს ნამცხვრებს ’’.

ელზა ახლა უფრო იმედიანადაა და იმასაც ამბობს, რომ სამომავლოდ საკონდიტრო საწარმოს დაამატებს და იქ მისულ მომხმარებლებს დესერტების შეძენის გარდა, კონდიტერების მუშაობის პროცესის ღია სივრცეში ხილვის შესაძლებლობას შესთავაზებს.





Print