მულტიმედია
თუ ექიმი არ რეკავს - კოვიდის დისტანციური მართვის პრობლემები სამეგრელო-ზემო სვანეთში (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდელ ნინო კემულარიას კორონავირუსი გაზაფხულზე დაუდასტურდა. ახალგაზრდა ქალის მონაცემები ტესტირების პუნქტში ჩაინიშნეს და უთხრეს, რომ ოჯახის ექიმი დაუკავშირდებოდა, თუმცა არც იმ დღეს, არც მომდევნო დღეებში მისთვის არავის დაურეკავს. მედიკოსებთან კონტაქტი თვითონაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.
"კონტაქტი მქონდა მეგობართან, რომელმაც დამირეკა რამდენიმე დღეში და მითხრა, რომ კოვიდი აქვს. მეც წავედი ტესტის გასაკეთებლად და დამიდასტურდა. როცა ჩემი მონაცემები ბაზაში შეიყვანეს, მითხრეს რომ დამირეკავდნენ. ის დღეც, მეორე და მესამე დღეც ისე გავიდა არავის დაურეკავს. მე მომდევნო დღესვე მქონდა სურვილი კონსულტაცია გამევლო, რადგან თავს კარგად არ ვგრძნობდი. ძალიან ვღელავდი ბავშვებზე. დავრეკე 112-ზე და მითხრეს, რომ წესით უნდა დაერეკათ და გადასცემდნენ მონაცემებს. ამავდროულად, ambulatoria.ge-ზე მოვიძიე ჩემი უბნის ექიმი, დავრეკე დევნილთა პოლიკლინიკაში, თუმცა მიპასუხა უფროსმა და მითხრა, რომ ექიმებმა უარი განაცხადეს კონსულტაციებზე, რადგან მათ ხელფასები არ დაურიგდათ. სანამ კარგად არ ავაწიოკე და რამდენჯერმე არ დავრეკე 112-ზე, არ დამიკავშირდნენ. ჩემი მოთხოვნით ერთ-ერთი ოჯახის ექიმი დამეკონტაქტა. გარდა ამისა, მეორე ექიმისთვისაც გადაუციათ ჩემი მონაცემები და ისიც დამიკავშირდა. რაც შეეხება ბავშვებს, როგორც კი დაუდასტურდათ ინფექცია, აიყვანეს აღრიცხვაზე და პედიატრი იყო ძალიან ყურადღებიანი, სულ გვირეკავდა, ძალიან სწორი და კარგი მიდგომები ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება შეიძლება ითქვას მსუბუქ ფორმაში გადავიტანე, სტრესი და ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელსაც იწვევდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი, გაცილებით მძიმე იყო ჩემთვის. კონსულტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნერვიულობის ფონზე, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ", - ამბობს ნინო.

ნინოს მსგავსად ამ პრობლემას სხვა კოვიდინფიცირებულებიც აწყდებიან. ადგილობრივი ონლაინ კლინიკის კოორდინატორი ტატო ბერია ამბობს, რომ ინფიცირებულის მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან რეგიონების მიხედვით ონლაინ კლინიკებს ეგზავნება, რის შემდეგაც ოპერატორთან შემოსული საქმე მონიტორინგზე მორიგე ექიმს აჰყავს.

"საქართველოში ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილიდან პროცესში ჩაერთვნენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და ექიმები, რომლებსაც პირობითად ონლაინ კლინიკები და ონლაინ ექიმები შეარქვეს. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ბაზაზე არსებული ონლაინ კლინიკა კოვიდინფიცირებულ პაციენტებს 24/7-ზე ემსახურება. გვყავს 12 ექიმი და 2 პედიატრი, ისინი დისტანციურ მეთვალყურეობას უწევენ პაციენტებს. თუ ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, გადაგვყავს სამედიცინო დაწესებულებაში. თუ არა, ჩვენი ექიმები მართავენ 10 დღის განმავლობაში", - ამბობს ტატო ბერია.

ის განმარტავს რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები უფინანსდებათ, უზრუნველყოფილია ინფიცირებულების ტრანსპორტირება და სრული დიაგნოსტიკა.

"მოგეხსენებათ თუ როგორ იმატა ინფიცირებულთა მომართვიანობამ, აგრესიამ, ცხელ ხაზზე დაფიქსირებულთა პრეტენზიებმა - თუ რატომ არ უკავშირდება ინფიცირებულს ონლაინ ექიმი. ძალიან ბევრი ასეთი პრეტენზიის და ზარის გადამოწმებისას დადგინდა, რომ პაციენტის მონაცემები არ არის გამოგზავნილი ონლაინ კლინიკაში, რომ მართოს ოჯახის ექიმმა. არის შემთხვევები, როდესაც არის ბაზაში, მაგრამ საკონტაქტოდ მითითებული ნომერი არასწორია, ან სხვას ეკუთვნის ან კიდევ მიუწვდომელია", - ამბობს ექიმი.

ამ ეტაპზე მის დაქვემდებარებაში მყოფი ექიმები და პედიატრები ზუგდიდის, მესტიისა და სენაკის მოსახლეობას ემსახურებიან. ყოველდღე მათ 140-160 ახალი ინფიცირებულის აღრიცხვა უწევთ.

"ყველასთან ინდივიდუალურად ხდება დაკავშირება. მინდა გითხრათ, რომ უდიდეს შრომას ეწევიან ჩვენი ექიმები, ნამდვილი გმირები არიან, რომლებიც ბიოლოგიურ ომში იბრძვიან. საზოგადოებას მინდა მივმართო, ნუ იქნებიან აგრესიულები ექიმების მიმართ. თქვენს მონაცემებზე რეაგირებას ონლაინ კლინიკის ექიმები დროულად აწარმოებენ, მთავარია ონლაინ კლინიკის ბაზაში დროულად აღმოჩნდეთ. თუ დაავადება დაგიდასტურდათ და 24 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი, აუცილებლად დარეკეთ 112-ში ან 1522-ზე და დატოვეთ შეტყობინება, რომ ხართ ინფიცირებული და დაგიკავშირდეთ ოჯახის ექიმი. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ პირადად ჩემს ნომერზე დამიკავშირდეთ 592 233 112. დღეს, ყველაზე მეტად გვჭირდება თანადგომა, რომ ამ ომში გავიმარჯვოთ".

ონლაინ კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის ბავშვთა სამსახურის უფროსი მზია გერგედავა. ის 0-დან 18 წლამდე პაციენტებს უწევს მეთვალყურეობას. მათი რიცხვი ერთდროულად 60-დან 70-მდე მერყეობს.

"სამუშაო დღე ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პედიატრიული პაციენტების მოკითხვით იწყება. ყოველდღიურად ვაფასებთ გამოვლენილ კლინიკურ სიმპტომებს და გავცემთ შესაბამის რეკომენდაციებს. გამომდინარე იქიდან, რომ, ძირითადად, პედიატრიული პაციენტებია ჩემი მონიტორინგის ჯგუფი, დახმარებას გვიწევენ მშობლები. სწორედ მშობლის მიერ სწორად აღქმული ზოგადი კლინიკური მდგომარეობა ბავშვის, ჩემს ჩართულობასთან ერთად, არის საუკეთესო მართვა ბინაზე მყოფი პაციენტის", - გვითხრა პედიატრმა.

მზია გერგედავა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი წლამდე ბავშვებში, რომელთა მართვაც ონლაინ რეჟიმში შედარებით რთულია.

"ჩემი როგორც პედიატრის ძალიან დიდი თხოვნა გავითვალისწინოთ და შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია, რომ გადავარჩინოთ როგორც ჩვენი, ისე ჩვენი მომავლის სიცოცხლე".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, დღეის მონაცემებით რეგიონში კორონავირუსის 3 413 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 444 ინფიცირებული კოვიდკლინიკებში მკურნალობს, 2 946 კი ბინაზე იმართება. 23 პირი კარანტინში იმყოფება. მხოლოდ აგვისტოში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, კოვიდს უკვე 83 ადამიანი ემსხვერპლა.


Print