მულტიმედია
„ვაქცინაციაზე მეტი უნდა ვილაპარაკოთ“ - მასწავლებელი ორსანტიიდან, რომელმაც პანდემიისას ქართულის ვიდეოგაკვეთილები დაიწყო (ფოტო/აუდიო)
პოლიომიელიტი, ყვავილი და წითელა, რით მოვიშორეთ? აცრის საშუალებით დავამარცხეთ და ეს დაგვავიწყდა, სხვათაშორის ძალიან ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და სულ არ მგონია, რომ ამ აცრის გაკეთებით ანტიქრისტეს ბეჭედს ვიღებ, ეს არის სისულელე, რასაც ვიღაცები ავრცელებენ. ვაქცინაციაზე მეტი უნდა ვილაპარაკოთ ხალხთან, რომ დავარწმუნოთ, სხვაგვარად ამ შავ ჭირს ვერ მოვიშორებთ. მე გამოვცადე, საბედნიეროდ, კარგად გამოვძვერი. ვირუსისგან თავი უნდა დაიცვა და დაცვის ერთადერთი მექანიზმი აცრაა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული’’, - გვეუბნება თინა უზარაშვილი.
1059fm · თინათინ უზარაშვილი - ვაქცინაციაზე
ის სოფელ ორსანტიაში ცხოვრობს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და სჯერა, რომ როგორც პედაგოგს, მას პანდემიის დროსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.

„ფაიზერის“ პირველი დოზა უკვე გაიკეთა, როგორც კი სავალდებულო ვადა გავა, მეორედაც აიცრება და ინფიცირებისაგან ან ვირუსის გართულებული ვარიანტისგან საკუთარ თავსაც დაიცავს და სხვასაც. უხარია, რომ მის გარშემო შვილები, შვილიშვილები, დები, ძმები, ყველანი აცრილები არიან. ხვალ კი მეზობელს მიჰყვება აცრაზე.

,,აცრის მერე უფრო თამამად ვარ, თუმცა მოსწავლეებთან, რომლებსაც ვამზადებ, მაინც მკაცრად ვიცავ წესებს. დიდი სამუშაო კაბინეტი მაქვს, გვერდიგვერდ არ დავსვამ მოსწავლეებს, ჯგუფში ხუთ ბავშვზე მეტს არ ვსვამ. ზუგდიდშიც და სოფელშიც იმხელა ფართი მაქვს, რომ დისტანციის დაცვით მოთავსდნენ ბავშები და კომფორტულად ვიმეცადინოთ. პარალელურად, თბილისიდან და სხვა სოფლებიდან რამდენიმე აბიტურიენტია, რომლებსაც ონლაინ ვამეცადინებ, რამდენიმე დღეში დავიწყებთ მეცადინეობებს ონლაინაც და პირისპირაც’’, - გვიყვება თინა.

64 წლის მასწავლებელი  პანდემიის პირველი ტალღის პერიოდს იხსენებს. კარანტინის დროს გადაწყვიტა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებს და აბიტურიენტებს დახმარებოდა და იუთუბ არხზე ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა დაიწყო, ტექნიკური საკითხების მოგვარებაში კი ქალიშვილი დაეხმარა. 

,,როცა ონლაინგაკვეთილებზე გადავედით, თავიდან მე თვითონ არ ვიყავი ჩემი თავით კმაყოფილი, ვიზუალში წინ რომ გიზის ბავშვი და  უხსნი და თვალებში უყურებ  სულ სხვა ეფექტია და სულ სხვა უკუგება ხდება იმ ცოდნის, ამიტომ ჩავთვალე რომ ეს არის უკიდურესი ფორმა, როცა სხვა გზა არ არის. ჩემი გოგონას დიდი წვლილია ამ საქმეში, ვიფიქრე რა გავაკეთო, ვიღაცას შევეხიდო, გამოვადგე, რაღაც საქმეში წავადგე, ალბათ ეს ყველა ადამიანის მოთხოვნილებაა, რომ რაც შენშია, გინდა, სხვას გაუნაწილო და მისცე სანამ დროა. მე და ჩემმა გოგომ ერთად დავგეგმეთ გადაცემების ჩაწერა და იუთუბ არხზე გავრცელება’’.
1059fm · თინათინ უზარაშვილი - ონლაინ გაკვეთილების შესახებ
საკუთარ იუთუბ არხს და ფეისბუქ გვერდს ის სახელი ,,თინა მასწ’’ შეურჩია, რასაც მისი მოსწავლეები ეძახიან. პირველი ვიდეოგაკვეთილი კი პანდემიის საწყის ეტაპზე 2020  წლის 6 მაისს ჩაწერა და იუთუბზე ატვირთა.

,,სახელწოდებაზე დიდხანს არ გვიფიქრია, ჩემი მოსწავლეები სულ ასე ,,თინა მასწ’’ მომართავდნენ და გადავწყვიტეთ სოციალურ ქსელებშიც ეს სახელი დამეტოვებინა’’.

ახლა კი, როცა საქართველოში პანდემიის მესამე ტალღაა და ახალი სასწავლო წელი იწყება, ფიქრობს, რომ მისი რესურსების  დაინტერესებული მოსწავლეებისთვის გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და მათი გამხნევება ნაწილობრივ მოახერხა, რაც ძალიან ახარებს. 

,,ვინც ეს გავკვეთილები მოისმინა იუთუბზე, შემხმიანებიან კიდეც, დავალებები გამოუგზავნიათ, გამისწორებია და ინდივიდუალურად ცალკე გვისაუბრია, როცა კარანტინი მოიხსნა, მერე რამდენიმე მოსწავლეს პირადადაც  შევხვდი, კმაყოფილები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ამბობდნენ, რომ ძალიან დაეხმარა მათ ჩემი გაკვეთილები. ჩემთვის ეს ბედნიერებაა, როცა ვიღაცა გეტყვის, რომ „მე წამადგა თქვენი შრომა’’, - გვეუბნება თინა უზარაშვილი.

ფიქრობს, რომ შემოდგომაზე ვიდეოგაკვეთილების ჩაწერას ისევ გააგრძელებს.

თინა უზარაშვილი, ოჯახთან ერთად, ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში ცხოვრობს. ის აფხაზეთიდან, გალის რაიონის სოფელ რეფიდანაა. გვიყვება, რომ უნივერიტეტის დამთავრებისა და ოჯახის შექმნის შემდეგ, საცხოვრებლად ორსანტიაში გადმოვიდა, მუშაობა ჯერ ცოტა ხნით ზუგდიდის პირველ საშუალო სკოლაში დაიწყო, შემდეგ კი სოფელ ორსანტიაში გააგრძელა, სადაც 15 წელზე მეტი იმუშავა.

ბავშვებთან კონტაქტის მოთხოვნილებას აბიტურიენტებთან ურთიერთობით იკმაყოფილებს. გვეუბნება, რომ ონლაინგაკვეთილების დროს მოსწავლეებთან წინასწარ ათანხმებს და კომუნიკაციას მათთან მესენჯერის ან სკაიპის საშუალებით ახერხებს.

მისი თქმით, სწავლის გარდა მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მისცეს საშუალება, იყვნენ უფრო თავისუფალი  და ღია, ამიტომ ცდილობს მათ მეტი გასაქანი მისცეს. ამბობს, რომ ყველა ბავშვი ახსოვს და უყვარს, ვისაც მასთან უსწავლია.

,,ყველა მასწავლებელი უნდა ცდილობდეს, რომ მოსწავლეში თავისუფალი ადამიანი აღზარდოს, შემდგომ უკვე ის უნდა იყოს მზად ამ ცოდნის მისაღებად. მან პიროვნებად უნდა იგრძნოს თავი პირველ რიგში. შეიძლება კარგი ფილოლოგი იყო, კარგი მეცნიერი იყო, მაგრამ პედაგოგად თუ არ დაიბადე, სხვისი შვილების ცოდვაში არ უნდა ჩადგე და სკოლაში არ უნდა შეხვიდე. ბავშვები უნდა გიყვარდეს, ცუდი ბავშვი არ არსებობს, დღემდე ყველა ბავშვი მიყვარს, ვისაც ჩემს ხელში გაუვლია’’, - ამბობს თინა მასწავლებელი.
1059fm · თინათინ უზარაშვილი - ყველა ბავშვი მიყვარს
მიიჩნევს, რომ დისტანციური სწავლის მოდელი არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც რეალურ საგანმანათლებლო სივრცეში სწავლა, თუმცა ამ ფორმატით ბავშვებთან ურთიერთობა მისთვის გამოწვევაა.

,,არ არის ეს ის შედეგი, რაც არის პირდაპირ გაკვეთილზე. პირისპირ სწავლება არის მნიშვნელოვანი, როგორც განათლების ხარისხის, ასევე სოციალური ურთიერთობებისთვის, რას ვიზამთ ეს ჩვენი რეალობაა და ვერ გავექცევით“.




Print