მულტიმედია
როგორ მოხვდნენ სირაქლემები სამეგრელოში (ფოტო/ვიდეო)
35 წლის ლევან ფაღავამ აფრიკული სირაქლემების მოშენებაზე ფიქრი 3 წლის წინ დაიწყო. საინკუბაციო კვერცხები საზღვარგარეთიდან ჩამოიტანა და პირველი წიწილები თბილისში გამოიჩეკნენ. თავდაპირველად მათ მრავალსართულიან კორპუსში, საკუთარი ბინის აივანზე ზრდიდა, მოგვიანებით კი მარტვილში ჩაიყვანა. ამჟამად, მცირე ფერმებში, რომლებიც ნაგვაზაოსა და ხახუნაოშია მოწყობილი, 18 ზრდასრული სირაქლემა და 10 წიწილა ჰყავს. გაზაფხულისთვის ვიზიტორების მისაღებად კონტაქტური ზოოპარკის გახსნას გეგმავს. შერეულ მეურნეობაში აფრიკული სირაქლემების გარდა, 30-მდე სახეობის დეკორატიული ფრინველი, მათ შორის, ფარშევანგები და ხოხბები ჰყავს მოშენებული. აქვე ნახავთ ჰოლანდიურ ძროხებს და ვიეტნამურ ღორებსა და თხებს.
"ვფიქრობდი, რა შეიძლება დავიწყოთ ისეთი, რაც საქართველოსთვის ახალი იქნება და ამ ფიქრებმა  სირაქლემებამდე მიმიყვანა. მეღვინე ვარ და კახეთში მქონდა ამ იდეის განხორციელების სურვილი, მაგრამ დაემთხვა ისე, რომ არქივში მივაკვლიე, თუ საიდან იყვნენ ჩემი წინაპრები. 4 თაობის განმავლობაში დაკარგული იყო ეს ინფორმაცია. რეპრესირებული იყო ჩვენი ოჯახი. 1921 წელს, ჩემი დიდი ბაბუის მამის მშობლები დახვრიტეს, მაშინ თვითონ 14 წლის იყო და ნათლიამ გაზარდა თბილისში. სამწუხაროდ, იმ დროს შეწყდა ჩვენი სიყვარული და ურთიერთობა სამეგრელოსთან. ასე, რომ ჩამოვედი სამი წლის წინ და ვეღარ მივდივარ, მით უფრო ახლა", - გვიყვება ლევანი.
გვიხსნის, რომ სირაქლემას საინკუბაციო კვერცხების საქართველოში ჩამოტანა საკმად დიდ ბიუროკრატიულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. თავდაპირველად, ევროპიდან ზრდასრული სირაქლემების ჩამოყვანას გეგმავდა, თუმცა ეს დიდ დანახარჯებს მოითხოვდა.

"კვერცხები სათითაოდ ჩამოვიტანეთ... ხან მეგობრებს დავაბარე. შვეიცარიიდან ვინმე თუ მოფრინავდა და მეუბნებოდა, ლევან, მაგარი შოკოლადი უნდა ჩამოგიტანო, ვეუბნებოდი - არ მინდა, ჩამომიტანე სირაქლემას საინკუბაციო კვერცხი. ასე მოვაგროვეთ, გამოიჩეკნენ ადგილზე და ახლა უკვე ზრდასრული სირაქლემები გვყავს. სხვათა შორის, ძალიან მშვიდები არიან, ხმაური არ უყვართ და არც ქვიშაში ჰყოფენ თავს (იცინის). უწყინარი ფრინველები არიან, თუმცა არ ვიცი, როგორები იქნებიან კვერცხდების დროს, ამ წელს უწევთ ეს პერიოდი", - ამბობს ლევანი და დასძენს, რომ არასაკმარისი გამოცდილების და ინფორმაციის გამო, პირველი 100 კვერცხიდან, მხოლოდ 12 წიწილა გამოიჩეკა.

ფერმერის თქმით, ყველაზე რთული სირაქლემების მოვლისას მათი კვებაა - ერთ ზრდასრულ ფრინველს დღეში 2-დან 5 კგ-მდე საკვები სჭირდება, რისთვისაც ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობენ სიმინდსა და ხორბალს. მათთვის 15 კომპონენტიან საკვებს ამზადებენ.  

გარდა ამისა, როგორც ამბობს, სირაქლემებს  სჭირდებათ დიდი სივრცე, რადგან მათთვის სირბილი ძალიან მნიშვნელოვანია.

"განსაკუთრებული მოვლა 2 თვემდე სჭირდებათ, ფეხები აქვთ ძალიან სუსტი. შემდეგ კი ძალიან გამძლეები არიან დაავადებების მიმართ",- ამბობს ლევანი.

ლევან ფაღავა გაზაფხულისთვის ვიზიტორების მისაღებად ემზადება. ამჟამად, კონტაქტური ზოოპარკის მოწყობის სამუშაოებით არის დაკავებული. გარდა ამისა, სურს ფერმის მიმდებარედ კვების ობიექტი მოაწყოს, სადაც სტუმრებს მხოლოდ ნატურალური პროდუქტით გაუმასპინძლდებიან. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ფრინველების ექსპორტზე ფიქრობს.

"ცალკე კიდევ არის მეხორცული მიმართულება, ასევე ბუმბული. ქონი კი გამოიყენება პარფიუმერიაში. ჩემი საქმიანობა ბიზნესის სახეს ალბათ 2 წლის შემდეგ მიიღებს. ახლა უფრო ზოოპარკის ნაწილის მიმართულებით ვმუშაობ.  გაყიდული გვყავს 2 სირაქლემა, დეკორატიული მიმართულებით შეიძინეს ფერმერებმა. რა თქმა უნდა გეგმაში არის, რომ გავყიდოთ, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავიტანოთ ექსპორტზე. ექსპორტთან დაკავშირებული მხოლოდ თეორიული გეგმები არსებობს ამ ეტაპზე, უფრო მომავალში განვიხილავთ, რადგან უკვე ჩვენი გამრავლებული გვეყოლება და უფრო მარტივი იქნება შესაბამისად გასაყიდი რაოდენობის განსაზღვრა. ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე თუ იქნება დაინტერესება, მყავს გასაყიდად 2 მოზარდი", - გვეუბნება ლევანი.

როგორც გაირკვა, აფრიკული სირაქლემები სამეგრელოს ტენიან გარემოს კარგად შეეგუვნენ. წელს გავიგებთ, როგორ გამრავლდებიან ისინი მათთვის უჩვეულო გარემოში და დაიწყებენ თუ არა კვერცხების დადებას.


Print