ინტერვიუ
რატომ გავხდი მასწავლებელი - ინტერვიუ ზუგდიდის ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვან მასწავლებლებთან (ფოტო)
"მყავდა ერთი მასწავლებელი, რომლიც ძალიან არ მომწონდა, ჩემში ვერ ხედავდა იმას, რაც უნდა დაენახა. სწორედ ის გახდა ჩემი მოტივაცია ამერჩია ეს პროფესია, ბავშვებს რომ არ ჰყოლოდათ ისეთი მასწავლებლები, როგორიც მე მყავდა".

როგორც ჩანს, მე და ჩემს პირველ რესპონდენტს ერთი საერთო გვაქვს - ორივეს სკოლის რაღაც ეტაპზე ცუდი მასწავლებელი გვყავდა. შეიძლება, მასწავლებელმა ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია ძალიან კარგად იცოდეს, იმაზე უკეთაც, ვიდრე სასკოლო პროგრამა მოითხოვს, თუმცა ყველაზე რთული მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ორმხრივი კომუნიკაციის არსებობაა. თუ ბავშვი მასწავლებელში მეგობარს ვერ ხედავს და მას არ ენდობა, იმ პრობლემაზე არაფერს ეტყვის, რაც მას აწუხებს.

სალომე კვატიძე ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ის მუნიციპალიტეტში ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელია.

- ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, როცა მასწავლებელი ხარ მხოლოდ საგანს არ ასწავლი, ახლაც ჩემს ერთ მოსწავლეს ვესაუბრები...

- მთავარია ის თუ გესაუბრებათ?

- კი, გეთანხმებით, მთავარი ეს არის, სწორედ მის პრობლემაზე ვსაუბრობთ. მე ჩემის მხრივ რჩევას ვაძლევ, რამდენად გაითვალისწინებს, ეს სხვა საკითხია. მთავარია ბავშვს ვინმემ მოუსმინოს. ჩემი აზრით, მოსწავლეებს ჩემს მიმართ ნდობა აქვთ. მათგან მეც ძალიან ბევრ რჩევას ვიღებ.

მასწავლებლის დღე მუნიციპალიტეტში უხუცეს პედაგოგს, 82 წლის ანგელინა ჯგუბურიას ჩხორიის საჯარო სკოლაში მივულოცეთ. სკოლაში უკვე 52 წელია მუშაობს, 26 წელი ამავე სკოლის დირექტორი იყო, პროფესიული საქმიანობისთვის ღირსების ორდენიც მიიღო. ამბობს, რომ ბავშვები და მათთან მუშაობა ყველაზე მეტად უყვარს. მისი მთავარი მოტივატორი სწორედ ბავშვები არიან, რომლებთანაც ყოველ დღეს ატარებს.

"დამწყებ მასწავლებლებს ერთადერთ რჩევას მივცემ, თუ ბავშვები არ უყვართ, სკოლაში ნუ შემოვლენ. ბავშვები ჩვენგან მხოლოდ სიყვარულს და გაგებას ითხოვენ. მასწავლებელი უნდა ხვდებოდეს როგორ განწყობაზე მოდის ბავშვი სკოლაში. მასწავლებლობა ჩემი პედაგოგის გამო გადავწყვიტე, კლასში შემოვიდოდა თუ არა მეტყოდა - ჯგუბუ, გამახარეო! მამაჩემი სკოლის დირექტორი იყო, როცა პირველად შემომთავაზეს სკოლის ჩაბარება, სწორედ მისი სახელის უკვდავსაყოფად დავთანხმდი ამ საპასუხისმგებლო საქმეს, თან მაშინ ცუდი დრო იყო, მთავარი საფიქრალი ის გვქონდა, როგორ გაგვეთბო ბავშვები ზამთრის სიცივეში".

მე სკოლა სულ რამდენიმე წლის წინ დავამთავრე. სამწუხაროდ, არ გამიმართლა - არ მყავდა მასწავლებელი, რომელიც ჩვენს მოსმენას ცდილობდა. დღეს კი ორი გამორჩეული მასწავლებელი დამეთანხმა, რომ თუ ბავშვს მასწავლებელთან საუბრის სურვილი არ აქვს, ესე იგი პრობლემა სწორედ მასწავლებელშია.



Print