მულტიმედია
რობოტი თამადა და კედლის დეკორატიული სათბური - ზუგდიდელი გამომგონებლების წარმატებული სტარტაპები
ზუგდიდში შექმნილმა ორმა სტარტაფმა, ბიზნეს იდეების კონკურსზე საპრიზო ადგილები დაიკავა - "რობოტი თამადის" და "დეკორატიული კედლის სათბურის" პროტოტიპებზე,  ზუგდიდის ტექნოპარკის გუნდებმა მუშაობა 5 თვის წინ დაიწყეს. "Hardware StartUP" ინკუბატორის პროექტში საქართველოს სხვადასხვა ტექნოპარკში შექმნილი 48 გუნდი მონაწილეობდა.

"რობოტი თამადა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პროექტია. ვმუშაობთ რობოტების ჯგუფზე, რომელიც რამდენიმე პროტოტიპით იქნება დაკომპლექტებული. რობოტი თამადა სახასიათო პერსონაჟია, კულტულურ ხასიათს ატარებს, გვაქვს მარკეტინგული გათვლებიც. ROBO TECH-ის სხვა რობოტები მომხმარებლებს ყოფით ცხოვრებაში დაეხმარება. ვმუშაობთ რობოტი ბებიის პროტოტიპზეც, რომელიც ზღაპრებს მოყვება", - უთხრა რადიო "ათინათს" ROBOTECH-ის თანადამფუძნებელმა გიგი გამსახურდიამ.

RoboTech-ის დამფუძნებლები სკოლის მოსწავლეები არიან. რობოტი "თამადის" იდეამ 6 000 ლარიანი თანადაფინანსება მიიღო. გუნდის წევრებმა ეს თანხა ბიზნეს იდეის განვითარების და ბაზარზე გასვლისთვის უნდა გამოიყენონ.

მეორე პროექტი, რომელმაც ბიზნეს იდეისთვის სპარკის 4000 ლარიანი გრანტი მიიღო, GreenWall-ის დეკორატიული სათბურია. იდეა დეკორატიულ სასათბურე საშუალებას გულისხმობს. გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათ მიერ შექმნილი სათბური მცენარეს იდეალურ ტენიანობას და ტემპერატურას უქმნის.

მცენარე სპეციალური, მცირე ზომის რეზერუარიდან წყალს ტენიანობის დონის შესაბამისად იღებს. კონკურსის გამარჯვებული გუნდები ბიზნეს იდეებიის კომერციულ ნაწილზე მუშაობენ და ბაზარზე გასვლას ახლო მომავლში გეგმავენ.
Print