მულტიმედია
მეგრული და აფხაზური ვაზის ჯიშებით გატაცებული ზუგდიდელი ექიმი (ფოტო)
ზუგდიდელმა ექიმმა გიორგი ქორთუამ უძველესი მეგრული ვაზის ჯიშების მოძიება 20 წლის წინ დაიწყო. მათ აღმოსაჩენად წლების განმავლობაში სამეგრელოს სხვადასხვა სოფელი შემოიარა.

ვაზის სიყვარული ოჯახიდან გამოჰყვა. გვიყვება, რომ ბაბუამისს ვენახში უძველესი ვაზის ჯიშები "ჭვიტილური" და "ჩეჭიფეში" ჰქონდა დარგული და მარანში ილოცებოდა, რომელიც კომუნისტებმა დააშლევინეს.

"ბაბუა პირველი მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ოფიცერ ბაბუას შემოუთვალეს, ანდრონიკე, შენს მარანში სანთლის სუნი გამოდის, რიტუალებს ატარებ, ილოცებიო. მთელი ცხოვრება ილოცებოდა, ქვევრები ჰქონდა, ახალი ჩამოსული იყო ომიდან და იძულებული გახდა დაეშალა ეს მარანი, ფარულად გააკეთა დაფნის ლაბირინთი და იქ ატარებდა ლოცვას", - გაიხსენა ჩვენმა რესპონდენტმა.

თეორიულად მიღებული ცოდნის გამოყენება ეტაპობრივად პრაქტიკაში დაიწყო, რაშიც, როგორც ამბობს, პროფესიაც დაეხმარა. 

"არც ვიცი, რამდენ ვენახში ვარ ნამყოფი.  რამდენი პაციენტის სახლში მივსულვარ, პაციენტებს ვეკითხებოდი და ასე ბევრ ჯიშს ასე მივაგენი.  ბაბუაჩემის ძმის ვენახში აღმოვაჩინე თითო - თითო ნერგებად დარჩენილი  ტოროკუჩხი, ჭვიტილური, პანეში, ავიღე კვირტები და დავიწყე გამრავლება", - გვითხრა მან.

ზუგდიდის სოფელ ძველ აბასთუმანში, მამაპაპისეულ ნაკვეთში ვენახი გააშენა, სადაც 17-მდე მეგრული და ორი აფხაზური  ვაზის ჯიში "ამლახუ" და "აწნიჟი" გაახარა. "ქართული ვაზის ჯიშების" კატალოგში კი მის მიერ აღმოჩენილი და მიკვლეული "შხუჩეშის" ფოტოა შესული.

მიუხედავად ექიმ-დერმატოლოგისა და რეგიონული დისპანსერის დირექტორის დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ვენახის მოვლისა და განვითარებისთვის დროს ყოველთვის პოულობს.

გვიყვება, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსულ  აფხაზ პაციენტებთან, რომლებიც ვაზის და ღვინის ქომაგები არიან, ბევრჯერ უსაუბრია მევენახეობასა და საერთო ტრადიციებზე. მათგან აფხაზურ ღვინოები "ლიხნი", "ჩეგემსი" და "ბუკეტ აფხაზია" საჩუქრად მიიღო.

"ჩვენი, მეგრელების და აფხაზების ტრადიცია აბსოლუტურად იდენტურია. წესი, ზნე, ჩვეულება, ადათი - ეს ისე გადადიოდა ერთმანეთში, ტყუილად არ აქვს დაწერილი ლექსი შოთა ნიშნიანიძეს - ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშს და აფხაზეთსო, ეს მარტო ხატოვანი გამოთქმა არ იყო, ეს იყო რეალობა", - გვეუბნება ზუგდიდელი ექიმი.

გიორგი ქორთუა მიიჩნევს, რომ ვაზს, ვენახს, ღვინოს არ აქვს საზღვრები... ოცნებობს, რომ აფხაზებს და მეგრელებს საერთო ვენახი ჰქონდეთ, სადაც ვაზის მეგრულ და აფხაზურ ჯიშებს მოიყვანენ, მერე კი ღვინოც ჩამოისხმევა. მაშინ, როგორც თვითონ ამბობს, აფხაზები მოიწონებენ თავს "ამლახუთი" თუ "ავასირხვათი", მეგრელები კი თეთრი "ჭვიტილურით" ან "კოლოშით".

ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „ათინათი“ და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.


Print