მულტიმედია
მებადურობიდან ხის ოსტატობამდე - სოხუმელი ნუგზარ ჟვანიას იმედიანი სახელოსნო (ფოტო/ვიდეო)

ამ სახელოსნოში, რომელსაც მეორე სახლს ეძახის, ნუგზარ ჟვანია ყოველდღე დადის. აქ, თითოეულ ხელსაწყოს და დანადგარს თავისი ისტორია და ადგილი აქვს.


ნუგზარი აფხაზეთიდან დევნილია, სოხუმის სიყვარულმა ზღვასთან ახლოს, ფოთში დასახლება გადააწყვეტინა, სადაც მამასთან და ბიძასთან ერთად წლების მანძილზე მებადურად მუშაობდა.
ნუგზარის ამბავი ასე დაიწყო - პარალელურად, რადგანაც ბავშვობიდან ხატვაც ეხერხებოდა, სხვა საქმეშიც სცადა ძალები - თაბაშირის ფიგურების ჩამოსხმა დაიწყო. როცა მიხვდა, რომ გამოსდიოდა, გადაწყვიტა ხელობა დამატებითი შემოსავლის წყაროდ ექცია. ამ ძიებაში ხეზე მუშაობის სურვილიც გაუჩნდა, ამისთვის კი ხელსაწყოები დასჭირდა. დღეს მის სახელოსნოში წლების მანძილზე ნაგროვებ  და შეძენილ სხვადასხვა ინსტრუმენტს ნახავთ. 

"…ეს ინსტრუმენტი კიდევ ას წელს იმუშავებს, შალაშინიც მაქვს, ისიც ჯართში ვიყიდე, ფასი არ იციან ამ ნივთების, ცოტა ალესვაა საჭირო მხოლოდ და მორჩა", - გვიჩვენებს ძველ ხელსაწყოს, რომელსაც მეორე "სიცოცხლე" მისცა.

დროთა განმავლობაში ხეზე მუშაობა მისთვის ძირითად საქმიანობად იქცა. თავდაპირველად, მეგობართან ერთად  ამხანაგობა შექმნა, შემდეგ კი ინდმეწარმედ დარეგისტრირდა და მცირე ბიზნესის განვითარებაზეც დაიწყო ფიქრი, რასაც თანამედროვე დანადგარების გარეშე ვერ შეძლებდა. დაფინანსების მოსაპოვებლად ბიზნეს გეგმაც დაწერა. პირველი დანადგარი სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული გრანტით შეიძინა. 

"…მოვიძიეთ ინფორმაცია და ბიზნეს გეგმა დავწერეთ. თავიდან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ამდენ ქაღალდთან და დოკუმენტთან მუშაობა…მაგრამ, როდესაც   შეხება გაქვს  და იცი, რასაც აკეთებ, მარტივია ყველაფრის გამოთვლა…", - ამბობს ხის ოსტატი.

შემდეგი ნაბიჯები უფრო თამამად გადადგა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ გამოცხადებული გრანტის მოპოვება სცადა. სცადა და მიიღო კიდეც. ახლა მის პატარა სახელოსნოს ხის დასამუშავებელი ორი თანამედროვე დანადგარი დაემატა, რამაც მისი მუშაობა  ბევრად გაამარტივა  და უფრო პროდუქტიული გახადა.

"დანადგარი თანამედროვე ტორცული ხერხია, რომელიც ყველანაირ გრადუსით ჭრის მასალას. არაჩვეულებრივი ხერხია, ამას შედარებით დიდი დანა აქვს და უფრო დიდი მასიური ხეების დახერხვა - დამუშავება შევძელი. ეს ხერხი მოძრაობს, დახრის და მობრუნების კუთხის რეგულირება შეიძლება", - ამბობს მეწარმე.

გატაცებით გვიყვება გრანტის ფარგლებში შეძენილ მეორე დაზგის უპირატესობებზე ძველ დანადგარებთან შედარებით. მისი თქმით, ასეთი მახასიათებლებით, მას ინსტრუქტორის გარეშე, თუნდაც ინტერნეტით შეუძლია ახალი ტექნოლოგიების ათვისება  და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა. 
"უნიკალური ხელსაწყოა ძალიან მაღალი დონის, ინგლისური ბრენდია და რეკორდული სიმძლავრე აქვს. …მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ოთხკუთხა ჭრილს აკეთებს და ძალიან ამარტივებს მუშაობას", - გვიხსნის ხის ოსტატი.


რაკი საკუთარ მომავალს ამ საქმიანობას უკავშირებს, ამ სფეროში ცოდნისა და უნარების გაღრმავება გადაწყვიტა და ფოთის  პროფესიული კოლეჯის სტუდენტიც გახდა ხის მხატვრული დამუშავების მიმართულებით, რაშიც დევნილთა სამინისტროს პროგრამა დაეხმარა.


"... ნებისმიერ დევნილს შეეძლო უსასყიდლოდ ჩაბარება, მეცხრე კლასის ზემოთ,  ზედა ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ იყო...ერთგვარი გადამზადებაა ჩემთვის და ძალიან საინტერესოა", - ამბობს იგი.

ნუგზარი იმასაც აღნიშნავს, რომ მეტნაკლებად კერძო კომპანიებიც ცდილობენ ადგილზე მეწარმეების წახალისებას. თუმცა, მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე მცირე ბიზნესის განვითარება, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერისა  და ხელშეწყობის გარეშე გაუჭირდებოდა.

ახლა იმედიც აქვს და მოტივაციაც. ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებს და თავადაც გააქვს სარეალიზაციოდ პროდუქცია. მასალას, იქვე, ფოთში ყიდულობს.

"საქართველო არის ღვინის ქვეყანა, უფრო ამ თემატიკასთან დაკავშირებულ ნაკეთობებს ვამზადებ...აი, მაგალითად, კონტრაბასის ფორმის ბოთლების ჩასალაგებელი, ან ყუთები.მინდა რომ ღვინის თემის გარშემო უფრო მეტი პროდუქტი მქონდეს...ასევე, სანათებს, ჭაღებს და სხვა ნაკეთობებს ვამზადებ... მომავლისთვის გაფართოებასაც ვგეგმავ, ამ შემთხვევაში, 1 ან 2 ადამიანიც დასაქმდება. სხვანაირად საქმე ვერ მოესწრება", - ამბობს ნუგზარ ჟვანია.

ისიც კარგად ესმის, რომ საკუთარი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია, პოტენციურ დამკვეთთა ან მყიდველთა უფრო ფართო წრეს უნდა გააცნოს, რისთვისაც, დასაწყისისთვის, საკუთარი გვერდის შექმნას გეგმავს სოციალურ ქსელში.

უხარია, რომ  სახელობო მიმართულების მიმართ დაინტერესება იზრდება და ბევრი სტერეოტიპიც ირღვევა. "მომავალს იმედიანად ვუყურებ", -  საუბრის ბოლოს   გაგვანდო, რომ ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, უფრო დიდ სახელსნოზე ოცნებობს, რომელსაც ისევ აქ, ზღვის სიახლოვეს მოაწყობს.

Print