მულტიმედია
ხარისხიანი ღვინის ძიებაში - როგორ მოაშენა ვაზის კოლხური ჯიშები წალენჯიხელმა სერგო ჭანტურიამ
სერგო ჭანტურიას მაშინ ვესტუმრეთ, როცა ოჯალეშის პირველი მოსავალი ჯერ დაწურა, შემდეგ კი ქვევრებში გადაიტანა. ეზოში მასპინძელთან ერთად მეზობლები და აფხაზეთიდან ჩამოსული ნათესავები გვხვდებიან. განწყობა ყველას საზეიმო აქვს, პროცესში მონდომებით ერთვება დიდიც და პატარაც, თან ოჯახის უფროსსაც ყურადღებით უსმენენ. ჩანს, რომ ღელავს. ოჯალეში 4 წლის წინ დარგო და გამორჩეულადაც უყვარს.პროფესიით ფინანსისტია და სამშენებლო ბიზნესითაა დაკავებული. გვიყვება, რომ რეგიონში ხარისხიანი ღვინის დეფიციტის პრობლემა მისთვის წლების განმავლობაში იყო აქტუალური, თუმცა, დაახლოებით, 5 წლის წინ საკითხით მეტად დაინტერესდა და შესაბამისი ცოდნაც გაიღრმავა."შინაგანად, ქვეცნობიერში, ის, რომ სამეგრელოსა და მეზობელ რეგიონებში კარგი ღვინის პრობლემა გადაუჭრელია, სულ მაწუხებდა. გადავწყვიტე, რომ ეს თემა ჩემთვის ყოფილიყო უფრო პრიორიტეტული. რა თქმა უნდა, ყველა საქმეს სჭირდება თეორიული განათლება და თავისუფალი უნივერსიტეტის მეღვინეობის აკადემიაში გადავწყვიტე სპეციალური პროგრამის გავლა. შევხვდი ადამიანებს, გამორჩეულ ამპელოგრაფებს, რომლებიც ქართული ღვინის საქმეს ელოლიავებიან".მოგვიანებით, მამაპაპისეულ ეზოში 20-მდე სახეობის კოლხური ვაზის ჯიში მოაშენა. ამბობს, რომ სამეგრელოს მევენახეობის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს და ამისთვის რეგიონში შესაბამისი ადგილებიც მრავლადაა.

"მე ვიცოდი, რომ ეს იყო მევენახეობის ადგილი. აქვე ახლოსაა ჭკადუაში, მეღვინეობის დიდი ისტორიით, სადაც დადიან-მიურატები წურავდნენ ღვინოს და პარიზში ოქროს მედალი ჰქონდა მათ მიერ წარმოებულ ოჯალეშს მიღებული. მიუხედავად კლიმატური ვაკჰანალიისა და ივლის-აგვისტოში უზარმაზარი პრობლემებისა, ვენახმა საჩუქარი გაგვიკეთა და პირველი რთველი იყო არაჩვეულებრივი ხარისხის. ასევეა მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხის დიდი ნაწილი და ზუგდიდის რამდენიმე სოფელი, ლოკაცია, სადაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს ამ საქმეს".მეგრულ ვაზთან ერთად 4 აფხაზური ჯიშიც გაახარა - ამლახუ, აწნიჟი, აშუღაჟი და აჟყაფში - ამით განსაკუთრებით ამაყობს. ამასთან ოცნებობს კიდევ ერთი ჯიში - ავასირხვა მოაშენოს. გვეუბნება, რომ მეღვინეობის ტრადიციების შენარჩუნებას აფხაზეთშიც ცდილობენ და მზადაა, საკუთარი გამოცდილება ნებისმიერ მსურველს გაუზიაროს."ამ შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს არავითარი კონკურენცია - ამას უნდა შევხედოთ როგორც ერთიან საქმეს. დღეს ნახეთ, რომ 3 ადამიანი ჩამოვიდა, ხვალ 10 ჩამოვა. ასე მინდა იყოს ნამდვილად... დარწმუნებული ვარ, რომ ღვინო თავის საქმეს გააკეთებს, ეს მარადიულობის, იდენტობის, ნათესაობის და სიყვარულის სიმბოლოა ჩემთვის. ომის შემდგომ წლებში არაერთი მიმართულება არსებობს, რომელიც პრაქტიკულად მუშაობს, იქნება ეს ენერგოსისტემა, ჯანმრთელობის მიმართულება - მეღვინეობა კი არის ის, რაც ყველაზე უფრო ასახავს ჩვენი წინაპრების, წარსულის, საერთო ისტორიის თემას. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი, პატარა გასაღები დიდი ბოქლომის".
Print