მულტიმედია
განსხვავებული წარსული და საერთო სიბერე - ერთი დღე რუხის მოხუცთა თავშესაფარში (ფოტო)
განსხვავებული ისტორიები, განცდები, სახეები და სახელები. "ჩემი მორდუს" ბენეფიციარებს წლების წინ ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდათ. დღეს კი თავშესაფარში საერთო ცხოვრება აქვთ. თერთმეტი ადამიანი ერთ ჭერქვეშ სიბერეს იყოფს. არავინ საუბრობს ცხოვრების იმ ეტაპებზე, როცა ერთმანეთს არ იცნობდნენ, ასე ერთმანეთს უფრთხილდებიან. ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ხანდაზმულობას ერთად გაატარებდნენ.
დანაოჭებული სახეებიდან მომზირალ თვალებს კამერის ობიექტივიდან ვუყურებდი და ვგრძნობდი თუ რამხელა სევდას იტევს მათი გონება. განვლილ ცხოვრებაზე ფიქრებს, მოგონებებს და ცხოვრების გაგრძელების სურვილით შთაგონებულ გამოხედვას დარდი ერევა. ყველა ცდილობს, რომ კამერას მხოლოდ დადებითი ემოცია აჩვენოს.სევდიანი თვალები არ გამკვირვებია. რთულია სხვა რამეს ელოდო, როცა მოხუცთა თავშესაფარში მიდიხარ. ნამდვილ განცდებს მხოლოდ მაშინ ვხედავდი, როცა კამერა ჩემი მასპინძლების სახეს არ უყურებდა. როგორც კი ობიექტივს მივაბრუნებდი თითქოს თავისუფლდებოდნენ, სახე სევდით, თვალები კი ცრემლებით ევსებოდათ.ბენეფიციარები და თავშესაფრის თანამშრომლები ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. დროის გასაყვანად ძირითადად ტელევიზორს უყურებენ. დომინოს, ნარდს და ბანქოს კი მოხუცები მედპერსონალთან ერთად თამაშობენ.
"ჩემი მორდუს" ბენეფიციარებს სიბერის მშვიდად გასატარებლად თითქმის ყველაფერი აქვთ. მაგრამ როცა ფანჯარაში იყურებიან ის ცხოვრება ახსენდებათ, რომელიც აქამდე ჰქონდათ და დანაოჭებულ სახეზე სევდის დამალვა ძალიან უჭირთ.თერთმეტი ბენეფიციარიდან ორი მწოლიარეა. ძირითად დროს ოთახში მედპეროსანლის რეგულარული მონიტორინგის ქვეშ ატარებენ. 83 წლის გალინა ღაღანიძეს კამერის დანახვა ძალიან გაუხარდა. ძალები მოიკრიბა და საწოლიდან წამოდგა.რუხის თავშესაფარში ყველაზე მხცოვანი ბენეფიციარი 96 წლის წალიკ გრიტორიანია. როგორც მედპერსონალმა გვითხრა ბოლო დროს მძიმედ იყო, თუმცა გამოჯანმრთელება შეძლო.ფოტორეპორტაჟზე მუშაობისას ვცდილობდი, რომ ჩემი მასპინძლები მინიმალურად შემეწუხებინა, კადრს მათ ვარგებდი. როცა დავემშვიდობეთ ერთმანეთს 81 წლის ვარიან ჯინოლია გარეთ გამომყვა და მითხრა ეს ჩემი ოთახის ფანჯარაა და მთხოვა ერთი ფოტო ამ კედელთან გადამეღო.აქ მათი ყოფნის მიზეზები, ისევე, როგორც განვლილი ცხოვრება, ერთმანეთისგან განსხვავდება. ყოველდღიურად მონატრება, მოლოდინი და რეალობა ერთმანეთს ცვლის.
Print