მულტიმედია
მეგრული შებოლილი სულუგუნის გემოს საიდუმლო (ფოტო/ვიდეო)
მეგრული სუფრა და კულინარიის მრავლსაუკუნოვანი ტრადიცია რამდენიმე ავთენტური გემოს გარეშე წარმოუდგენელია. სამეგრელოში სუფრა ღომის გარეშე არ იშლება. ღომის საუკეთესო მეგობარი კი შებოლილი სულუგუნია. ყველის ეს მეგრული სახეობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა და გასულ კვირას მსოფლიოს საუკეთესო ყველის რეიტინგში მოხვდა.

შებოლილი სულუგუნის საუკეთესო გემოს ძიებაში ჩხოროწყუში სოფელ ნაფიჩხოუში ნატო დარსალიას ოჯახს ვესტუმრეთ. ჩვენი მასპინძელი უკვე წლებია ოჯახურ ბიზნესს უძღვება და უმაღლესი ხარისხის შებოლილ ყველს ამზადებს. პროცესი რთული და შრომატევადია. სულუგუნი რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალური მარილწყლის ხსნარით მუშავდება, შებოლვის პროცესი კი 2-3 კვირას გრძელდება.

"ტრადიციულია, განსაკუთრებულია, გემრიელია, თან ჩვენს ღომს როგორ უხდება. არ დაკარგოთ ის ტრადიცია, რაც მეგრული სულუგუნის სახით არსებობს. ნათქვამია, თუ გლეხ კაცს ჰქონდა ღომი და სულუგუნის ლამაზ ქალსაც გაატანდნენ ოჯახში", - გვითხრა ნატო დარსალიამ.

"სამი ან მინიმუმ ორი კვირა უნდა გაგრძელდეს ყველის შებოლვა. მეგრული შებოლილი სულუგუნის დამზადება უფრო შრომატევადი და ხანგრძლივია ვიდრე ევროპული სახეობების", - უთხრა რადიო "ათინათს" მასპინძელმა.

შებოლილი სულუგუნის დამზადების სპეციფიკიდან გამომდინარე მაღალია იმის რისკი, რომ პროდუქტში ორგანიზმისთვის საშიში ნივთიერებები მოხვდეს. ჩვენი მასპინძელი ამბობს, რომ თუ ყველის შებოლვის პროცესი ნებისმიერ ეტაპზე ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს, საფრთხე არ არსებობს. რაც ყველაზე მთავარია, წინასწარ უნდა იყოს შემოწმებული რძის ხარისხი, ყველის შესაბოლად საუკეთესო მასალა კი თხმელას შეშაა.

"ისეთი პროდუქტის მომზადება, რომელიც მავნე ნივთიერებებისგან სრულად დაცლილია რთული და აუცილებელია. რძის შემოწმებით უნდა გამოირიცხოს რისკი, რომ ადამიანის ორგანიზმში არ მოხვდება ის დაავადებები, რომლებიც რძის პროდუქტებით გადადის", - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

სოფელ ნაფიჩხოუში ნატო დარსალია ყველს ოჯახური ტრადიციის მიხედვით ამზადებს. რძეს საოჯახო ფერმიდან იღებს. მასპინძელი შვილებთან ერთად 160 სულ მსხვილფეხა პირუტყვს უვლის. "არტიზანული ყველის" განსაკუთრებული გემოს გარანტი კი არაერთხელ შემოწმებული რძე და შებოლვის უნიკალური ტექნოლოგიაა.
შებოლილი ყველის დამზადება ტრადიცია ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს. ტექნიკას ფლობენ შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, იტალიასა და ავსტრიაშიც.

Print