მულტიმედია
წითელი კვერცხები კორცხელის დედათა მონასტრიდან - მზადება აღდგომის დღესასწაულისთვის (ფოტო/ვიდეო)
წითელ პარასკევს - უფლის ჯვარცმის დღეს კვერცხი უკვე წითლად შეღებილი უნდა იყოს, ამიტომ კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში მონაზვნები კვერცხის შეღებვას დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის დღეს იწყებენ.
მარიამ მაგდალინელმა რომ იმპერატორს უფლის აღდგომა ახარა, კვერცხი - ახლის დაბადების სიმბოლო გაწითლდა და აგერ უკვე მესამე ათასწლეულია, მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომას ერთმანეთს სწორედ წითელი კვერცხით ულოცავს.

დღეს ყველაზე მძიმე დღეა - ამბობს იღუმენი ნანა, მონაზვნობის 24 წლიანი ისტორიით. ათ მონაზონს საკუთარი საქმეები გადანაწილებული აქვს - ცალ-ცალკე და ერთად მონასტერს, ეკლესიას, მეურნეობას უვლის.
ახლა კი განსაკუთრებული პერიოდია. კვერცხი უკვე შეღებეს. განსხვავებული მეთოდი არ აქვთ, თუმცა იციან, რომ აქ აღდგომიდან ამაღლებამდე მოსულ სტუმრებს საკუთარი ხელით გაკეთებული სანთელი, გამომცხვარი პასქა და წითელი კვერცხი უნდა უსახსოვრონ.

„აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია, ვემზადებით აღდგომისთვის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე დღეები გვაქვს გასავლელი და ეს ყველაფერი ლოცვაში აღიქმება ... ამას ყველაფერს ჩვენებურად ვალამაზებთ ტაძარში, პარალელურად კვერცხებს ვღებავთ, პასქებს ვამზადებთ...

ყველას თავისი მორჩილება აქვს და ყველა ჩართულია ამ პროცესში. ზოგი სანთელს ჩამოქნის, ზოგი პასქას აცხობს, ვემზადებით საზეიმო ტრაპეზისთვის. აღდგომის ღამეს ლოცვის შემდეგ გადმოდიან მამაო, სტიქაროსნები, მრევლი, ვისაც შეუძლია მოსვლა, ყველას ვეპატიჟებით. დაახლოებით, 100 კვერცხს შევღებავთ პირველ შეღებვაზე, შემდეგ კვირას კიდევ ვღებავთ, ყველა კვირა ხომ პატარა აღდგომაა. 40 დღე სულ ვდღესასწაულობთ, სულ გვაქვს მაგიდაზე წითელი კვერცხი და პასქა..“, - ამბობს დედა ნანა და თან 12 ვნების სახრების მოსასმენად ემზადება.

ვნების მძიმე კვირაში სააღდგომო მზადებას თან სევდა ახლავს, თუმცა ემოციები ლოცვებში გადააქვთ. ასე ერთვის ერთმანეთს ყოველდღიური საქმიანობა და ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი დღესასწაულის მოლოდინი.




Print