მულტიმედია
ყვავილები ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეადან (ფოტო)
დადიანების სასახლის ეზოში სანერგე ორანჟერეა ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში არსებობდა. ამ ფაქტის შესახებ ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟიულ მურიე თავის ცნობილ ნაშრომში "სამეგრელო" წერდა:
"საუცხოო ბაღი, რომლის სამოთხედ გადასაქცევად მთავარმა დავითმა არაფერი დაიშურა, სამწუხაროდ, აღმოსავლეთის ომის დროს თურქებმა სრულიად გაანადგურეს, თუმცა ნიადაგის უხვი ვეგეტაციის წყალობით, თანდათან ყველაფერი ისევ აღმოცენდა. რამდენიმე წელიწადში ხვიარა მცენარეებისა და ვარდის ბუჩქების ქვეშ მოქცეული ორანჟერეის ნანგრევები, რომლებიც შორიდან ანტიკური ტაძრის პორტიკს ჰგავს ომისდროინდელი რბევის ერთადერთი კვალი იქნება, რისი დამალვა ბუნებამაც კი ვერ შეძლო".

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ორანჟერეა აღმოსავლეთის ომიდან თითქმის ორ საუკუნეში, თუმცა განსხვავებული სახით აღსდგა. 2019 წელს ჩატარებული სრული რეაბილიტაციის შემდეგ სანერგე ისტორიულ ბაღში აშენდა.

ორანჟერეაში 200-მდე სხვადასხვა სახეობის თითქმის 2000 მცენარეს შეხვდებით.

აქ მომუშავეები ამბობენ, რომ ძალიან შრომატევადი, თუმცა ყველაზე ლამაზი სამსახური აქვთ.

ბოტანიკური ბაღის ორანჟერეაში შეხვდებით, როგორც ენდემურ ყვავილებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ მცენარეებს.

სანერგე სივრცე 300 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიას იკავებს.

ნებისმიერ მსურველს ორანჟერეაში მცენარის შეღავათიან ფასად ყიდვა შეუძლია.

ბოტანიკური ბაღის სანერგეში შეხვდებით როგორც ეზოს, ასევე ქოთნის მცენარეებს.





Print