მულტიმედია
მე თუ ეს შევძელი, სხვაც აუცილებლად შეძლებს - ზუგდიდელი ანა ცირდავა გერმანულ გამოცდილებაზე (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდელმა ანა ცირდავამ სპეციალობად სოციალური მუშაკობა აირჩია, იცის, რომ მისი მომავალი პროფესია თანამედროვე ეპოქაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
ახალგაზრდა სტუდენტი ამბობს, რომ ყველაფერი ასოციაცია „ათინათში“ დაიწყო, აქ ანი სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობდა და ახალი შესაძლებლობები შეიძინა.
,,ამ პროფესიაზე ფიქრი დავიწყე 16 -17 წლის ასაკში და ჩემი ინსპირაცია მოდიოდა ,,ათინათიდან’’. აქ ვიყავი ძალიან ბევრ პროექტში ჩართული, 2015 წლიდან ძალიან ბევრ ახალგაზრდულ ცენტრში ვიყავი, კლუბებში ა.შ. მომწონდა ხალხთან მუშაობა, ხალხის დახმარება , სოციალურ პროექტებში ყოფნა და შემდეგ, როცა ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი, ვათვალიერებდი პროგრამების ჩამონათვალს და ვფიქრობდი, რომელი პროფესია შემესაბამება მე ყველაზე მეტად, ამ კვლევის პროცესში აღმოვაჩინე სოციალური მუშაობა, რომელიც გულისხმობს პირდაპირ ველზე მუშაობას, ხალხთან მუშაობას და მათ დახმარებას, მათი სოციალური ცხოვრების და კეთილდღეობის გაუმჯობესებას'', - ამბობს ის.

მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, საზღვარგარეთ პრაქტიკის მისაღებად საჭირო პროგრამა მოიძია და ერთი წელი გერმანიაში ქალაქ დორტმუნდში გაატარა. მან როგორც სოციალურმა მუშაკმა, ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა და კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს და ბედნიერია, როცა ხელს უწყობს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას.

ანა გვეუბნება, რომ გერმანიაში ყოფნის დროს საკუთარ თავში სხვა ინტერესებიც აღმოაჩინა. უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრებამ საკუთარი თავის რწმენა შესძინა და მეტად თავდაჯერებული გახდა.

,,გერმანიაში ეს ყველაფერი იყო სხვანაირად, ვიგრძენი, რომ უფრო მეტი დრო მქონდა საკუთარი თავისთვის, იმდენად სტრესისგან თავისუფალი გარემო მქონდა, სხვა სტუდენტებთან ერთად ძალიან ბევრი დრო მრჩებოდა საკუთარი თავის აღმოსაჩენად, მაგალითად, აღმოვაჩინე ისეთი უნარები, რომლებიც არ ვიცოდი, რომ მქონდა. მქონდა დრო, შემესწავლა სიმღერა, მევლო იოგაზე, მეკითხა უფრო მეტი წიგნი. ყველაზე მეტად რის გამოც ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მქონდა, ეს არის დამოუკიდებლობა. საქართველოში ჩვენ, სტუდენტები, შეჩვეულები ვართ იმას, რომ ყოველთვის გვყავს გვერდში მშობლები ან მეგობრები, რომლებსაც შეგვიძლია პრობლემის დროს მივმართოთ, მაგრამ როდესაც აღმოჩნდები სრულიად უცხო ქვეყანაში, მაშინ გინვითარდება ისეთი უნარები, როგორიც არის დამოუკიდებლად რეაგირება მარტივად და სწრაფად პრობლემურ სიტუაციებში. ახლა ვფიქრობ, რომ ამ გამოცდილების შემდეგ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ვერ გადავწყვეტ ან ვერ გავაკეთებ'', - გვითხრა ანამ.

იმისათვის, რომ კვალიფიციური სოციალური მუშაკი გახდეს და ხარისხიანი განათლება მიიღოს, ანა სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურის საფეხურზე გერმანიაში გეგმავს.

სწავლის დასრულების შემდეგ კი აპირებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საქართველოში სხვებს გაუზიაროს.


Print