მულტიმედია
"იდეა შესაძლებლობაა" – GLC-ის სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გამართეს (ფოტო/ვიდეო)
დღეს ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე GLჩ-ის სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა პროექტის, "იდეა შესაძლებლობაა" ფარგლებში, საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს. მათ საკუთარი ხელნაკეთი სააღდგომო სუვენირები და სათამაშოები გასაყიდად გამოიტანეს.

პროექტის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ამ აქტივობითა და სლოგანით "სიკეთე გადამდებია", მეორე სიცოცხლე მისცეს ნივთებს, მათი გაყიდვიდან შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.

"დღეს GLC-ის სკოლის მოსწავლეების მიერ დაიგეგმა საქველმოქმედო პროგრამა, რომელიც თებერვლიდან განხორციელდა და დღემდე მიმდინარეობს. დღეს ჩვენს მიერ ხელნაკეთ ნივთებს ვყიდით, რომელიც როგორც ვახსენე, საქველმოქმედოდ მოხმარდება. დღემდე ჩვენ ვეცადეთ, რომ მაქსიმუმი გაგვეკეთებინა ამ პროგრამისთვის. მოდით, გვეწვიეთ და ერთად გავაკეთოთ სიკეთე",- აღნიშნა პროექტის მონაწილემ გაბრიელ შეროზიამ.

რაც შეეხება დღევანდელი დღის მიზანს, მისი თქმით, ამას რამდენიმე პოზიტიური მხარე აქვს, ერთის მხრივ, ახალგაზრდების მონაწილეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაში; მეორეს მხრივ, მასში მოქალაქეების ჩართულობა და ასევე, საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ შეიძლება მეორადი ნივთების გამოყენება სასიკეთო საქმეში.

GLC-ის ზუგდიდის განყოფილების სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და პროექტის ორგანიზატორი მაია ყალიჩავა ხაზს უსვამს მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას და მოსწავლეების ჩართულობას ქველმოქმედებაში.

"ეს იდეა საკლასო ოთახში დაიბადა და გვინდოდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, სასიკეთო საქმე გაგვეკეთებინა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები ხშირად უნდა ხორციელდებოდეს სკოლაში და ბუნებრივია, ამ პროექტის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ შემოსავალი გადანაწილდეს სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებაში. ვიმედოვნებ, ფართო აუდიტორიისთვის საინტერესოა ჩვენი დღევანდელი გამოფენა. ეს დასკვნითი ღონისძიებაა და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე",- გვეუბნება ყალიჩავა.

მოქალაქე დათა აქუბარდია ერთ-ერთია იმათგანია, ვინც დიდი ინტერესით ათვალიერებდა მოსწავლეების ხელნაკეთ სუვენირებს. მან გადაწყვიტა რამდენიმე მათგანის შეძენა, რითაც მისი თქმით, ხელი შეუწყო მოსწავლეების კეთილ საქმეს.

"პირველ რიგში, წარმატებები ამ კარგ ბავშვებს. კარგია, რომ ბავშვები თვითონ ამზადებენ ნივთებს და ეხმარებიან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. კარგი იქნება, თუ შემდეგშიც გაგრძელდება ასეთი აქციები და ჩვენ მოქალაქეები მივიღებთ მონაწილეობას, მხარს დაუჭერთ ამ ბავშვებს, რათა ჰქონდეთ მეტი მოტივაცია"- თქვა აქუბარდიამ.

დღეს გამოფენა-გაყიდვაზე დამთვალიერებელთა და მყიდველთა შორის შეხვდებოდით სხვადასხვა თაობის ზუგდიდელებს. მათ მხარი დაუჭირეს და წარმატება უსურვეს ახალგაზრდებს. თავის მხრივ, მოსწავლეებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, შეუერთდნენ მსგავს ღონისძიებებს და წვლილი შეიტანონ საზოგადოებისთვის სასიკეთო პროექტებში. მათ ასევე ღონისძიებაში მონაწილე საზოგადოებას თანადგომისა და თანხის გაღებისთვის მადლობა გადაუხადეს.
Print