ახალი ამბები
შენგელია: ოპონენტებთან მიმართებაში დიდი უპირატესობით ვსარგებლობთ ®️
გიორგი შენგელია ფაიფურის დასახლებასა და რუხში დევნილებს შეხვდა, სადაც, ისაუბრა საჭიროებებზე და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

"რუხში მცხოვრებ ბავშვებს ექნებათ ახალი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2019 წელს და უახლოეს მომავალში ისინი ივლიან კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საბავშვო ბაღში. ასევე, იხსნება მრავალპროფილური საავადმყოფო, რომლის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ფაზაშია შესული, რის შემდეგაც მოხდება მისი აღჭურვა და სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუხში ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მერობის კანდიდატმა შეხვედრები გამართა ასევე, ნაწულუკუსა და რიყეს მოსახლეობასთან, სადაც ის გეგმები და ინფრასტრუქტურული პროექტები წარადგინა, რაც გიორგი შენგელიას მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

"შევხვდით ნაწულუკუსა და რიყეს მოსახლეობას. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც მათ დიდი ხანია აწუხებთ. წარვუდგინეთ ის გეგმები და პრიორიტეტები, რასაც ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ოპონენტებთან მიმართებაში დიდი უპირატესობით ვსარგებლობთ. ცენტრალური ხელისუფლების თანადგომით, მუნიციპალიტეტის კეთილმოსაწყობად შეგვიძლია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
Print