სარეკლამო მასალა
ზუგდიდში კიბოს სკრინინგის თემაზე იმსჯელეს (ვიდეო)
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების გამოწვევების შესახებ ორგანიზაცია "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა" და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მრგვალი მაგიდა გამართა. მას სამედიცინო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა სასტუმრო „ლეთოში“ გაიმართა.

კიბოს სკრინინგი, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელი მოსახლეობის რეგულარულ პროფილაქტიკურ გასინჯვებს, დაავადებათა დროული გამოვლენის მიზნით, საქართველოში 2008 წლიდან ამოქმედდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრაზე ითქვა, რომ განსაკუთრებით რეგიონალური სკრინინგ პროგრამებიდან მიღებული მონაცემები მიანიშნებს, რომ მიზნობრივი მოსახლეობის მოცვა დაბალია და 10-12% მერყეობს, იმ ფონზე, როცა სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს 10 000-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება. აქედან ხშირია დაგვიანებული მიმართვა.

მედიკოსები ამბობენ, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება და ჩატარებული მკურნალობა ამარცხებს კიბოს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში კიბოს სკრინინგის პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიმდინარე წლის ნოემბერში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა პარტნიორ ორგანიზაციასთან (ონკოპრევენციის ცენტრი) ერთად გახსნა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ სკრინინგ პროგრამების შესახებ მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა და დაავადებასთან დაკავშირებული სტიგმა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

სწორედ ამ პრობლემების შესახებ იმსჯელეს დღეს შეკრებილებმა. მათ ხაზი გაუსვეს ინფორმაციული და დამოკიდებულებითი ბარიერების გადალახვის გზებისა და მოსახლეობის სკრინინგულ პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობის მნიშვნელობას მუნიციპალურ დონეზე.

შეხვედრის ბოლოს მხარეები მიიღეს ერთობლივ კომუნიკეს მხარეთა მიერ საკითხის აქტუალიზაციისა და სამოქმედო გეგმების დასახვის აღსანიშნად.

Print