საზოგადოება
მოზარდების უსაფრთხო გარემოსთვის - „დეას“ პროექტი „გადადგი ნაბიჯი წინ“ (ვიდეო, ფოტო)
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „გადადგი ნაბიჯი წინ“, რომელსაც გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეა“ ახორციელებდა, წარმატებით დასრულდა. პროექტის მიზანი იყო მოზარდების, პედაგოგებისა და სამიზნე სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებზე, ძალადობის პრევენციასა და კონფლიქტების მართვის შესახებ. აღნიშნულის მისაღწევად ასოციაციამ ტრენინგები და კუტურულ-შემეცნებითი აქტივობების გზა აირჩია.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი აქტივობა, მათ შორის, საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ბენეფიციარი სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან. ამასთან, ადამიანის უფლებებზე ჩატარდა დოკუმენტური ფილმების ჩვენება, გაიმართა ფსიქოლოგის და კონფლიქტოლოგის ონლაინ ტრენინგები, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის. კერძოდ, ტრენინგები ჩატარდა შემდეგ თემებზე: „დელიქვენტური ქცევის რისკი და დამცავი ფაქტორები“, „ქცევითი სტრატეგიები და მეტი კომუნიკაცია“, „ბავშვის პოლისტური განვითარება“, „დაინტერესებული სუბიექტები მართლმსაჯულებაში და მართლმსაჯულება და საქართველო“, „უსაფრთხო სკოლა“ და „კონფლიქტის მართვა და მედიაცია“.
გარდა ამისა, აღსანისნავია, რომ პროექტის ფარგლებში აბაშის სოფელ სამიქაოში მოეწყო ახალგაზრდული სივრცე, რომელიც აღიჭურვა ლიტერატურით, სამაგიდო და სპორტული თამაშების ინვენტარით. აქ ახალგაზრდებს შეუძლიათ ერთად შეიკრიბონ, ისაუბრონ ლიტერატურაზე, მეცნიერებაზე და ასევე ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.


„დეას“ თავმჯდომარის თამარ მალანიას განმარტებით, ყველა სამიზნე ჯგუფი პროექტის აქტივობებში აქტურად იყო ჩართული, თუმცა მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო ონლაინ ტრენინგებზე გადავიდნენ, ამ დროს უკვე ახალგაზრდებმა გამოიჩინეს თავი. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში ზრდასრულებს მოზარდებთან ურთიერთობა უჭირთ, რის გამოც თაობებს შორის იქმნება კონფლიქტი. მისივე თქმით, არსებული სტეორეოტიპები საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს და მშობლებს, მასწავლებლებსა და ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა დამყარდეს.
„ახალგაზრდები უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი მეგობრები და თანასწორები. ხშირად უნდა შევაქოთ და წავახალისოთ, რადგან ასეთი დამოკიდებულება მათ უმაღლებს თვითშეფასებას და მოტივაციას. ხშირად უნდა ვკითხოთ მოზარდებს თუ რა აწუხებთ, რა უჭირთ... ვფიქრობ მოზარდებსა და ზრდასრულებს შორის დაბალანსებულ ურთიერთობაზე პირველ რიგში უნდა იზრუნოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასევე პედაგოგებმა, რადგან საჭიროა ცნობიერების ამაღლება“, - აღნიშნა თამარ მალანიამ.

ფსიქოლოგი მეგი საჯაია ამბობს, რომ უსაფრთხო სკოლის შექმნაზე, რომელიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას გულისხმობს, უნდა იზროუნოს როგორც სკოლის ადმინისტრაციამ, ასევე მშობლებმა და მოსწავლეებმა. ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ უსაფრთხო სკოლის, ადამიანის უფლებებს თუ ბულინგის თემაზე პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია და მსგავ საკითხებზე საუბრები ზედმეტი არასოდეს არ არის.

„მოზარდებს უნდა შეუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მისთვის იქნება სასიამოვნო, სადაც ერთმანეთს ექცევიან პატივისცემით, როგორც მშობელი და მოსწავლე, ასევე მასწავლებელი და მოსწავლე. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლის აზრებს უნდა ვცეთ პატივი, მის ინდივიდუალობას. ბავშვს არ უნდას ეშინოდეს სკოლაში მისვლის, რადგან მას დასცინებენ აკადემიური მოსწრების გამო ან ეთნიკურობის გამო და ა.შ. ისეთ გარემოში, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივსცემენ არ იქმნება კონფლიქტები ან სხვა პრობლემები და სწორედ ასეთი სკოლა ითვლება უსაფრთხოდ, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის“, - ამბობს მეგი საჯაია.

პროექტის მონაწილე და აბაშის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე თემურ ჯაბელია ფიქრობს, რომ ტრენინგები, რომლებიც მათ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, უსაფრთხო სკოლაზე და ადამიანის უფლებებზე გაიარეს, მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო. მოზარდი ამბობს, რომ მსგავის თემებზე მათ ხშირად უნდა ესაუბრებოდნენ, რადგან ინფორმირებული მოსწავლე ნაკლებ შეცდომებს უშვებს.

„სკოლაში კონფლიქტი ხშირად უაზრობის გამო იწყება და ჩვენ გავიგეთ, რომ ასეთ დროს ყველაზე კარგია განრიდება. ასევე ვისაუბრეთ ბულინგის თემაზე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო“, - თქვა თემურ ჯაბელია.
მცირე საგრანტო პროექტი „გადადგი ნაბიჯი წინ“ ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“( JJR) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT), არასამთავრობო ორგანიზაციები - „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“(CIDA) „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ (RIVG) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ (GIP-TBILISI). პროექტის პარტნიორები არიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერია და კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში- სს „არქეოპოლისი“.


Print