სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე შეხვედრა გაიმართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია და საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია მუნიციპალიტეტში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს, ბაზრის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერის მოადგილე ვალერი თოდუა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნინო ჯომიდავამ მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჩხოროწყუში COVID 19- ის 8 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, მიუხედავად მომატებული შემთხვევებისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. შეხვედრაზე განიხილეს შესაბამისი ეკიპირებისა და სადეზინფექციო საშუალებების მარაგის, ასევე კორონავირუსის საპრევენციო სადეზინფექციო ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხები, აქცენტი გაკეთდა სამედიცინო სერვისებისა და პირველადი ჯანდაცვის სამსახურების მზაობაზე.

მუნიციპალიტეტის მერმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდეს. გადაწყდა, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში შესაბამისი სამსახურები სრული შემადგენლობით ჩაერთვებიან.

"მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ვირუსის პირველი შემოტევის დროს გამოიჩინა, ახლა კიდევ უფრო მეტად გვჭირდება. ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ საბაზისო რეკომენდაციები, - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რითიც შევძლებთ შევაკავოთ ვირუსის გავრცელება. ასევე, ვირუსის გავრცელების საპრევენციოდ, მუნიციპალიტეტში გაგრძელდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისი ღონისძიებები და კონტროლი", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.
Print