სარეკლამო მასალა
ზუგდიდის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
ზუგდიდის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. საბავშვო ბაღებს მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა ცენტრის ხელმძღვანელთან ხათუნა თოლორაიასთან ერთად ესტუმრა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

„სააღმზრდელო დაწესებულებებში განვაახლეთ სასწავლო პროცესი. ვულოცავთ ყველა აღსაზრდელს დღევანდელ დღეს და, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებთ. მომავალი თაობებისთვის სააღმზრდელო დაწესებულებებში საუკეთესო პირობების შექმნა უპირობო პრიორიტეტია, ამ მიმართულებით მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვმუშაობთ. საბავშვო ბაღებში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. გვჯერა, რომ მშობლები გაგებით მოეკიდებიან დაწესებულ შეზღუდვებს და ერთად დგომით დავამარცხებთ covid-19“- აღნიშნა მერის მოადგილემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარისა და რუხის სოფლებში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში“ საბავშვო ბაღებს დეზინფექცია ჩუტარდა. რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
Print