სარეკლამო მასალა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჩეხეთის საელჩომ სამედიცინო ტექნიკა გადასცა
რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივის ”Tied Financial Donation”-ის ფარგლებში, ჩეხური სამედიცინო აპარატურა მიიღო. პროგრამა მიზნად ისახავს საავადმყოფოს თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას და მათ მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესებას.

სამედიცინო აპარატურის გადაცემის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაელა მარკსოვა, ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,ჩვენ უკვე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუხის კლინიკისთვის ახალი ტექნიკის გადასაცემად მეორეჯერ ვიკრიბებით. ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესია ამ სამედიცინო დაწესებულებისთვის და მისი განვითარებისთვის. ჩეხეთის საელჩომ რუხის კლინიკას 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო ტექნიკა გადასცა, რაც გააუმჯობესებს რუხის კლინიკის შესაძლებლობებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის საელჩოს ამ დახმარებისთვის. არასდროს დავიღლები მადლობა გითხრათ თქვენ ექიმებს, განსაკუთრებულად ბოლო 1 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობისთვის, თქვენ ხართ გმირები, მადლობა გაწეული მუშაობისთვის!” – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ახალი აღჭურვილობის მიღებით რუხის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებების გაუმჯობესება მოხდება. პროგრამა, ასევე მოიცავს ტრენინგებს საავადმყოფოს პერსონალისთვის, რომელსაც ჩეხი სპეციალისტები უზრუნველყოფენ. ისინი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ პერსონალს და მიღებული ტექნოლოგიების გამოყენებას შეასწავლიან. პროექტის ღირებულება 190 000 ევროს შეადგენს.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებულმა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და ჩეხეთის ელჩთან ერთად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი დაათვალიერა, სკრინინგ ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) მიერ.





Print