სარეკლამო მასალა
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
ლტოლვილთა დანიის საბჭომ, ლაღიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სრულ საკუთრებაში გადასცა.


აღნიშნულ დოკუმენტს დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ მოაწერეს.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, დანიის ლტოლვილთა საბჭოს დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერი მზევინარ ჯოჯუა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლტოლვილთა დანიის საბჭოს მხარდაჭერისთვის და მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ლაღიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა პროექტის ,,ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

დღესვე, კონსტანტინე კაკავამ და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებმა, ლაღიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი დაათვალიერეს, რომელიც ახალ სასწავლო წელს გაიხსნება.

გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, აგრეთვე, სრული რეაბილიტაცია უტარდება კ.გამსახურდიას ქუჩაზე არსებულ N1 საბავშვო ბაღს.

ლტოლვითა დანიის საბჭო ზუგდიდში კიდევ ერთ ახალ პროექტს განახორციელებს და რეწვისა და ხელოსნობის განვითარების ცენტრს ააშენებს.


Print