სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერიას აშშ-ს საელჩომ 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადაეცა.

2 მიკროავტობუსი უკვე ადგილზეა, მესამე კი მუნიციპალიტეტს სექტემბერში გადაეცემა.

მიკროავტობუსები მერიას, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერმა მაიორ დანიელ სეკულამ და ჰუმანიტარული პროგრამის მენეჯერმა თამარ რურუამ გადასცეს.
პროექტის ღირებულება 207 000 დოლარია და მისი მიზანი შშმ პირებისთვის სერვისების გაუმჯობესებაა.

მერმა მამუკა წოწერიამ ამერიკულ მხარეს ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები იქნება მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამის განხორციელების საფუძველი.

,,მუნიციპალიტეტი უკვე მუშაობს პროგრამის კონკრეტულ დეტალებზე, რომელიც აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და ეს იქნება პირველი პროგრამა საქართველოს მასშტაბით, რომელიც გაზრდის შშმ პირების სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციას და ხელს შეუწყობს მათი მობილობის გაზრდას“-აღნიშნა მერმა.

სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსის გოგი რევიას განცხადებით, აღნიშნული ადაპტირებული ტრანსპორტით, მერია აპირებს ძალიან კარგი პროგრამის დანერგვას, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის. ეს იქნება სერვისი ეტლით მოსარგებლეებისთვის, რომელიც მთლიანად მოიცავს მუნიციპალიტეტს და შშმ პირების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
Print