სარეკლამო მასალა
ასოციაცია "კავკასნათის" წევრ ფერმერებს პარტნიორმა კომპანიამ პრემიები გადასცა
ანაკლიაში ასოციაცია "კავკასნათის" ორგანიზებით,ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანასთან" ერთად ადგილობრივ მეწარმეები შვეიცარიელ პარტნიორებს, კომპანიების "გებანას" და "პაკკას" წარმომადგენლებს შეხვდნენ. ასოციაციის წევრებმა ღონისძიებაზე ბიო თხილის წარმოების მნიშვნელობასა და მის უპირატესობებზე ისაუბრეს.
ასოციაცია "კავკასნათის" წევრ ფერმერებს, პარტნიორმა შვეიცარიულმა კომპანიამ "გებანამ" პრემიის სახით დამატებითი თანხები გადასცა. მსგავსი აქტივობა სამეგრელოში პირველად განხორციელდა. თითოეულმა ფერმერმა მის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ბიო თხილის რაოდენობის მიხედვით მიიღო დამატებითი სარგო.

"კავკსნათის" უცხოელი პარტნიორები ფიქრობენ, რომ ადგილობრივ ფერმერებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიები მოგებას მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად იღებენ.

"მსგავსი შეხვედრები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გავიცანით ის ფერმერები ვისთანაც ვთანამშრომლობთ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენმა კომპანიამ "გებანამ" ადგილობრივ ფერმერებს პრემიის სახით ბონუსი გადაუხადა. ჩვენი ორგანიზაციისთვის იდენტობის ნაწილი, ხედვა და მთავარი ღირებულებაა გავუზიაროთ ფერმერებს ის მოგება, რომელსაც "გებანა" მათ მიერ წარმოებული პროდუქტით იღებს. ჩვენ ვთვლით, რომ აუციელებელია თითოეულ ფერმერთან ასეთი უშუალო კომუნიკაცია."- უთხრა რადიო "ათინათს" "GEBANA-ს" წარმომადგენელმა კატარინა კორნელამ.

ასოციაცია "კავკასნათი" იყენებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" ჯგუფური სერტიფიცირების სისტემას და ახორციელებს წევრი ფერმერების მუდმივ სწავლება /გადამზადებას. ასევე სერტიფიცირებული ბიო თხილის ფასი, ჩვეულებრივთან შედარებით, საშუალოდ, 1 დოლარით მეტია. "ბიო წარმოების ხელშეწყობის პროგრამა"შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციის "HEKSEPER"-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

გასულ წელს ასოციაცია "კავკასნათის" მიერ ბიო სერტიფიკატი 293-მა ფერმერმა მიიღო და სერტიფიცირებული პროდუქციის რაოდენობამ 496 ტონა გაუტეხავი თხილი შეადგინა. ასოციაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ 2023 წელს ეს მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს.

საქართველო თხილის მწარმოებელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი წამყვანია და ექსპორტის მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა. ყოველწლიურად საქართველოდან ათასობით ტონა თხილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადის. ეს აგროკულტურა სამეგრელოში განსაკუთრებით პოპულარულია, ქვეყნის მასშტაბით კი თხილის წარმოება 100 000-ზე მეტი ოჯახისთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს.
Print