სარეკლამო მასალა
ხელები მშვიდობისთვის - მაკო ჭკადუას ისტორია
გენდერული უთანასწორობის პრობლემას ქალები ქართულ რეალობაში თითქმის ყოველდღიურად აწყდებიან. მათთვის ბარიერები ნებისმიერ გარემოში იქმნება. მიუხედავად საზოგადოების პროგრესისა და ერთი შეხედვით დამოკიდებულების შეცვლისა, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქალებს და მოქალაქეთა ჯგუფებს რეგულარულად უწევთ ბრძოლა ქალთა გაძლიერებისთვის.

ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის მიერ ორგანიზებული პროექტი "მოქალაქეთა თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში", ხორციელდება გამყოფი ხაზის მიმდებარედ განლაგებული ცხრა სოფლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ აქტიურ ქალებთან თანამშრომლობით.
დღეს აფხაზეთიდან დევნილი მაკო ჭკადუას ისტორიას გიყვებით, რომელიც სხვა ქალების გაძლიერებისა და განვითარებისთვის მუშაობს. 2019 წელს მაკომ სამ დევნილთან ერთად ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია "ხელები მშვიდობისთვის", რომლის მიზანიც ქალების სოციალურ პროექტებში ჩართვა და მათი სოციალური ყოფის გაუმჯობესებაა.

"ჩვენ მიზნად დავისახეთ ჩვენივე გამოცდილებიდან და წარსულიდან გამომდინარე დავხმარებოდით კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს. ძლიერი ქალი არის საწინდარი ძლიერი ოჯახის და სწორად აღზრდილი შვილების,"- უთხრა რადიო "ათინათს" მაკო ჭკადუამ.

ჩვენი რესპონდენტი თვლის, რომ ქალთა გაძლიერებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ეკონომიკური გაძლიერებაა, ამისთვის კი სახელმწიფოს და დონორ ორგანიზაციებს მოუწოდებს გაიზარდოს იმ სოციალური პროექტების რაოდენობა, რომელში ჩართვასაც ქალები შეძლებენ.

"თუ ქალები ეკონომიკურად ძლიერები იქნებიან უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, მეტად დამოუკიდებლები იქნებიან, რაც იქნება იმის გარანტი, რომ ისინი იქნებიან ძლიერები. რა თქმა უნდა ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია მაგრამ სახელმწიფომ, ადგილობრივმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ სოციალური პროექტების შექმნას,"- გვიყვება მაკო ჭკადუა.

ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელიც ორგანიზაცია "ხელები მშვიდობისთვის" ინიციატივით განხორციელდა იყო "ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის", რომელშიც 42 ქალი იყო ჩართული, მათ სხვადასხვა სახის ხელსაქმე შეისწავლეს, ნამუშევრების ჩვენება კი დეფილეზე მოეწყო. პროექტში ჩართული ქალების ნაწილი ორგანიზაციის ბაზაზე არსებულ სახელოსნოში დასაქმდა.

"ჩვენი პროექტის ერთ ერთი მიზანია საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით და ქალთა წარმატებული ისტორიების წარმოჩენით, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას,შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუნდაც მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციებში,"- აღნიშნა ასოციაცია "იმედი" - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელმა ქრისტინა კილანავამ ჩვენთან საუბრის დროს.

სტატია გამოცემულია ასოციაცია "იმედი" - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის დაკვეთით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.

Print