სარეკლამო მასალა
ზუგდიდში „მოდი ვისაუბროთ ჰაერზე“ პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
20 დეკემბერს, ზუგდიდში, სოციალურ კაფე "მეგობარში", პროექტის "მოდი ვისაუბროთ ჰაერზე" შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დაჯილდოვდნენ კონკურსის "არა ნარჩენების დაწვას" გამარჯვებულები.
შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ჰაერის დაბინძურების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას. შეხვედრები ჩატარდა ზუგდიდის მასშტაბით მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დამსწრეებმა აღნიშნული საკითხის გარშემო არსებულ გამოწვევებსა და მავნე ჩვევებზე ისაუბრეს.

ამასთან, ჩატარდა სახალისო კონკურსი, მედია კამპანია ნარჩენების ღია წვასთან დაკავშირებით, ინტერსექტორალური სემინარი ყველა დაინტერესებული პირისათვის და სხვა.

"ეს არის მოკლე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ინფორმირებულობის გაზრდას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თუმცა აქცენტი მაინც გაკეთდა ჰაერის დაბინძურებაზე, რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას, რა შეიძლება ინდივიდუალურად გაკეთდეს, რომ შევცვალოთ რეალობა, რა შეიძლება გამოვნახოთ იმისთვის, რომ არ დავწვათ ნარჩენები ყოველდღიურად ჩვენს ეზოში და ამით, საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენს ჯანმრთელობას", - აღნიშნა მარინა ბენდელიანმა, "გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრის" წარმომადგენელმა.

კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული და "ქალთა ოთახის" მენეჯერი ნინო გვაგვალია ამბობს, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით, ეს სასარგებლო პროცესი იყო.

"გამოცხადებულ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და ძალიან გვიხარია, რომ ჟიურის მოწონება დაიმსახურა. კონკრეტულ ვიდეოში გადაღებული იყო, საგანმანათლებლო მიმართულება, თუ როგორ შეიძლება გასუფთავდეს ეზო, თუ როგორ შეიძლება დამუშავდეს ფოთლები, ვთქვათ ღია წვა არ მოხდეს მისი ეზოში, თუ როგორ აზიანებს ბავშვებს და ზოგადად, მოსახლეობას. ნარჩენების წვისგან მიღებული ზიანი რამდენად მნიშვნელოვანია და გვიხარია კიდევ ერთხელ, რომ გავიმარჯვეთ და ვისურვებდით, მსგავსი პროექტები ძალიან ხშირი იყოს ჩვენს რეგიონში", - თქვა გვაგვალიამ.

პროექტის პარტნიორია ააიპ. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის და ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, #EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.
Print