სარეკლამო მასალა
ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებთან ერთად აუტიზმის დღე აღნიშნა (ფოტო/ვიდეო)
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა. ზღაპრის გმირებმა ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა ჩაატარეს.

"ჩვენი ორგანიზაცია უერთდება ამ დღეს. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ურთიერთობის ჩამოყალიბება საჭიროებს გაცნობას, ამ გაცნობის პროცესში მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია მივაწვდინოთ საზოგადოებას, რომ საზოგადოებამ ისწავლოს ამ ადამიანების მიღება და პატივისცემა. ყურადღება გაამახვილონ არა მათ დეფიციტსა და სისუსტეებზე, არამედ ძლიერ მხარეებზე",- აღნიშნა ცენტრის დამფუძნებელმა მაკა დგებუაძემ.
როგორც "გზამკვლევში" აღნიშნავენ, დღევანელი დღის მიზანიც სწორედ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებაა აუტიზმთან დაკავშირებით.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენთვის, მშობლებისთვის და ცენტრის დამფუძნებლებისთვის, რომ მეტი ვისაუბროთ აუტიზმზე და ცნობიერებას მეტად შევუწყოთ ხელი. ვხედავთ, რომ სტატისტიკა მზარდია აუტიზმთან მიმართებით და ცნობიერების კამპანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია", - აღნიშნა "გზამკვლევის" თანადამფუძნებელმა ნათია სახოკიამ.

როგორც ქცევითმა თერაპევტმა ელენე აბაიშვილმა განმარტა, სპეციალისტები ცენტრში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს ბარიერების გადალახვაში მაქსიმალურად ეხმარებიან.
"ჩვენ მუდამ ვცდილობთ ჩვენს ბავშვებს დავეხმაროთ ყველანაირი ბარიერების გადალახვაში. ვისურვებდით, საზოგადოების მხრიდან უფრო მეტ მხარდაჭერას და პატივისცემას თითოეული ბავშვის მიმართ. ერთად დავამარცხოთ სტერეოტიპები", - თქვა თერაპევტმა.

დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება აღინიშნება. ეს თარიღი გაეროს გენერალური ასამბლეის 2007 წლის პირველი ნოემბრის რეზოლუციით დაწესდა.

დოკუმენტში ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აუტისტი ადამიანებისთვის ფუნდამენტური უფლებისა და თავისუფლების რეალიზაციის, ხელშეწყობის შესაძლებლობა.

ამ დღესთან დაკავშირებით, გაეროს წლევანდელი სლოგანია "აუტიზმის შესახებ ხმების გაძლიერება", მათი გზავნილი კი არის "ცნობიერება, მიმღებლობა, დაფასება - გზა გადარჩენიდან წარმატებისკენ". ამით ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა აუტისტი პირების მხარდაჭერისა და მათი ხმის გაძლიერების მნიშვნელობას.









Print