აფხაზეთის მთავრობა საქართველოში კომპანია "მაკდონალდსის" ოფიციალურ წარმომადგენლობას საპროტესტო წერილით მიმართავს.
დოკუმენტში აფხაზეთის მთავრობა კომპანიის მხრიდან მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნად, მოხსენებას აპროტესტებს და შეცდომის გამოსწორებას ითხოვს.
კომპანიის ინტერნეტ-გვერდზე, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში "მაკდონალდსის" ბიზნესზეა საუბარი, მითითებულია აფხაზეთიც.
როგორც ვებ–გვერდზეა აღნიშნული, მომავალში შესაძლოა გარკეულ ბაზრებს "მაკდონალდსმა" დამოუკიდებელი წარმომადგენლობის უფლება მისცეს, მათ შორის აფხაზეთსაც.
ცნობისთვის, McDonald's-ის ოფიციალურ გვერდზე, აფხაზეთში, McDonald's-ის შესვლის სურვილის შესახებ განცხადება დღეს აღარ დევს. ინფორმაცია აფხაზეთში McDonald's-ის შესვლის სურვილის შესახებ McDonald's-ის ოფიაციალურ ვებგვერდზე www.aboutmcdonalds.com-ზე, საერთაშორისო ფრანჩაიზინგის განყოფილებაში იყო განთავსებული.
აღნიშნულ ვებგვერდზე აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყანად იყო აღნიშნული და ამ "ქვეყნის" ბაზარზე შესვლის სურვილი იყო გამოთქმული, რისთვისაც კონკურსი გამოაცხადა ადგილობრივი წარმომადგენლის მოსაძებნად.
McDonald's-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კომპანია აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, რაც ძალიან კარგად მუშაობს როგორც მეწილეების, ისე დასაქმებულებისთვის. ამიტომ კომპანია ეძებს ფრანჩაიზინგის შესაძლებლობებს ისეთ ბაზრებზეც, სადაც ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი და მათ შორის, აფხაზეთშიც.
ამისთვის, კომპანია კონკურსს აცხადებდა აფხაზეთში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისთვის ან ინდივიდებისთვის, ვისაც შეეძლება სათანადოდ წარმოადგინოს ბრენდი აფხაზეთში.
მასალის გამოყენების პირობები