
დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, თუ საქართველო აფხაზეთს არ აღიარებს, ეს მათთვის „თავის ტკივილი ნამდვილად არ არის“. მისივე თქმით, არაერთი სახელმწიფო ფუნქციონირებს დღეს აღიარების გარეშე.
„ამაში საშიშს ვერაფერს ვხედავ. ამჟამად საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ ჟენევის ფორმატში მიმდინარეობს, თუმცა მისი გაფართოებისათვის აუცილებელია საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს და ხელი მოაწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. აი, ამის შემდეგ ორმხრივი დიალოგი უკვე შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ „გაზეტა რუ-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
რაც შეეხება დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ინტეგრირების პროცესს აფხაზურ საზოგადოებაში, მან განმარტა, რომ პირველ რიგში წესრიგის დაცვა უნდა უზრუნველყონ და სოციალური განვითარების საფუძვლები შექმნან.
„დავეხმარებით მიიღონ აფხაზეთის მოქალაქეობა ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და არა ისე, როგორც ადრე კეთდებოდა - პასპორტები მოქალაქეობის კანონის დარღვევით რომ გაიცემოდა. თუ ვინმეს აფხაზეთის მოქალაქეობა სურს, ამისათვის ყველა პროცედურა უნდა გაიაროს“, - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატმა.
ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, საამისოდ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას მოუწევს თუ არა აფხაზური ენის სწავლა, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა:
„ნუ გადავიტანთ აქცენტს აფხაზური ენის სწავლაზე, მით უფრო, რომ ძირითადად ეს ის ხალხია, რომლებიც თავის დროზე აფხაზობიდან ქართველობაზე გადაეწერნენ, მათგან ბევრმა აფხაზური ენა უკვე იცის. მათ ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლებას არავინ უკრძალავთ,რაც შეეხება სწავლების პროგრამას, ის აფხაზური უნდა იყოს და არა ქართული".
მასალის გამოყენების პირობები