პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ.
საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალს ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რიგითი მოქალაქეები გვირგვინებით ამკობენ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა აფხაზურმა გვარდიამ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, აფხაზურმა გვარდიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება "საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს" ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს.
ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.
აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
მასალის გამოყენების პირობები